ტორპედო-დილა 0:1 - გორელებმა არც ლიდერი დაინდეს

AutoSharing Option
ქუთაისში ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისის "ტორპედო" აღმავლობის გზაზე მყოფ "დილას" დაუპირისპირდა.

გუნდს, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ჩემპიონატის სამი ფავორიტი გუნდი "დინამო", "ზესტაფონი" და "მეტალურგი" დაამარცხა და რიონისპირა ქალაქს ამაღლებულ განწყობაზე ესტუმრა.

თამაშის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტორპედოელები (რომლებმმაც გასულ სეზონში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს) ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.

შეხვედრა მასპინძლების ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ქუთათურები ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც მათი ყველაზე აქტიური ფეხბურთელები ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი გურული მოქმედებდნენ. საწყის წუთებში ქუთაისელთა ყველაზე დასამახსოვრებელი
ეპიზოდები სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა.

გურულის ფლანგურ ჩაწოდების შემდეგ გორელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, მაგრამ ქუთაისელი შემტევები შექმნილ ვითარებაში ვერ გაერკვნენ და სტუმრებმა ხიფათი განმუხტეს. გრიგალაშვილის ყუმბარისებური დარტყმა კი სულ ოდნავ გადასცდა ხარიხას, თორემ მარიან სკენდერის თავგანწირული ნახტომი ფუჭი იქნებოდა.

თავის მხრივ გორელებსაც ჰქონდათ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში გოგიტა გოგუამ საჯარიმოს გარედან დაბალი ტრაექტორიით მეკარესთვის უხერხულად დაარტყა, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო.

ამის შემდეგ სანდრო გურულმა გიორგი კახელიშვილი დატოვა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ დატყმა სუსტი გამოდგა და ბურთს ქუთაისელთა მეკარე დაეუფლა.

ტაიმის შუაწელიდან ქუთაისელებმა შეტევები გაამწვევეს, ამჯერად მათი იერიშები მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, აქტიური იყო გიორგი ბერიაშვილიც, თუმცა სტუმართა მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცემიათ.

სტუმრები სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მიგინეიშვილის კართან მიახლოებას, ორჯერ კახელიშვილმა გაამწვავა მდგომარეობა, შემდეგ გოგუამაც დაარტყა სახიფათოდ, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანის რეალური შანსი გორელებსაც არ მისცემიათ.

გიორგი დარასელიამ შესვენების შემდეგ თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად კახელიშვილის ნაცვლად მოედანზე რომან ახალკაცი გამოიყვანა. ისრაელში წლების განმავლობაში გამობრძმედილ სპეციალისტს ცვლილებამ გაუმართლა. 59-ე წუთზე გორელთა იშვიათი შეტევა გოლით დაგვირგვინდა.

გოგიტა გოგუამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის ბაქანთან გააკეთა გადაცემა, სადაც რომან ახალკაცმა დასწრებაზე ითამაშა და მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა.

არადა, გოლამდე ინიციატივას ქუთათურები ფლობდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილის ვარდნაში განხორციელებული ეფექტური დარტყმა იყო, რის შემდეგაც ბურთს გიორგი შაშიაშვილი გადაეღობა. ტორპედოელები შეტევებს განაგრძობდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

გოლის შემდეგ მასპინძლები შოკიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდნენ, "დილა" კი ბურთს აკონტროლებდა და ქუთაისელებს შეტევების განხორციელების საშუალებას არ ეძლეოდა.

შეცვლაზე შემოსულმა ვალერი ბოლქვაძემ და გიორგი ფანცულაიამ რიონისპირელთა შეტევებს ახალი ენერგია შესძინეს, მაგრამ გორელი მცველები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. საჯარიმოში შეღწევა რომ ვერ მოახერხეს, მასპინძლებმა შორეული დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა. საჯარიმოს გარედან ლექსო კვახაძის უძლიერესი დარტყმა სკენდერმა მოიგერია.

შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. შოთა კაშიას ძლიერი დარტყმა მიგინეიშვილმა ნახტომში მოიგერია.

ქუთაისლებს უკანასკნელ წუთზე ქულის გადარჩენის შესანიშნავი შანსი მიეცათ, გრიგალაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ სამიოდე მეტრიდან მაინდამაინც სკენდერს დაუმიზნა.

"ტორპედომ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საშინაო მარცხი იწვნია. "დილამ" კი მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას დანიშვნის შემდეგ ზედიზედ მეოთხე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა.

მატჩის შემდეგ
გიორგი დარასელია (დილა): "ვიცოდით, რომ ქუთაისში რთული მატჩი გველოდა და სათანადოდ მოვემზადეთ. ფეხბურთელებს თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ბევრი საგოლე შანსი არ მოგვეცემოდა და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა. როგორც გვქონდა ჩაფიქრებული ისე გამოვიდა, გოლი გავიტანეთ და შემდეგ თავიც კარგად დავიცავით".

გია გეგუჩაძე (ტორპედო): "რთული მატჩი იყო, ფეხბურთელებმა ცდა არ დააკლეს, მომენტებიც გვქონდა და წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
30.09. ქუთაისი. ცენტრალური. 3000. მაყურებელი
ტორპედო-დილა 0:1
გოლი: 0:1 ახალკაცი (59.გოგუას პასით)

ტორპედო დილა
4-4-2 4-1-4-1
მიგინეიშვილი სკენდერი
რიგვავა შაშიაშვილი
კვახაძე თომაშვილი
ზ. ჭელიძე გ. ონიანი
გ. გურული კვირკველია
დოლიძე ბეჭვაია
გიგაური კახელიშვილი
კუხიანიძე არზიანი
ე. გრიგალაშვილი გოგუა
ბერიაშვილი კლიმიაშვილი
საბანაძე ს. გურული

მწვრთნელები:

გ. გეგუჩაძე გ. დარასელია

ტორპედო
64. კუხიანიძე - ვ. ბოლქვაძე
67. დოლიძე - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილიათაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი ფირცხალავა, ტუღუში

დილა
46. კახელიშვილი - ახალკაცი
58. გურული - კაშია
75. არზიანი - ხოჯავა
სათადარიგოები: შეყრილაძე, გორელიშვილი, ჯიშკარიანი

გაფრთხილება: გოგუა (29), გრიგალაშვილი (55), კლიმიაშვილი (76), საბანაძე (80)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

სხვა მატჩები
დინამო-სიონი 7:2 - დინამიური დარბევა...
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2 - ვეტერინარებს მონდომება დაუფასდათ
ზესტაფონი-ჩიხურა 0:0 - უგოლო და უინტერესო დერბი
მერანი-ზუგდიდი 1:2 - დერბი და ლომიები
დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1 - "ჩელე-არენაზე" ბათუმელებს არ ასამართლებენ...

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1. დინამო (თბ) 8 6 1 1 24-6 19
2. ტორპედო 8 5 1 2 18-6 16
3. ჩიხურა 8 4 2 2 10-8 14
4. დილა 8 4 1 3 11-7
13
5. ზუგდიდი 8 3 4 1 9-5 13
6. მეტალურგი 8 4 0 4 6-11 12
7. ზესტაფონი 8 3 2 3 8-6 11
8. მერანი 8 3 0 5 5-14 9
9. დინამო (ბთ) 8 2 2 4 10-15 8
10. ვიტ ჯორჯია 8 2 2 4 6-11 8
11. სიონი 8 1 4 3 9-15 7
12. კოლხეთი 8 0 3 5 4-16 3

ბომბარდირები:
ჯორბენაძე (დინამო ბათუმი) 6
დვალი (დინამო) 6
ჯიქია (სიონი) 5
ჩისკო (დინამო თბილისი) 4
ალვარო (დინამო თბილისი) 4
მერებაშვილი (დინამო თბილისი) 4

IX ტური
6 ოქტომბერი
კოლხეთი-მერანი
ზუგდიდი-დინამო (თბილისი)

7 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბათუმი)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო
ჩიხურა-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
#cacacb
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული