ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0 - ისევ ფრე

AutoSharing Option
გუნდების პირველი მატჩი ბოლნისში ფრედ (1:1) დასრულდა. მაშინ არმაზ ჯელაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოედანზე "სიონი" პირველად გაიყვანა.

მას შემდეგ ბოლნისურმა კლუბმა მდგომარეობა გამოასწორა, ბოლო ტურებში უშუალო კონკურენტები, ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" გასვლაზე დაამარცხა. გუნდი ახლაც ბევრად უფრო მოტივირებული და აზრიანი იყო.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ანგარიში მატჩის მსვლელობას ვერ ასახავს. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მაგრამ საინტერესოდ, საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და მეტოქეებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს.

"სიონის" თამაში გიორგი ქუცურუას მიჰყავდა, შეტევების გამწვავებას ფლანგებზე გიორგი ჭედია და გიორგი ფეიქრიშვილი სისწრაფის ხარჯზე
ცდილობდნენ.

"ვიტ ჯორჯიას" წინა ტურში "ჩიხურასთან" დაშავებული თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე აკლდა. ვეტერინარების ახალგაზრდული გუნდი, ისევე, როგორც მთელი ამ ჩემპიონატის განმავლობაში, ამჯერადაც მეტოქის წინააღმდეგობის ჩახშობას ენერგიულად ცდილობდა.

ურიგოდ არ გამოიყურებოდა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ირაკლი ღიბრაძე - შეტევებს უნარიანად წარმართავდა და არც ტექნიკაში მოიკოჭლებდა.

პირველი სახიფათო მომენტი 26-ე წუთზე შეიქმნა: ქუცურუას შესრულებული ჯარიმის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა. ორიოდე წუთში იგივე გაიმეორა, ოღონდ "სიონის" კართან: დაარტყა ღიბრაძემ, დამატებაზე კი ლაშა კასრაძეს სიზუსტემ უმტყუნა.

კასრაძეს თავის გამოჩენა ტაიმის მიწურულსაც შეეძლო: საჯარიმოში უმეთვალყურეოდ ნახევარმცველს გიორგი კორიფაძემ უპასა, მაგრამ მცველი ბურთს დროულად გადაეფარა და მომენტი განმუხტა.

ვეტერინარებს რამდენიმე ეპიზოდში პრეტენზია გაუჩნდათ ლაინსმენის, ზვიად ერქვანიას მისამართით და ჩათვალეს, რომ თამაშგარეების (მათი აზრით) არასწორი დაუფიქსირების გამო მწვავე შეტევა ჩაეშალათ.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებში წარიმართა. მასპინძლები უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ სტუმრებიც მწვავედ უტევდნენ: 49-ე წუთზე კარგი მომენტით ვერ ისარგებლა ქუცურუამ - მან მეკარე ნიკა დაუშვილს ვერ აჯობა.

55-ე წუთზე 40-მეტრიანი რეიდი საჯარიმოში ჩაწოდებით დაასრულა დავით ხურცილავამ; ეგაა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მწვავე შეტევა უშედეგოდ დასრულდა.

მალე ღიბრაძის ჩაწოდების ეფექტური დარტყმით დასრულებას 16 მეტრიდან გურამ გურეშიძე ცდილობდა და ბურთი კარს ააცილა. მერე თავად ღიბრაძე საჯარიმოში მშვენიერ პოზიციაზე დარჩა, თუმცა ძალიან ცუდად დაარტყა.

ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური მომენტი ვილი ისიანს მიეცა: მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიუგორდა და დაუხანებლად კარში გააგზავნა - მართალია, ბადე მხოლოდ გარედან შეარხია, მაგრამ ვეტერინარები ძალიან აანერვიულა. ამ დროს შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც 9 წუთი რჩებოდა.

საკმაოდ დახუნძლული მომენტების მიუხედავად, შეხვედრა 0:0 დასრულდა, რაც სტუმრებისთვის უფრო მისაღები შედეგი აღმოჩნდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
17.11. მცხეთა. მცხეთა პარკი. 200 მაყურებელი.
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0

ვიტ ჯორჯია სიონი
4-1-3-2 4-2-3-1
დაუშვილი ბობღიაშვილი
ხურცილავა ორბელაძე
გოგიაშვილი სვანიძე
გეთიაშვილი მაჭავარიანი
ჯავაშვილი ჩიკვილაძე
კასრაძე ჯოჯუა
ღიბრაძე ქუცურუა
დავლაშელიძე ფეიქრიშვილი
გურ. გურეშიძე თარხნიშვილი
კორიფაძე ჭედია
გაბრიჭიძე ჯიქია

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი ა. ჯელაძე

ვიტ ჯორჯია
71. გაბრიჭიძე - ლობჯანიძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, უბილავა, ვასაძე, ჯუღელი, კუხალეიშვილი.

სიონი
88. ქუცურუა - ჭანკოტაძე
64. ფეიქრიშვილი - ვ. ისიანი
78. ჭედია - ნემსაძე
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ხუბუა, ლომაია, ხურციძე.

გაფრთხილება: ხურცილავა (25), ქუცურუა (28), გეთიაშვილი (54), სხვანიძე (57), მაჭავარიანი (80)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული