გორის "დილამ" 20 წლის ბრაზილიელი შემტევი ლეონარდო წარადგინა

AutoSharing Option
გორის "დილამ" კიდევ ერთ ბრაზილიელ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. 20 წლის ნახევარმცველი რამოს დოს სანტოს ლეონარდო შიდა ქართლის კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, შემდეგ კი, მხარეების სურვილის შემთხვევაში, "დილას" კონტრაქტის გახანგრძლივების უფლება გააჩნია.

დოს სანტოსი კლუბმა მედიას 30 ოქტომბერს საგურამოში, "ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზაზე წარუდგინა. დოს სანტოსს "დილაში" 80-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"ბელორუსში მეორე თავდამსხმელი ვიყავი და იმედია, გორის "დილასაც" ამ პოზიციაზე გამოვადგები. აქაური პირობები, გარემო და გუნდელები მომეწონა. ჩემს მეგობარ ჟუნიორს კარგი დებიუტი ჰქონდა და იმედია, მეც ასე მოვახერხებ თავის გამოჩენას", -
თქვა დოს სანტოსმა.

ზურაბ დალაქიშვილი (კლუბის დირექტორი):
"ბრაზილიელი ფეხბურთელი "დილას" მორიგი შენაძენია. დოს სანტოსი თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის ბოლომდე შემოგვიერთდა და 30 მაისამდე დაგვეხმარება.

ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება ხარისხიანი ლეგიონერები, რადგან ძლიერი გუნდები ეროვნული ჩემპიონატისა და ჩვენი ფეხბურთის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს".

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვიდა, მაგრამ "დილაში" მის ჩარიცხვას ფორმალური მხარის მოგვარება აბრკოლებდა - საჩემპიონატო განაცხადში შესაყვანად დოს სანტოსი ფიფადან ნებართვას ელოდა.

მან კარგად იცის რუსული, რადგან ბოლოს მინსკის "დინამოში" თამაშობდა და ინტერვიუებსაც უპრობლემოდ იძლეოდა. ის ორინსიუს "ატლეტიკოს" საფეხბურთო სკოლის გაზრდილია, "მარილიას" ახალგაზრდულ კლუბში სან პაულუს შტატის ჩემპიონატში თამაშობდა.

პროფესიონალური კარიერა ორინსიუს "ატლეტიკოში" დაიწყო, საიდანაც 2010 წელს მინსკის "დინამოში" ბრაზილიაში მოღვაწე ქართველი სპეციალისტის, გოჩა ალადაშვილის რეკომენდაციით მოხვდა. მაშინ ალადაშვილმა რუსთავის "ოლიმპში" ჩაშლილი ბრაზილიური პროექტი მინსკის "დინამოში" განახორციელა.

დოს სანტოსი ბელორუსის ყველაზე ტრადიციულ კლუბში 2 წელი თამაშობდა, 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა (იხილეთ ვიდეო).

წლეულს მინსკის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ პროტასოვმა აითვალწუნა და იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა.

4 ივლისს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილები ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს 31 ოქტომბერს მცხეთაში, თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან" გამართავენ. სავარაუდოდ, ლეონარდოს დებიუტი სწორედ ვეტერინარებთან შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული