მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ აპირებენ, წერილობით მიმართონ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას იმედოვნებენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი საქართველოში პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაარსების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო.
2000 წელს სწორედ მან წამოიწყო ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მაშინ საფეხბურთო სამყარო პროექტის განხორციელებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
რას ფიქრობს კლუბების წამოწყებაზე აწ უკვე
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ სამინისტროში წერილი არ შემოსულა, მაგრამ ის ვიცი, რომ პრემიერლიგის დაარსება ფედერაციასთან ერთად უნდა გადაწყდეს, კლუბებმა კი თავად გადაწყვიტონ, რა და როგორ ურჩევნიათ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი და პროცესს ხელს არ შევუშლით, რადგან ამ იდეის დახვეწა და ასეთი სახით განხორციელება ქართული ფეხბურთის ინტერესებს პასუხობს.
მთავარია, რომ პროექტის ინიციატორები თავად კლუბები გახდნენ. ისინი კი პრემიერლიგის სიცოცხლისუნარიანობაში დარწმუნებულები არიან.
თუმცა, მე როგორც ვიცი, ჯერ ამ პროექტში ყველა კლუბი არ გაერთიანებულა", - ამბობს ყიფიანი.
ახლა არსებულ ვითარებასაც შევეხოთ: პრემიერლიგის, იგივე პროფლიგის დაარსებაზე კლუბები შეთანხმდნენ და ინიციატორთა მოწოდებას ღიად არავინ ეწინააღმდეგება. მაგრამ შეინიშნება, რომ არა მხოლოდ ფედერაციისა და კლუბების, არამედ თავად კლუბების ინტერესები იკვეთება.
საქმე ისაა, რომ ინიციატორები სახელმწიფო კლუბების არსებობას ეწინააღმდეგებიან და ამას ღიად აფიქსირებენ. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე იმასაც ამტკიცებდნენ, რომ "ზესტაფონისა" და "ვიტ ჯორჯიას" (კერძო კლუბების) პრეზიდენტები დიდ მიზანს აღარ ისახავენ, რადგან სახელმწიფოსგან ნაკვებ კლუბებთან საბრძოლველად ფინანსური სახსრები აღარ ჰყოფნით, ჩემპიონატის მონაწილეები კი არათანაბარ ვითარებაში ვიმყოფებითო.
თავის მხრივ, დოტაციური კლუბების ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ეს ტენდენცია საბოლოოდ მათ სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე დატოვებს. ბოლო დროს ხომ არის ლაპარაკი, რომ ფული არა კლუბებს, არამედ მთლიანად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდეს, სტადიონის და ბაზის მქონე კლუბით კი ბიზნესი დაინტერესდებაო. ვერ გეტყვით, ამაში შიში რამდენად საფუძვლიანია.
ორი აზრი არ არის, პრემიერლიგის დაფუძნებამდე ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ გასარკვევია. მაგალითად, რა სახსრებით აპირებენ ორგანიზაციის ამოქმედებას, ვინ ჩაიბარებს პირველ, დუბლშემადგენლობებისა და ჭაბუკთა ლიგებს, ვინ დააფინანსებს მსაჯებს, გუნდებს გაეზრდებათ თუ არა შემოსავალი, რა სახის ხელშეკრულება გაფორმდება (ან საერთოდ, თუ გაფორმდება) ტელევიზიასთან და როგორ აპირებენ ინიციატორები ტელევიზიის დაინტერესებას, დაბალრეიტინგული ტურნირის გაშუქებაში თანხა რომ გადაიხადოს.
ბევრს საწევრო თანხის გაზრდის პერსპექტივაც აშინებს და წესდების ის პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, ერთი და იგივე პირს პრემიერლიგის აღმასრულებელ დირექტორად შეუზღუდავი რაოდენობით არჩევის უფლება გააჩნია. ბევრი ფიქრობს და არ შეიძლება, მათ არ დაეთანხმო, რომ სახელმწიფოს დაფინანსების იმედად პრემიერლიგის დაფუძნებას აზრი არ აქვს და ლიგის იდეას ეს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება.
მაგრამ ინიციატორებიდან არავის უთქვამს, რომ ყველა საჭირო საკითხზე პასუხს დაფუძნების შემდეგ გაარკვევენ. პირიქით, რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტმა აკა ქავთარაძემ გვითხრა, რომ მოლაპარაკება კერძო სტრუქტურებთან მიმდინარეობს და ყველა კლუბი ცდილობს, სპონსორი მოძებნოს და საკმაოდ იმედიანად ვართო.
ცნობილი ფრაზის არ იყოს, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს; უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც გამოსავალს ვერ პოულობენ. მაგრამ უხილავი რეჟისორი ცდილობს, კლუბების ინიციატივა ნეგატიური კუთხით გამოაჩინოს და მხოლოდ ის ფაქტი დაფიქსირდეს, რომ დახმარებას სახელმწიფოსაც სთხოვენ, ბიზნესთან მოლაპარაკების თემა კი იჩრდილება.
ფაქტია, რომ სასიკეთო წამოწყება მხოლოდ რამდენიმე კლუბის ზურგზე გადადის, რაც კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ისეთი სურათი ჩანს, თითქოს ყველაფერი ინიციატორებმა უნდა გადაწყვიტონ, სხვები კი დამკვირვებლის როლს დაკმაყოფილდნენ.
არადა, ლაპარაკია უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელშიც ყველა უნდა ჩაერთოს, თუ ქართული ფეხბურთის მომავალზე ვფიქრობთ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებსა და ყოფნა-არყოფნაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე: პრემიერლიგის იდეა რომ კარგია, ამაზე დიდი ხანია, სწორედ მე ვლაპარაკობ
ბოლნისის "სიონი": პრემიერლიგის ჩამოყალიბებას მეტი დაფიქრება სჭირდება
პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?
პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა