"თენგიზ ბურჯანაძეზე" შეკრებილმა ამ სეზონისათვის უკვე ტრადიციად ქცეულმა რამდენიმე ათასმა მაყურებელმა თავისი გუნდის შესრულებით მიმდინარე ჩემპიონატში ჩვეულად თვალსასეირო ფეხბურთი ვერ იხილა, მაგრამ მთავარია, რომ "დილამ" მოიგო.
მატჩის წინ დიდი იყო იმის ინტერესი, გორელებს მოგებათა შთამბეჭდავი სერიის შემდეგ "დინამოსთან" განცდილი ასევე შთამბეჭდავი მარცხი ფსიქოლოგიურად გატეხდა თუ ვერა. თუმცა ინტრიგა უამისოდაც არ აკლდა შეხვედრას, იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი ხვდებოდნენ.
და კიდევ, ამ ფორმაციის ზესტაფონური კლუბი, 2004
ორთაბრძოლების სიხშირის და მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლის თვალსაზრისით, მატჩი დებიუტიდანვე საინტერესო გამოდგა, მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ - ცოტა იყო სახიფათო ეპიზოდები ორივე კართან, თითქმის არ ყოფილა საგოლე მომენტები, კუთხურიც კი მხოლოდ ორჯერ მოწოდდა (!) და სხვათა შორის, ერთადერთი გოლი სწორედ მათგან პირველს მოჰყვა.
ბოლო ტურის მატჩთან შედარებით, ორივე გუნდის მწვრთნელებს რამდენიმე ცვლილება ჰქონდათ ძირითად შემადგენლობაში განხორციელებული.
გიორგი დარასელიას შემთხვევაში ეს ცვლილებები იძულებითი იყო ("დინამოსთან" შეხვედრისას გიორგი კახელიშვილი და ლეონარდო გააძევეს), ზამთარაძე - მუჯირის სიტუაციაში კი - არა. თუმცა სტუმართა გუნდის თავკაცთა ტანდემი იძულებით შეცვლებს მაინც ვერ გადაურჩა, თანაც, უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას.
მეტიც, ბოლო 12 წუთი ზესტაფონელებმა სულაც კაცნაკლულად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, "დილას" გამარჯვება არ ყოფილა დაუმსახურებელი. მასპინძლებს გარკვეული ზეგავლენა ჩემპიონატის ლიდერთან განცდილი სამბურთიანი წაგების გამო კი ეტყობოდათ, მაგრამ მათ გარჯაზე ეს მკვეთრად ნეგატიურად არ ასახულა.
უწინდელთან შედარებით, ნაკლები იყო გორელ ფეხბურთელებს შორის ურთიერთშეთანხმებული თამაში. კომბინაციის გზით მოწინააღმდეგის კართან მიახლოებაც უჭირდათ მასპინძლებს (ამ მხრივ არც ზესტაფონელებს გამოუდვიათ თავი); სამაგიეროდ, შორეული დარტყმებით ორივე გუნდის ფეხბურთელებმა არაერთხელ სცადეს, ეხეირათ.
შესვენებამდე საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმები განსაკუთრებით სახიფათო გოგიტა გოგუას და თორნიკე აფციაურს გამოუვიდათ, მატჩის მეორე ნახევარში კი ირაკლი მოდებაძეს და ნათან ჟუნიორს. მართალია, არც ერთი კარის ჩარჩოში არ მოხვედრილა, მაგრამ ყველა მათგანი ძელს ან ხარიხას სულ მცირედით ასცდა.
აქვე ორივე გუნდის შემტევების წინააღმდეგ მოწინააღმდეგე მცველების ნაყოფიერი გარჯაა აღსანიშნავი. მცველებმა არც ის თავდამსხმელები გაალაღეს საკუთარ საჯარიმოებში, რომლებმაც მატჩი პირველი წუთებიდან დაიწყეს და არც ისინი, ვინც მათ ნაცვლად შევიდნენ შეცვლებზე.
სათამაშო ტემპი არც მეორე ტაიმში გაზრდილა დიდად. პირიქით, სიხისტის და ფეხბურთელთა მიკროტრავმების გამო მატჩი ხშირად წყდებოდა და თამაშის მსვლელობას უარყოფით დაღს ასვამდა. მობურთალთა სიხისტის საპასუხოდ, არბიტრის მიერ უხვად "გაცემული" ყვითელი ბარათებიც არ ყოფილა მოულოდნელი და ჯენერი ხორავას განსჯასაც, საზოგადოდ, ურიგოდ ვერ შევაფასებთ.
გოლი 68-ე წუთზე თამაშის განმავლობაში მოწოდებულ პირველ კუთხურს მოჰყვა. ალამთან ჯერ გაითამაშეს ბურთი გორელებმა და მერე ჩაჰკიდეს როინ კვასხვაძის კარის ბაქანზე, სადაც გიორგი ონიანმა ყველას დაასწრო და თავურით გამარჯვებისა გაიტანა.
საგულისხმოა, რომ მან თავისი ყოფილი გუნდის კარის აღება არ იზეიმა.
დარჩენილ დროში აღსანიშნავი გიორგი კაჭკაჭიშვილის გაძევება იყო და "დილამაც" შედარებით მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
მატჩის შემდეგ
გიორგი დარასელია (დილა):
"ოთხი დღის წინანდელი მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც და იმიტომაც, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენს ფეხბურთელებს პირველ ტაიმში უფრო გაუჭირდათ თამაშის პოვნა, შესვენების შემდეგ კი ჩვენ ხელთ გვეპყრა უპირატესობა და დამსახურებულადაც მოვიგეთ".
დავით მუჯირი (ზესტაფონი):
"მოლოდინისამებრ, დღეს ძალიან რთული მატჩი გვქონდა "დილასთან", რომელიც ამ სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთი უდავო ფავორიტთაგანია. ჩვენ კარგად ვიბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. გოლი ჩვენი მცველების წამიერი მოდუნების შედეგად გავიდა. გასათვალისწინებელია, რომ სამი იძულებითი შეცვლის გაკეთება მოგვიწია და თამაში კაცნაკლულებმა დავამთავრეთ. ამ მარცხის მიუხედავად, დანებებას არ ვაპირებთ, სამომავლოდ ვიბრძოლებთ სატურნირო ვითარების გასაუმჯობესებლადაც და უშუალოდ ჩვენი თამაშის დასახვეწადაც".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.11. გორი. თ. ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი
დილა-ზესტაფონი 1:0
გოლი: 1:0 ონიანი (68)
Video
დილა - ზესტაფონი 1:0
დილა - ზესტაფონი 1:0
დილა ზესტაფონი
4-2-3-1 4-1-4-1
სკენდერი რ. კვასხვაძე
შაშიაშვილი ღონღაძე
სალუქვაძე კაჭკაჭიშვილი
გ. ონიანი თევ. გრიგალაშვილი
კვირკველია კობახიძე
ბეჭვაია მენთეშაშვილი
გვალია ბენაშვილი
ახალკაცი შარიქაძე
გოგუა აფციაური
ს. გურული მილხრაუმი
მოდებაძე ბოტი გოა
მწვრთნელები:
გ. დარასელია დ. მუჯირი
დილა
46. მოდებაძე - ჟუნიორი
63. გვალია - კლიმიაშვილი
86. გურული - გორელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, აბურჯანია, თომაშვილი
ზესტაფონი
27. შარიქაძე - იელიჩი
61. ბოტი გოა - წინამძღვრიშვილი
67. აფციაური - გორგიაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, თორ. გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, ელიავა
გაფრთხილება: ბენაშვილი (21), კაჭკაჭიშვილი (56, 78) ღონღაძე (70), წინამძღვრიშვილი (72), ბეჭვაია (77), გოგუა (90)
გაძევება: კაჭკაჭიშვილი (78)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"