წინა ტურში "ტორპედომ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, საჩხერის "ჩიხურა" ლამაზ სტილში დაამარცხა და ლიდერთა შორის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
იმერული დერბის შემდეგ სამი ტორპედოელი (გიორგი ბერიაშვილი, ნიკა საბანაძე, ლექსო კვახაძე) და გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე "ლელოს" ვერსიით X ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ... გია გეგუჩაძესთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ჩემთვის დიდი პატივია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა. მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს დაფასებისთვის.
ფეხბურთელებისთვისაც სტიმულია, როცა მათ
"ვიტ ჯორჯიასა" და "ჩიხურასთან" საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დამაჯერებლადაც მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ, გუნდის თამაშის ხარისხი უმჯობესდება, შედეგიც არ არის ცუდი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და ფეხბურთელებისგან კიდევ უფრო მეტს მოვითხოვთ.
- სეზონის დაწყებამდე გადახალისებული "ტორპედოს" მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი შეიმჩნეოდა, მაგრამ ახლა მეორე ადგილზე იმყოფებით, რაც "ტორპედოს" ბევრი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა...
- შედეგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე პირადად წინა პლანზე გუნდის ჩამოყალიბების პროცესს ვაყენებ.
ჩვენთან თავი მოიყარეს საკმაოდ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა და ამავდროულად, გამოცდილმა ფეხბურთელებმა.
მათი შერწყმა და გუნდის ჩამოყალიბება არ არის ორდღიანი პროცესი. გუნდის შენებას დრო უნდა. კი გვაქვს დღეს შედეგი, მეორე ადგილზე ვართ და ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ გვსურს, რომ სტაბილურობითა და უკეთესი ხარისხის ფეხბურთით მივაღწიოთ უფრო მაღალ შედეგებს.
- გასულ წელთან შედარებით, "ტორპედოს" პროგრესი აშკარაა, გუნდი უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს...
- სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ ჩემი გუნდის პირველი კრიტიკოსი მე ვარ. ვხედავ, რომ ჯერჯერობით ისე არ არის გუნდი აწყობილი, როგორც უნდა იყოს და მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს.
არ ვაპირებ ფეხბურთელების კრიტიკას და მათი დამსახურების დაკნინებას. ვერ ვიტყვი, რომ მონდომება და თავდადება აკლიათ; პირიქით, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებიან და თავადაც ცდილობენ, რომ მეტად გაიზარდნონ.
საქმისადმი მათი დამოკიდებულება ძალიან მახარებს და მჯერა, რომ უკეთესი ფეხბურთის თამაშს შეძლებენ.
- გასულ სეზონში "ტორპედოს" თავდასხმაში ძალიან უჭირდა. წლეულს ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდა, გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, გოლებიც გააქვს, მაგრამ გასულ ტურში "ჩიხურასთან" ტორპედოელებმა იმდენი საგოლე მომენტი გაანიავეს, ერთად აღებული სამ მატჩში ეყოფოდათ...
- ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის. ყველა მომენტს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ამდენი საგოლე ეპიზოდის გაცუდებაც არ შეიძლება. კარგია, რომ საგოლე მომენტებს მრავლად ვქმნით. ახლა რეალიზაციის მაჩვენებლის გაზრდაზეც უნდა ვიზრუნოთ.
- ამ თვეში "სიონთან" და "ზუგდიდთან" ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრა გაქვთ. როგორ შეხვედრებს ელით ამ გუნდებთან?
- საკმაოდ რთული თამაშები გველის. ბოლნისელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ჩვენს წინააღმდეგ ზედმეტი წნეხის გარეშე ითამაშებენ.
ბუნებრივია, ბოლნისში სამ ქულას ვგეგმავთ და ამ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩემი აზრით, რთული შეხვედრა იქნება და ჩვენს გუნდს მიზნის მისაღწევად დიდი ოფლის ღვრა დასჭირდება.
ანალოგიურს ველით "ზუგდიდთან" შეხვედრაშიც. ორივე ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა მიზანს ისახავს "ტორპედო" მიმდინარე სეზონში და თუ იგეგმება გუნდის გაძლიერება?
- საკმაოდ რთული ჩემპიონატია და ამ ეტაპზე ზედა ექვსეულში მოხვედრას ვისახავთ მიზნად. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, გვსურს გაძლიერებაც, არის გარკვეული პოზიციები, სადაც ფეხბურთელებისგან უფრო მეტს მოვითხოვთ. ესეც რომ არ იყოს, ჩვენი მიზანია, თითოეულ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი გვყავდეს.
გუნდში უნდა იყოს დიდი კონკურენცია, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდასაც ხელს მეტად შეუწყობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"