გიორგი ყიფიანი: საქართველოს თასისთვის ბრძოლას ვაპირებთ

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი", რომელიც წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ოქროს მედლებამდე მცირედი დააკლდა, მიმდინარე ჩემპიონატში არცთუ სახარბიელოდ ასპარეზობს.

ქვემოქართლური კლუბი ამჟამად მეშვიდე ადგილზეა და მეექვსეადგილოსან "ზესტაფონს" მთელი რვა ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე შვიდი ტურია დარჩენილი და რთულად წარმოსადგენია, რუსთაველებმა საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა შეძლონ.

ამის მიუხედავად, თავისი გუნდის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე სეზონის მსვლელობისას დაინიშნა. იგი "ლელოს" რესპონდენტია.

- როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის მიერ ჩატარებულ განვლილ მატჩებს?
- თუ "დინამოსთან" შეხვედრას არ
მივიღებთ მხედველობაში, სადაც "მეტალურგი" მართლაც არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, სხვა მატჩებში თავი საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოვაჩინეთ. სხვა საქმეა, რომ შედეგი ჯერ არ გვაქვს სასურველი, მაგრამ ჩემს გუნდს უკეთესობას თამაშიდან თამაშამდე ვატყობ და უმთავრესი სწორედ ეს არის.

რამდენჯერმე ვიხილე "ტორპედო"-"მეტალურგის" შეხვედრის ვიდეოჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო წასაგები თამაში. მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელები დიდი შემართებით შრომობენ, მათ მოსწონთ ჩემთან მუშაობა და ყველაფერს აკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

- სატურნირო ვითარების ფონზე, გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?
- შედეგებით არ ვართ კმაყოფილნი, მაგრამ საბედნიეროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბიჭები ვერ დათრგუნა. მათ საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგავთ და მჯერა, მალე იმ ფეხბურთს ითამაშებენ, რაც მათ პოტენციალს შეესაბამება.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია წინა სეზონში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის ასეთი ჩავარდნა?
- ჩემგან ცოტა უხერხული იქნება იმაზე საუბარი, რა ხდებოდა "მეტალურგში" ჩემს მისვლამდე. გარკვეულწილად, იყო უიღბლობის მომენტიც, გუნდმა მოსაგები თამაშები ვერ მოიგო და ამან წარუმატებელი მატჩების წყება გამოიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩავარდნა დროებითია.

- რა ამოცანებით მიხვედით "მეტალურგში"?
- მიზნად თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლა დავისახეთ. კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. ყველას კარგად გვესმის, რომ გუნდი სერიოზულ პროგრესს უცებ ვერ მიაღწევს. წინსვლას დრო სჭირდება და მაქვს იმის საშუალება, რომ დაძაბულობის გარეშე ვიმუშავო ამ ამოცანის განსახორციელებლად.

- ზეექვსეულში მოხვედრის იმედი თუ დაგრჩათ?
- სანამ ამის თეორიული შანსი გვაქვს, ფარ-ხმალს არ დავყრით და კონკურენტებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას შევეცდებით. თუმცა ამ მიზანს რომც ვერ მივაღწიოთ, ტრაგედია არ იქნება, ამ სეზონში ჩვენ სხვა ამოცანებიც გვაქვს გადასაჭრელი.

- ალბათ, თასის გათამაშებას გულისხმობთ...
- რა თქმა უნდა. საქართველოს თასისთვის ბრძოლას სერიოზულად ვაპირებთ. საამისოდ გუნდს გაძლიერება დასჭირდება და შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ. თუმცა მოტივაციას არც ჩემპიონატში დავკარგავთ და რაც შეიძლება, მაღალი საფეხურის დასაკავებლად ვიბრძოლებთ.

- ზამთარში რა გეგმები გაქვთ?
- უკვე გადაწყვეტილია, რომ ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გავივლით. ახლა პოტენციურ სპარინგ-პარტნიორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ამ საკითხზეც მალე მივაღწევთ შეთანხმებას.

- სავარაუდო ახალწვეულების ვინაობასაც ხომ არ გაგვიმხელთ?
- რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეული გვყავს, თუმცა რაკი მათთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა "მეტალურგის" ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას სულ მალე შეიტყობთ.

- რომელი პოზიციების გაძლიერებას გეგმავთ?
- უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ "მეტალურგში" კონკურენციის ამჟამინდელი ხარისხი არ მაკმაყოფილებს. მინდა, უფრო მდიდარი არჩევანი მქონდეს და სწორედ ამიტომ ახალწვეული უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე გუნდიდან წასული ფეხბურთელი. რაც შეეხება კონკრეტულ ამპლუებს, აუცილებლად დავიმატებთ მცველს, ცენტრალურ და მარჯვენა ნახევარმცველს და თავდამსხმელს ან თავდამსხმელებს - საერთო ჯამში, ოთხ-ხუთ ძლიერ ფეხბურთელს.

- მათ შორის ლეგიონერებიც ხომ არ იქნებიან?
- ჩემთვის ფეხბურთელის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და კვალიფიციურ ლეგიონერებს გუნდში სიამოვნებით ვიხილავდი, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებებს მხოლოდ ქართველ მოთამაშეებთან ვაწარმოებთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში "მეტალურგს" ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება და ჩვენი გუნდი ახალი დიზაინის ფორმებით შეიმოსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-მეტალურგი 1:0 - მასპინძლების რთული გამარჯვება [VIDEO]
გიორგი ყიფიანი: "მეტალურგის" ხელმძღვანელობისგან სრულ ნდობას ვგრძნობ
ირაკლი მაისურაძე: ქეცბაიას მადლობა, მაგრამ მხოლოდ გამოძახება არ მაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული