მეტოქისგან განსხვავებით, ამაღლებული განწყობით ესტუმრნენ "ჩელე-არენას" ზუგდიდელები ქუთათურებთან შემოტრიალებული თამაშის გამო.
შეხვედრაც მათი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ტაიმის ნახევარი ისე მიიწურა, ხეირიანი ხიფათი არცერთ კართან შექმნილა. ზედ ტაიმის შუაში კი ისეთი ფაქტი მოხდა, თამაშზე დიდი გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.
პრინციპში, მოახდინა კიდეც, ოღონდ საწინააღმდეგო კუთხით.
23-ე წუთი მიდიოდა, როცა ზუგდიდელთა შეტევისას მასპინძელთა მეკარემ ბურთის ხელში შემაგრება ვერ მოახერხა, რითაც შანსი
ძალისმიერ ორთაბრძოლას ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა - არსენ ნონიკაშვილმა მოთავეები გააფრთხილა, რაც ქობალიამ გინებით გააპროტესტა (სავარაუდოდ, ის 11-მეტრიანსაც ითხოვდა) და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა.
თითქოს ამით ბათუმელებს უპირატესობა უნდა მისცემოდათ, მაგრამ პირიქით, ზუგდიდელები მეტად წააქეზა და არათუ შეინარჩუნეს უპირატესობა, გაზარდეს კიდეც და სულაც ვერ იტყოდი, რომ სტუმარი მოედანზე კაცნაკლული იყო.
ეს უპირატესობა პირველივე ტაიმში შედეგში ვერ ასახეს. ჯერ ალექსანდრე კოშკაძეს ჯარიმიდან გატანა შოთა მამინაშვილმა არ დაანება, ხოლო შემდეგ იმავე კოშკაძის შესრულებული სტანდარტი გოლად კი აქციეს, მაგრამ ოფსაიდში ერთბაშად სტუმართა ორი წინახაზელი აღმოჩნდა.
ამ პერიოდში კი ერთადერთი შანსი მიეცა "დინამოს". ეს ტაიმის მიწურულს იყო, როცა საჯარიმოში "ზუგდიდის" მცველმა ბურთზე ხელი საეჭვოდ "შეათამაშა". ჩვენგან ძნელი სათქმელია, ნამდვილად ითამაშა თუ არა ხელით მობურთალმა; მთავარი ისაა, რომ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მასპინძელი მობურთალების პროტესტი და ქომაგებისგან "საფირმო" - "ზღვაზე მივიღე ზაგარის" არცთუ სასიამოვნო დასასრულის სკანდირება მიიღო.
თამაშის განახლებისთანავე აშკარად გამოჩნდა, რომ "ზუგდიდი" უპირატესობის დათმობას არ აპირებდა, რაც შედეგში მალევე ასახეს - სტუმრებმა 4 წუთში გატანილ ორ გოლს სამ წუთში მესამეც მოაყოლეს.
აქედან გადამწყვეტი გიორგი გაბედავას გოლები გამოდგა - მან ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და არცთუ აუღებელი დაურტყა მამინაშვილს, მაგრამ რატომღაც "დინამოს" კარის დარაჯი მეორე კუთხისკენ ნაადრევად წავიდა და გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
მალევე გაბედავამ შოთა ლომიას პასი შეირგო და თავისიანებს კარგი ფორა მისცა, 2:0.
ამან მასპინძლების უკანა ხაზი მთლიანად მოშალა. მოედნის ცენტრში ბოლომდე იბრძოლა ზვიად სიხარულიამ და კარზე დაგეშილმა უკეთეს სიტუაციაში ალექსანდრე კოშკაძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც არ დააღალატა კაპიტანი, 3:0.
მნიშვნელოვანი უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები არ გაჩერებულან - შეცვლაზე შემოსული ნიკა აფაქიძე ორჯერ ურტყამდა სახიფათოდ და ორივეჯერ მამინაშვილმა იყოჩაღა; გოლის გასატანად დავით გამეზარდაშვილიც დაიძრა, მეკარეს პირისპირაც შეეყარა, მაგრამ დააყოვნა და მცველებმა დაატოვებინეს ბურთი.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მასპინძლებმა თამაში მაშინ გაათანაბრეს, როცა ისინიც კაცნაკლულები დარჩნენ - წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მცველი დაუშავდათ ბათუმელებს: ნიკა ხუხიას ტრავმის გამო ძირითადში დაბრუნებულ ლაშა რამიშვილს ბოლო 20 წუთი არ უთამაშია.
"დინამომ" ხიფათიც შექმნა, მაგრამ ალექსანდრე ბაციკაძეს ლაშა ძაგანიამ არ გაატანინა.
ბოლოსკენ კი შეცვლაზე შესულმა ლევან კუტალიამ ბოლომდე იბრძოლა და საჯარიმოში შეჭრილს ირაკლი კვეკვესკირმა კი დაასწრო, მაგრამ მცველმა კუთხურზე გადაგდების ნაცვლად საკუთარ მეკარეს გაუტანა...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
03.12.2012. ქობულეთი. "ჩელე-არენა". 1000 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 0:4
გოლი: 0:1 გაბედავა (50), 0:2 გაბედავა (54. ლომიას პასით), 0:3 კოშკაძე (57. სიხარულიას პასით), 0:4 კვეკვესკირი (82. საკ. კარში)
დინამო (ბთ) ზუგდიდი
4-1-4-1 4-1-4-1
მამინაშვილი ძაგანია
რამიშვილი ფოფხაძე
ზ. ლობჟანიძე ს. თოდუა
თოთაძე გამეზარდაშვილი
ი. კვეკვესკირი რ. ონიანი
ვარშანიძე ტყემალაძე
ტიმჩიშინი გაბედავა
მახარაძე კოშკაძე
ნასუაშვილი სიხარულია
აჰისსანი შ. ლომია
ჯორბენაძე ქობალია
მწვრთნელები:
გ. გურული ე. ქომეთიანი
დინამო (ბთ)
54. ნასუაშვილი - ბაციკაძე
56. აჰისსანი - ცნობილაძე
60. მახარაძე - თევდორაძე
სათადარიგოები: ტაკიძე, სიჭინავა, ცანავა, ზოიძე
ზუგდიდი
59. კოშკაძე - აფაქიძე
63. ლომია - გუგუჩია
75. გაბედავა - კუტალია
სათადარიგოები: მერლანი, აკობია, კუკავა, დ. ბოლქვაძე
გაფრთხილება: ქობალია (24), თოთაძე (24), სიხარულია (34), გამეზარდაშვილი (55), ლობჟანიძე (58)
გაძევება: ქობალია (24)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"