სწორედ კოლხთა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდად ასპარეზობა აძლევდა მნიშვნელოვან უპირატესობას ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, თუმცაღა სოსო ფილიას გუნდს "ფაზისზე" არაერთი ლიდერი გაუმწარებია და მატჩს თითქმის ერთადერთ ინტრიგას ესღა უტოვებდა.
თითქოს
თუმცა თბილისელებს იოლად მაინც არ მოუგიათ და შეხვედრის მანძილზე იყო ორი გადამწყვეტი მომენტი, როცა კოლხებს მატჩის ბედის სათავისოდ შემოტრიალება შეეძლოთ.
ეს პირველად 68-ე წუთზე მოხდა, როცა ცენტრალურ დაცვას ლაშა ქებაძე უმეთვალყურეოდ დარჩა. ფოთელთა კაპიტანს უთუოდ მართებდა გიორგი ლორიას კარის დალაშქვრა, მაგრამ თავური ისეთი გამოუვიდა, დინამოელთა მეკარემ იოლად მოინადირა და თავისიანებს ერთბურთიანი უპირატესობა შეუნარჩუნა.
მეორედ კი უკვე 81-ე წუთზე, შალვა კვანტალიანს მიეცა შანსი, მატჩისთვის ინტრიგა დაებრუნებინა - მოედნის ცენტრალურ რკალში მას ბურთი, სავარაუდოდ, სტუმარი მობურთალისგან მიუვიდა, რადგან აშკარად მცველებზე წინ იდგა და ლაინსმენს თამაშგარე არ დაუფიქსირებია, მაგრამ კოლხთა ფორვარდმა "დინამოელებთან" დისტანცია ვერ შეინარჩუნა და მცველწამოწეულმა ისე უხეიროდ დაურტყა ლორიას, მეკარეს რომ არ აეღო, საფრთხეს მაინც არ წარმოადგენდა.
რაც შეეხება "დინამოს", გატანის შანსი არაერთხელ მიეცა. მხოლოდ პირველ ტაიმში ჯერ ჩისკოს სახიფათო დარტყმული ასცდა კარს, შემდეგ მაღალ ბურთზე გამოსვლისას არდალიონ მიქაბერიძე შეცდა, თუმცა მეკარე იქვე ჯაბა დვალს გადაეფარა და ფორვარდის დარტყმა ძელს მოხვდა; დამატება კი ფორვარდს უკვე ჯემალ გაბუნიამ აღარ დააცალა.
რამდენჯერმე მოწოდების სიმაღლეზე კოლხთა კარის დარაჯი აღმოჩნდა. განსაკუთრებით რთული ბურთის მოგერიება მას მაშინ მოუხდა, როცა მცველები თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ და ჯაბა დვალმა ცოტათი ნაჩქარევად ათიოდ მეტრიდან ძლიერად დაურტყა.
"დინამოს" ასეთი უპირატესობის მიუხედავად, გასახდელში გამარჯვებული "კოლხეთი" შეიძლებოდა გასულიყო, როცა ჯემალ გაბუნიამ ჯერ საჯარიმოში ჩაჰკიდა, ხოლო გამოვარდნილი ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან კარისკენ გაგზავნა - ლორიამ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ხელებში გააქვავა.
ამას წამებში თბილისელთა გოლი მოჰყვა - მარცხნიდან არცთუ სახიფათოდ ჩაწოდებული ბურთი ცენტრალურმა მცველებმა რატომღაც ვერ მოიგერიეს. მეკარემ ერთ დინამოელს კი ჩაუშალა გატანის შანსი, მაგრამ მოგერიება არცთუ ხეირიანი გამოუვიდა და იქვე საჯარიმოში დადარაჯებულმა მიკელ ალვარომ ანგარიში გახსნა, 1:0.
ამას მეორე ტაიმში ჩისკომ ჯაბა დვალთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეორე "ესპანური" გოლი მოაყოლა, 2:0. მანამდე კი ჩისკოს ჩაწოდებულზე გივი კვარაცხელიას თავური მოიგერია მიქაბერიძემ; უფრო ადრე კი მეკარემ დუბლის შესრულება ალვაროს არ დაანება.
P.S. თამაშზე "დინამოს" ფანებმა ტრანსფარანტი გამოფინეს წარწერით: "ტაშკენტი 64".
ამით "გლადიატორებმა" სსრკ-ის პირველი ჩემპიონობიდან 48 წლისთავი აღნიშნეს - ტაშკენტის "ოქროს მატჩიც" ხომ 18 ნოემბერს გაიმართა.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. თავიდანვე სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ბიჭები საკუთარ შანსს მოთმინებით დაელოდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშის გახსნაც მოვახერხეთ და შესვენებაზე უპირატესობით გავედით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ".
სოსო ფილია (კოლხეთი):
"დღევანდელი "დინამო" ყველანაირად დაბალანსებულია, დღეს კლასითა და საშემსრულებლო ოსტატობით გვაჯობეს. გუნდში ახალდაბრუნებული ვარ, აქცენტს უახლოეს 4 თამაშზე ვაკეთებთ, კონკურენტებთან გვაქვს და წარმატებით ასპარეზობა მნიშვნელოვანია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "დინამოსთან" წარმატებაზე არ ვფიქრობდით. დღევანდელ მატჩშიც გვქონდა ჩვენი გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
18.11.2012. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-დინამო 0:2 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ალვარო (45+1), 0:2 ჩისკო (73. დვალის პასით)
კოლხეთი დინამო
4-1-4-1 4-4-2
მიქაბერიძე ლორია
კილასონია სეთურიძე
ტყეშელაშვილი გ. კვარაცხელია
ფარულავა ხიზანეიშვილი
გაბუნია გლიშიჩი
გოგონაია ალვარო
კრასოვსკი ძარია
ქებაძე ხმალაძე
კობერიძე მერებაშვილი
პ. დათუნაიშვილი ჩისკო
კვანტალიანი დვალი
მწვრთნელები:
ს. ფილია დ. უჰრინი
კოლხეთი
43. კრასოვსკი - წაბრია
68. ტყეშელაშვილი - ცხვიტარია
76. ქებაძე - ბუხაიძე
სათადარიგოები: ხარშილაძე, პავლიაშვილი, მოსიაშვილი, ცხადაია
დინამო
82. დვალი - ვოსკობოინიკოვი
86. მერებაშვილი - რობერტინიო
87. ჩისკო - ნ. კვეკვესკირი
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, პარუნაშვილი, გველესიანი
გაფრთხილება: გოგონაია (66), გლიშიჩი (84), წაბრია (89)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"