ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს

AutoSharing Option
ზედიზედ სამმა გამარჯვებამ "ზუგდიდი" ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეოთხე საფეხურამდე აიყვანა და საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

"ლელომ" გასული ტურის საუკეთესო მწვრთნელად "დინამოს" თავკაც დუშან უჰრინთან ერთად ზუგდიდელთა დამრიგებელი ელგუჯა ქომეთიანი დაასახელა (იხილეთ ვრცლად), რომელიც დღეს ჩვენი გაზეთის რესპონდენტია.

- პირველ რიგში, დიდი მადლობა "ლელოს" ამ დაფასებისთვის. ეს ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია. მოხარული ვარ, რომ ჩემი გუნდი წარმატებით ასპარეზობს და ვიმედოვნებ, ასევე განაგრძობს.

- ბათუმის "დინამოსთან" მატჩის პირველივე ტაიმში მოედანზე კაცნაკლული დარჩით, თუმცა გამარჯვება მაინც შეძელით...
-
ჩემმა ფეხბურთელებმა გასაოცარი შემართება და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს სოლიდური სხვაობით მოგება. ისიც სათქმელია, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერია, რომელთან ბრძოლაც, ტრადიციულად, ყოველთვის გვიჭირდა. მადლობა ბიჭებს ასეთი მონდომებისთვის.

- არანაკლები დაბრკოლებები გადალახა თქვენმა გუნდმა ბათუმის "დინამომდე" გამართულ ორ მატჩში, სადაც "ზუგდიდმა" ანალოგიური სცენარით გაიმარჯვა.
- "მეტალურგისა" და "ტორპედოს" დამარცხება რიგითი ამბავი ნამდვილად არ არის. ამ შეხვედრებშიც განსაკუთრებული საბრძოლო სულისკვეთებით შევძელით გამარჯვება. დამეთანხმებით, ძალიან რთულია, ასეთი დონის გუნდებთან პირველი ტაიმი წააგო და შეხვედრა მაინც შენს სასარგებლოდ დაასრულო.

ვფიქრობ, ამდენმა დასამახსოვრებელმა გამარჯვებამ ყველა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ "ზუგდიდის" ბოლოდროინდელი წარმატებები არა შემთხვევითობა, არამედ სრული კანონზომიერებაა.

- თქვენი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევთ?
- "ზუგდიდი" წარმატებას კოლექტიური ფეხბურთით აღწევს და რომელიმე ცალკეული მოთამაშის წვლილზე საუბარი არასწორი იქნებოდა, მაგრამ მაინც უნდა გამოვარჩიო დავით გამეზარდაშვილი. იგი ჩვენთან ახალი მოსულია, მაგრამ თავისი გამოცდილებით "ზუგდიდის" დაცვას სიმტკიცე შემატა. იგი ნამდვილი ლიდერია მოედანზეც და მის მიღმაც.

- "ზუგდიდისა" და "მეტალურგის" მატჩს უხმაუროდ არ ჩაუვლია...
- არ მინდა, ვინმეს ზუგდიდელ გულშემატკივრებზე მცდარი წარმოდგენა შეექმნას. აქაურები ფეხბურთში კარგად არიან გაცნობიერებულები და ობიექტურობითაც გამოირჩევიან. ხშირად მათ მეტოქე გუნდი ტაშითაც კი გაუცილებიათ. მშვიდად ჩაიარა "ზუგდიდი"-"ტორპედოს" მატჩმა, "ზუგდიდი"-"მეტალურგის" შეხვედრისას კი მოედანზე ერთი ცარიელი პლასტმასის ბოთლი ისროლეს.

ვერ დავეთანხმები რუსთაველთა მოსაზრებას, თითქოს მსაჯს მათი გუნდი დაეზარალებინოს. პირიქით, ჩვენს კარში გოლი სწორედ მსაჯის შეცდომით გავიდა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ვეთანხმები ყველას, რომ ამ მხრივ ნებისმიერ კლუბს მართებს მუშაობა, თუმცა იმ კონკრეტულ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, "ზუგდიდი" 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, რაც ისედაც გასაჭირში მყოფი კლუბისთვის მძიმე დარტყმაა.

- ფინანსური მდგომარეობა კვლავ არასაიმედო გაქვთ?
- ჯერჯერობით სახელფასო დავალიანების გასტუმრება ხერხდება, პრემიებისა კი - ვეღარ. საგანგაშო ის არის, რომ არ ვიცით, რა ბიუჯეტი გვექნება 2013 წლიდან და საერთოდ, დაგვაფინანსებს თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

ეს გაურკვევლობა ჩვენს განწყობაზე ძალიან მძიმედ აისახება, მაგრამ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველაფერი მოგვარდება და "ზუგდიდის" არსებობას კითხვის ნიშანი არ დაესმება. არადა, ჩემპიონატში შედეგიანად ვასპარეზობთ და სერიოზული გეგმები გვაქვს.

საცოდაობა იქნება, ასეთი წარმატებული და ბრძოლისუნარიანი გუნდის არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა სიგუა საცოდავი ხარ შენ
ირაკლი
15:44 07-11-2012
0
საცოდაობა ის უფროა შენ, რომ ქართულ ფეხბურთში ხარ!!!
ზაზა სიგუ
14:42 07-11-2012
0

სიახლეები პოპულარული