კვირას ქუთაისში მართლაც ეშხიანი ბურთაობა გაჩაღდა; აი, ისეთი, ორივე გუნდის გულშემატკივართა გარდა, ნეიტრალური ქომაგიც რომ სიამოვნებას მიიღებდა.
"ქართულ კლასიკოში" დაფიქსირებულმა საყაიმო შედეგმა კი ყველაზე მეტად... "დილა" ახეირა - გორელები ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, უდავოდ, გამორჩეულ და საუკეთესო სეზონს ატარებენ და პირველად მიიჩნევიან რომელიმე სინჯის მედლების კი არა, სულაც ჩემპიონობის კანდიდატებად (ისე, როგორც თბილისის "დინამო" და "ტორპედო").
"დილას" ძლევამოსილი და
წესით და რიგით, ჟურნალისტს ამა თუ იმ გუნდის მიმართ მუდამ ნეიტრალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთის" მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ბევრ სხვასაც ექნება.
მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ეს გუნდები პირველი ლიგისთვის არ "გვემეტებიან", მით უფრო, რომ იქიდან "ამოსვლას" წლები მოანდომეს და ახლა ისევ უკან დაბრუნების რეალური საშიშროების წინაშეც დადგნენ...
ბო-დი-ში!..
შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის და ასეა ყველგან, მათ შორის... ჟურნალისტიკაშიც! თანაც, ჩვენს საქმიანობაში დაშვებული ნებისმიერი შეცდომა (თუნდაც, ტექნიკური მიზეზით) მაინც "ყვირის" და ხშირად ისეც ხდება, ამ შეცდომის გამოსასწორებლად... დროც არ რჩება!
აი, ზუსტად ასეთი რამ შეგვემთხვა სულ ახლახან: "ლელოს" შაბათის ნომერში, როცა XIII ტურის წინათქმა შემოგთავაზეთ, ექვსივე შეხვედრის ჩატარების თარიღად 4 ნოემბრის ნაცვლად 3 ნოემბერი გვქონდა მითითებული!
ვერ გამოვიდა კარგი ამბავი, უფრო ზუსტად, უხერხული და უსიამოვნო სიტუაციაც შეიქმნა; ეგ კი არა, როგორც შევიტყვეთ, სწორედ "ლელოზე" დაყრდნობით, რამდენიმე ქალაქში გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა სტადიონს... 3 ნოემბერს მიაშურა.
ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ განწყობაზე დარჩებოდნენ, როცა ცარიელ სტადიონს მიადგებოდნენ და იმასაც შეიტყობდნენ, რომ მატჩები მეორე დღეს, ანუ კვირას, 4 ნოემბერს ტარდებოდა?!.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, ამ მართლაც ტექნიკური შეცდომის გამო გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ...
ჩვენც შეგვძლებია...
ამ ტურამდე მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩად, ჩვენი აზრით, "დინამო"-"ტორპედოს" დაპირისპირება იყო.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ჩატარებულ იმ შეხვედრაში "დინამომ" უაღრესად დრამატულ ბრძოლაში აჯობა თავის პრინციპულ მეტოქეს (3:2). ის მატჩი ბევრი რამითაც იყო დასამახსოვრებელი: მართლაც სარეკორდო რაოდენობის ყვითელ-წითელი ბარათებით (4 გაძევება იყო!), მოედანზე მოვლენების კალეიდოსკოპური ცვლილებით, სტუმართა ფანებისა და მასპინძელთა სათადარიგოთა მეკარეს შორის მომხდარი მართლაც არასასიამოვნო "დიალოგებით" და სხვა.
კარგად გვახსოვს, იმ მატჩის შემდეგ რომ აღვნიშნეთ: "ტორპედო" მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა და რიგ ეპიზოდებში სჯობდა კიდეც მასპინძლებსო.
და აი, მორიგ "ქართულ კლასიკოს" ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა და უნდა ვთქვათ, რომ 18 აგვისტოზე არანაკლებ კი არა, ბევრად უფრო საინტერესო და, რაც მთავარია, ხარისხიანი მატჩი ვიხილეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამოცდილ არბიტრს ლაშა სილაგავას თამაში ნამდვილად არ "გაუფუჭებია" (თუმცა მასპინძლები ერთი-ორ ეპიზოდში პენალტს ითხოვდნენ) და ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ "დინამოსაც" და "ტორპედოსაც" სრულიად დამსახურებულად აქვთ საჩემპიონო პრეტენზიები.
მატჩის დეტალურ აღწერას აღარ შევუდგებით; უბრალოდ, გვინდა ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის (გია გეგუჩაძე, დუშან უჰრინი) მაღალი კვალიფიკაციაც აღვნიშნოთ და ორივე გუნდის ფეხბურთელთა მონდომებულ-მოტივირებული ასპარეზობაც.
კიდევ ერთი თვალშისაცემი და ქართული ფეხბურთისათვის "უცხო", რაღა თქმა უნდა, მაღალი სისწრაფეები იყო: მაღალ ტემპში თამაში თურმე ჩვენს ჩემპიონატშიც ყოფილა შესაძლებელი!
რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ამ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იქნება: "ტორპედო" ორჯერ დაწინაურდა, "დინამომ" ორჯერ გაათანაბრა, ანუ, ერთი შეხედვით, ფრე ლოგიკურად უნდა მიგვეჩნია. თუმცა, რომელიმე გუნდს რომ მოეგო, უსამართლობაც ვერ იქნებოდა და, ალბათ, ეს უფრო სტუმრებზე ითქმის (განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთის გამო).
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: პირველი წრის მატჩში "ტორპედო", სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდა და წააგო; განმეორებით "კლასიკოში" კი, მატჩის მიწურულს "დინამომ" მოსაგებად "გაიწია" და მეტოქესთან შედარებით უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით, მცირე უპირატესობაც მოიპოვა.
მოკლედ, მართლაც გამორჩეული მატჩი იყო, ასევე გამორჩეულ "ფინალს" რომ იმსახურებდა.
არა, უშუალოდ მოედანზე არაფერი მომხდარა, მაგრამ "დინამოს" ერთგულ ფანებს ქუთაისში რომ არცთუ "ტკბილი სტუმრობა" (ეგაც მეტისმეტად რბილად ნათქვამია) ჰქონდათ, ფაქტია. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ, რომ მატჩის შემდეგ იმ ავტობუსს, სადაც "დინამოს" ფანები ისხდნენ, ქვები დაუშინეს და ორი ფანჯარაც გაუტეხეს...
გამორჩეული პერსონები
"დინამოს" ესპანელ ლეგიონერთა (ამ შემთხვეაში ჩისკოსა და ალვაროს ვგულისხმობთ) ჩინებული თამაში აღარ გვიკვირს; 32 წლის ჩისკო რა დონის ფეხბურთელიც არის, ყოველ ტურში ვრწმუნდებით და უკვე მერამდენედ გვიწევს იმის გამეორება, რომ ამ სეზონის ნომერ პირველი მოთამაშე დღესდღეობით სწორედ იგი გახლავთ.
არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება 29 წლის მიკელ ალვაროც - ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა 13 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა!
ნურც ტორპედოელებს დავივიწყებთ: 22 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი უმაღლეს ლიგაში პირველად შარშან გამოჩნდა ("მერანში"). ჰოდა, გია გეგუჩაძეს არც ამჯერად უმტყუნა სამწვრთნელო ალღომ და ნიჭიერი ნახევარმცველი "ტორპედოში" გადაიყვანა. ელგუჯა გრიგალაშვილსაც არ გასჭირვებია ასეთ ამბიციურ კლუბში ადგილის დამკვიდრება და 4 ნოემბერს კარიერაში, ალბათ, ყველაზე გამორჩეული მატჩიც ჩაატარა: "დინამოს" კარში 2 გოლის გატანას ეხუმრებით?
ისე, გასულ ტურში გრიგალაშვილის გარდა, "დუბლი" კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეასრულა: გულვერდ თომაშვილმა და გიორგი გაბედავამ. ეს უკანასკნელი "გაგრაში" რომ თამაშობდა (უკრაინაში ვიდრე გაემგზავრებოდა, იმ პერიოდს ვგულისხმობ), "დუბლიც" შეუსრულებია და "ჰეთ-თრიქიც". ერთხელ სულაც ოთხი გოლი გაიტანა ერთ მატჩში! თუმცა, საქმეები ვერც უკრაინაში აეწყო და უკან მობრუნებული "გაგრაშიც" ვერ იყო ისეთი, როგორიც ადრე გვახსოვდა.
გაბედავა ჯერ 23 წლისაა და უკვე მეორე სეზონია, "ზუგდიდში" თამაშობს (ოღონდ ამპლუა აქვს შეცვლილი) და იმედია, შედეგიან თამაშს კვლავაც გააგრძელებს.
...დაგვეთანხმებით, რომ მცველისგან "დუბლი", ცოტა არ იყოს, იშვიათი შემთხვევაა და ჩვენს ჩემპიონატში ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა: III ტურში თავი გამოიჩინა "ტორპედოს" 20 წლის უკანახაზელმა ლაშა შერგელაშვილმა და აი, 24 წლის გულვერდ თომაშვილმაც იგივე შეძლო უკანასკნელ ტურში.
თომაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ამ კლუბში 8 (!) სეზონი გაატარა, ვიდრე ამ ჩემპიონატის დაწყებამდე "დილაში" არ გადავიდა.
სხვათა შორის, თომაშვილმა წინა სეზონშიც გაუგო "გემო" გოლების გატანას - "დინამოს" მაისურით სამჯერ ისახელა თავი. ახლა კი იგივე მაჩვენებელი აქვს, ოღონდ ჯერ მხოლოდ 10 მატჩი აქვს ჩატარებული...
სამეკარეო თემა
გასული ტური იმითაც იყო "უცნაური", რომ მხოლოდ ჩვენგან კი არა, საერთოდაც ძალიან ბევრისგან ნაქებმა ქართველმა მეკარეებმა, რბილად რომ ვთქვათ, თავი ვერაფრით გამოიჩინეს. უფრო მეტიც: სწორედ არადამაჯერებელი თამაშის (გნებავთ, შეცდომების) გამო საკუთარ გუნდებსაც დააღალატეს!
რას ვიზამთ, ასეთია მეკარეთა "ხვედრი": ერთ დღეს რომ გმირად გაღიარებენ, მეორედ უკვე შეცდომის დაშვების უფლება აღარა გაქვს.
ხვდებით, ალბათ, რომ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 26 წლის მეკარეზე, გიორგი ლორიაზე ვსაუბრობთ, მძიმე ტრავმის მერე დაბრუნებული ოპტიმალურ ფორმაში რომ არ იმყოფება. "ტორპედოსთან" მატჩში ორივე გოლის ეპიზოდში ლორიას აშკარად უკეთესად შეეძლო ეთამაშა.
იგივე შეიძლება ითქვას ბოლო წლების კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველ მეკარეზე, 23 წლის როინ კვასხვაძეზე, რომლის კურიოზულმა შეცდომამაც "ზესტაფონს" უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. არადა, იმ ეპიზოდამდე კვასხვაძე უშეცდომოდ კი არა, ჩინებულად თამაშობდა და საკუთარი გუნდიც არაერთხელ გადაარჩინა...
...შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე ომარ მიგინეიშვილი "გავამწესეთ": ქუთაისის "ტორპედს" 28 წლის მეკარემ "დინამოსთან" 2 გოლი გაუშვა, მაგრამ ვერც ერთში ვერ დავადანაშაულებდით და ამას გარდა, რამდენიმე ისეთი ბურთი მოიგერია, წესითა და რიგით, "აუღებელთა" კატეგორიას რომ მიეკუთვნებოდა.
განსაკუთრებით ის ეპიზოდი გვინდა გამოვარჩიოთ, ჩისკოს ძლიერად და ზუსტად დარტყმულზე მართლაც ზღაპრული რეაქცია რომ გამოავლინა და ამის მერე იყო, ფეხბურთში ბევრისმნახველმა ესპანელმა ლეგიონერმა მეტოქის მეკარესთან მისვლა და შექება რომ არ ითაკილა...
P.S. გასული ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო: 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი ფეხბურთელი ენუქი თევზაძე, რომელსაც სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ლანჩხუთის "გურიასა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
ტორპედო-დინამო 2:2 - შესანიშნავი "ქართული კლასიკო" [VIDEO]
ჩიხურა-დილა 0:2 - ვინ შეაჩერებს გორელებს? ასეთი თამაშით ვერავინ! [VIDEO]
მეტალურგი-ზესტაფონი 1:1 - ლოგიკა და კურიოზი [VIDEO]
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 0:4 - კორიდა "ჩელე-არენაზე"
ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0 - მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ქართული ფეხბურთიდან
კოლხეთი-სიონი 0:1
გოლი: 0:1 რ. ჯიქია (80)
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 13 | 9 | 3 | 1 | 36-10 | 30 |
2 | დილა | 13 | 9 | 1 | 3 | 22-8 | 28 |
3 | ტორპედო | 13 | 8 | 2 | 3 | 29-12 | 26 |
4 | ზუგდიდი | 13 | 6 | 5 | 2 | 18-9 | 23 |
5 | ჩიხურა | 13 | 7 | 2 | 4 |
17-14 |
23 |
6 | ზესტაფონი | 13 | 6 | 3 | 4 | 16-9 | 21 |
7 | მეტალურგი | 13 | 5 | 1 | 7 | 9-18 | 16 |
8 | ვიტ ჯორჯია | 13 | 4 | 3 | 6 | 10-16 | 15 |
9 | მერანი | 13 | 4 | 1 | 8 | 7-23 | 13 |
10 | სიონი | 13 | 3 |
4 |
6 |
11-20 | 13 |
11 | დინამო (ბთ) | 13 | 2 | 2 |
9 | 10-26 | 8 |
12 | კოლხეთი | 13 | 0 | 3 | 10 | 5-25 | 3 |
ბომბარდირები:
დვალი (დინამო თბ) 10
ალვარო (დინამო თბ) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
ჩისკო (დინამო) 6
ჯორბენაძე (დინამო ბთ) 6
რ. ჯიქია (6) 6
მომდევნო ტური
11 ნოემბერი, კვირა
ზესტაფონი-ტორპედო
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-კოლხეთი
სიონი-დილა
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
მერანი-მეტალურგი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"