კოლხეთი-ტორპედო 1:1 - ფოთელებმა ლიდერი შეაჩერეს და ბოლოზე დაეშვნენ

AutoSharing Option
მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა, თუმცა დაძაბულობა პირველიდან ბოლო წუთამდე არ აკლდა.

ჩემპიონატის თანალიდერი ქუთათურები აუტსაიდერ მეტოქესთან, ალბათ, ზედმეტად თვითდაჯერებულები გამოვიდნენ და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც - ვერ ვიტყვით, რომ "ტორპედომ" მეტოქე არ დააფასა, რამეთუ თუნდაც აუტსაიდერი "კოლხეთი" საკუთარ "ფაზისზე" მუდამ კერკეტი კაკალია, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქეს გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს, ვიდრე ამას სტუმრები ელოდნენ.

მეტიც, იღბალი რომ დავით მახარაძის გუნდის მხარეს ყოფილიყო, ან თუნდაც კოლხთა გამოცდილ მცველს მიუტევებელი შეცდომა არ დაეშვა,
არავინ იცის, მოახერხებდნენ თუ არა სტუმრები ქულის მოპოვებას.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ტორპედომ" მეტოქეზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. პირიქით, უმეტეს დროს ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა და მეტოქე ფიზიკურადაც დაჩაგრა, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ამით ასე მნიშვნელოვანი და ალბათ, დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.

პირველი რეალური ხიფათი ფოთელებმა შექმნეს, როცა კარგი კონტრშეტევა მეტად აქტიური ილია პავლიაშვილის მონაწილეობით თემურ ფარულავას დარტყმით დასრულდა - ომარ მიგინეიშვილმა ბურთს ხელი კი გაჰკრა, მაგრამ საბოლოოდ ქუთათურები ხარიხამ გადაარჩინა.

იქვე სტუმრებმა მეტოქეს კარგი კონტრშეტევით უპასუხეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ ევარგათ, ანგარიშსაც გახსნიდნენ - მათი შეყოვნება კოლხი მცველებისთვის ვითარების განსამუხტად საკმარისი გამოდგა.

ამას ისევ კოლხების ხიფათი მოჰყვა, როცა პავლიაშვილს დამაგვირგვინებელ ფაზაში მიზანმა უმტყუნა. თუმცა ფოთელებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს და ეს მცველების დამსახურებით მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ კოლხი უკანახაზელები თამამად მიდიოდნენ შეტევაში.

მე-20 წუთზე ჯემალ გაბუნიამ მარცხნიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა. გამოსვლაზე მეკარე შეცდა (მიგინეიშვილს ამაში, სავარაუდოდ, მეტოქესთან ერთად თანაგუნდელიც "დაეხმარა") და დაუცველ კართან ეულად დარჩენილ პაატა ცხვიტარიას არგატანის "შანსიც" არ ჰქონდა, 1:0.

გოლის ავტორი მატჩის გმირი შესაძლოა გამხდარიყო, მაგრამ ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ანტიგმირად იქცა - საჯარიმოში თავით თამაშისას მიუტევებელი შეცდომა მოუვიდა და ჩინებულ პოზიციაში აღმოჩენილ გიორგი დათუნაიშვილს ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია, 1:1.

იმერლებს მანამდეც ჰქონდათ შანსი - ჯერ ვალერი ბოლქვაძის ჩაწოდებულზე ზაზა ჭელიძე თავით ურტყამდა და მიწაზე დავარდნილი ბურთი ხარიხას გადაევლო, ხოლო შემდეგ უკვე ელგუჯა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმა არდალიონ მიქაბერიძემ ჩინებულ ნახტომში მოიგერია.

მას შემდეგ კი, რაც იმერლებმა გაათანაბრეს, ფოთელები აირივნენ და კინაღამ მეორეც გაუშვეს - პირველ შემთხვევაში, კოლხთა დიდი პროტესტის მიუხედავად, თანამსაჯმა თამაშგარე არ დააფიქსირა, თუმცა "ტორპედომ" შანსი ვერ გამოიყენა. ხოლო იქვე უკვე ქუთათურებს მოეჩვენათ საეჭვოდ მეკარესთან მორიგ ერთი-ერთზე გასვლისას ლაინსმენის მიერ წამოწეული ალამი.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნახევარდაცვის გასაძლიერებლად დავით მახარაძემ თორნიკე მოსიაშვილი შეუშვა. კოლხთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის შენარჩუნება ისე მოახერხეს, რომ არც შეტევაზე უთქვამთ უარი.

გია გეგუჩაძემაც
ჯერ ბოლო თამაშებში გოლგამტანი ნიკა საბანაძე ჩართო, შემდეგ კი გრიგოლ დოლიძე და სულ ბოლოს გიორგი ფანცულაიაც. ტერიტორიული უპირატესობაც გაზარდეს, მაგრამ 3 ქულის მომტანი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

თუმცაღა 88-ე წუთზე დოლიძემ კი გაიტანა, მაგრამ ლაინსმენს თამაშგარეს მაუწყებელი ალამი გოლამდე ჰქონდა წამოწეული, რის გამოც ქუთათურთა რისხვაც დაიმსახურა.

მანამდე ერთადერთი რეალური ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა გიორგი კილასონიას ჩაწოდებულზე დაცვა შეცდა, მაგრამ შალვა კვანტალიანმა შანსი ვერ გამოიყენა და მიგინეიშვილს აღება არ გასჭირვებია.

სულ ბოლო წამებზე, პირველი გოლის მსგავსად, ისევ გაბუნია აწვდიდა შორეულ ძელთან და ისევ არადამაჯერებელი იყო მიგინეიშვილი, თუმცა გიორგი ვადაჭკორიამ ამაში დამნაშავედ კოლხი ფორვარდები მიიჩნია.

საბოლოოდ, ფრე 1:1. ფოთელებმა მეტოქეს ქულები კი დააკარგვინეს, მაგრამ ამ შედეგით თავად ბოლო ადგილზე დაეშვნენ, ხოლო ქუთაისელები თანალიდერებად მაინც დარჩნენ - მათ მხოლოდ მოგებათა სერია და ერთპიროვნულად პირველობა ჩაუშალეს.

მატჩის შემდეგ:
დავით მახარაძე ("კოლხეთი"): "სამწუხაროდ, სატურნირო მდგომარეობა მძიმე წნეხის ქვეშ გვაყენებს და ამიტომაც ლიდერებთან ფრე ფსიქოლოგიური კუთხითაც წაგვადგება.

დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გვიფიქრია და რომ მოგვეგო, გასაკვირი ესეც არ იქნებოდა".


გია გეგუჩაძე ("ტორპედო"): "დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ. მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ, უბრალოდ, დღეს ხშირი იყო გაჩერებები, რის გამოც თამაშის დინამიკა ირღვეოდა, რამაც შეხვედრაზე გავლენა მოახდინა".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
25.09.2012. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 1:1
1:0 ცხვიტარია (9. გაბუნიას პასით), 1:1 გ. დათუნაიშვილი (44)

კოლხეთი ტორპედო
4-1-3-1-1 4-1-4-1
ა. მიქაბერიძე მიგინეიშვილი
გ. კილასონია რიგვავა
ცხვიტარია კვახაძე
ფარულავა ზ. ჭელიძე
გაბუნია გ. გურული
გოგონაია გ. დათუნაიშვილი
ცხადაია კუხიანიძე
ქებაძე ვ. ბოლქვაძე
პ. დათუნაიშვილი ფირცხალავა
პავლიაშვილი ე. გრიგალაშვილი
კვანტალიანი ბერიაშვილი

მწვრთნელები:
დ. მახარაძე გ. გეგუჩაძე

კოლხეთი
46. ცხადაია - მოსიაშვილი
83. პავლიაშვილი - კობერიძე
90+1. კვანტალიანი - ზ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ხარშილაძე, ქორჩილავა, აფხაზავა, ღუჭაშვილი

ტორპედო
46. ფირცხალავა - საბანაძე
73. ვ. ბოლქვაძე - დოლიძე
81. ბერიაშვილი - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, შერგელაშვილი, გიგაური, ტუღუში

გაფრთხილება: ცხვიტარია (57), მიგინეიშვილი (68), პავლიაშვილი (72), მიქაბერიძე (84)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული