კოლხეთი-მერანი 0:1 - საბა ლომია ისევ ლომია!

AutoSharing Option
მატჩს მასპინძლები მნიშვნელოვანი დანაკლისითა (ტრავმისა და ყვითლების გამო ლაშა ქებაძე, ილია პავლიაშვილი და პაატა ცხვიტარია მოისაკლისეს) და მოგების გარეშე შეხვდნენ და უდავოა, ნავსის გატეხვას ბოლო დროს არცთუ წარმატებულად მოასპარეზე თანაკუთხელთან გეგმავდნენ.

თავის მხრივ, მარტვილელებიც რომ მოგებაზე იფიქრებდნენ აუტსაიდერთან, ეს თავიდანვე გამოჩნდა.

პირველი ხიფათები მასპინძლებმა შექმნეს - ჯერ კოლხთაგან გამორჩეულ გიორგი ცხადაიას გადაცემას თავით ომარ გოგონაია გამოეხმაურა, მაგრამ ჯონი შეროზიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და თავისიანები გადაარჩინა; შემდეგ კი მარტვილელთა მეკარემ თავური რამდენიმეტურიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩენილ გიორგი კრასოვსკის აუღო.

თითქოს არაფერი
ემუქრებოდათ მასპინძლებს, მაგრამ "ტრადიციულად", "კოლხეთის" დაცვა ჩავარდა. ეს ტაიმის შუაწელში მოხდა - მცველების შეცდომის შემდეგ ბურთი ლაშა კუჭუხიძემ მოიპოვა და საჯარიმოში შეჭრილ პაპუნა ფონიავას უპასა. მას ბურთი აეჭრა და გაცილებით უკეთეს პოზიციაში მიუვიდა საბა ლომიას - "მერანის" მარჯვენაფლანგელმა წინა ტურის მსგავსად გამოიჩინა თავი, 1:0.

ამის მიუხედავად, "კოლხეთი" არ გატყდა და უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ იმდენი წუნი იყო გადაცემებში, რომ საქმე ხიფათამდე ვერ მიდიოდა.

თავის მხრივ, მწვავედ იჩხვლიტებოდნენ სტუმრები და ამას უმეტესად გოლის ავტორის ხარჯზე აკეთებდნენ - ერთ ეპიზოდში ლომიამ ლაშა კუჭუხიძეს ჩინებული გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ფორვარდმა შანსი ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლო წამებზე კი ისევ ლომია აქტიურობდა, როცა მასპინძლები თამაშგარეს ითხოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეპიზოდი არდალიონ მიქაბერიძემ განმუხტა.

ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს დავით მახარაძემ იძულებითი შეცვლა გააკეთა და უნდა ითქვას, თორნიკე მოსიაშვილის გამოსვლამ "კოლხეთი" გამოაცოცხლა და გუნდმა თამაშიც დაალაგა.

49-ე წუთზე სწორედ მის მიერ დაწყებული კომბინაცია გიორგი კილასონიამ საჯარიმოში ჩაჰკიდა. ყველას მიხეილ კობერიძემ აჯობა და ბურთი მეკარის ბაქნისკენ გაგზავნა, სადაც შეროზია შეცდა, მაგრამ კოლხთაგან დაუცველ კარში გამტანი არავინ აღმოჩნდა.

მალევე "კოლხეთი" გადარჩა, როცა ლომია მიქაბერიძეს ერთი-ერთზე შეეყარა და მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. ანალოგიურად პირისპირ გოლის ავტორი მეკარესთან ბოლო წუთებზეც გავიდა, როცა მიქაბერიძე მას საჯარიმოს გარეთ შეხვდა, ლომიამ კი დაასწრო, მაგრამ საჯარიმოსთან იგი ყვითელი ბარათის ხარჯზე შეაჩერეს.

თამაშის გადარჩენის ორი შანსი მიეცათ ფოთელებს - ჯერ კრასოვსკის ჩინებული დარტყმული შეროზიამ გაჭირვებით მოიგერია, ხოლო ბოლო წამებზე საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერც ერთმა კოლხმა ვერ ისარგებლა და მარტვილელთა მეკარე ტრავმის ხარჯზე ბურთს ვარდნაში დაეუფლა.

მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადის შეყვანა გახდა საჭირო, მაგრამ შეროზიამ მატჩის გაგრძელება მოახერხა და ათიოდ წამში საფინალო სასტვენიც გაისმა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
06.10. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-მერანი 0:1
გოლი: 0:1 ს. ლომია (23. ფონიავას პასით)

კოლხეთი (4-1-3-1-1) მერანი (4-1-4-1)
ა. მიქაბერიძე შეროზია
გ. კილასონია ქარქუზაშვილი
ზ. ჩხეტიანი იობაშვილი
ფარულავა გ. ჟვანია
გაბუნია მჭედლიშვილი
გოგონაია დიდავა
აფხაზავა ს. ლომია
ცხადაია ფონიავა
პ. დათუნაიშვილი ამბროლაძე
კრასოვსკი ტორონჯაძე
კვანტალიანი კუჭუხიძე

მწვრთნელები:
დ. მახარაძე მ. ჟვანია

კოლხეთი
43. გოგონაია - მოსიაშვილი
46. აფხაზავა - კობერიძე
78. ცხადაია - ხომასურიძე
სათადარიგოები: ხარშილაძე, ქორჩილავა, წაბრია, ღუჭაშვილი

მერანი
68. ტორონჯაძე - მელიავა
75. კუჭუხიძე - ნ. ნოზაძე
90. ამბროლაძე - ბუკია
სათადარიგოები: ბერია, გეგეჭკორი, კიკალიშვილი, მონიავა

გაფრთხილება:
კილასონია (41), კვანტალიანი (45), კუჭუხიძე (49), ქარქუზაშვილი (55), კობერიძე (86), ფონიავა (89).

არბიტრი: გ. დოგრაშვილი (ქუთაისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული