სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" მეხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტუმრის რანგში ეთამაშა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.
ბოლნისელთა გუნდის რბევას სათავე გივი კვარაცხელიამ მე-16 წუთიდან დაუდო. 20-ე წუთზე ჯაბა დვალმა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ კი დინამოელთა ესპანელი ლეგიონერის ჩისკოს ჯერი დადგა, რომელმაც დავით სვანიძის კარი ჯერ 34-ე (თერთმეტმეტრიანით), შემდეგ კი 50-ე წუთზე დალაშქრა.
ბოლნისელთა ტანჯვას წერტილი ლევან ხმალაძემ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაუსვა, იქამდე
* * *
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მარცხი იწვნია "დინამოს" მთავარმა მდევარმა "დილამ", რომელიც ახლა უკვე 6 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერს.
გორელებმა ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლეს და გია გეგუჩაძის გუნდს გასაღები ვერაფრით მოუძებნეს. სამაგიეროდ, სტუმრებს გამარჯვების გოლი ნიკა საბანაძემ 83-ე წუთზე მოუტანა.
მანამდე კი, პირველი ტაიმის ბოლოს, სადავო ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნა და უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მსაჯი ლანძღვა-გინებით შეამკეს. "დილას" ქომაგთა არაეთიკური საქციელის გამო მსაჯს თამაშის დროებით შეწყვიტაც მოუხდა.
სხვათა შორის, მსაჯებოსთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა ფოთშიც, სადაც "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა (იხილეთ ვიდეო).
* * *
"ტორპედოს" დარად, ასევე მინიმალური ანგარიშით სტუმრად გაიმარჯვა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" 67-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის მიერ გატანილი გოლით აჯობა.
* * *
უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრის მოწმე გახდა განმუხურის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი, სადაც "ზუგდიდმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა.
19-ე წუთზე სტუმრები საბა ლომიამ დააწინაურა, მაგრამ ამას მალევე უპასუხა ირაკლი ქობალიამ (20 წუთი) და ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძელთა წინ გაყვანა მეორე ტაიმში დავით ბოლქვაძემ კი შეძლო (50), თუმცა ლომიას დუბლმა (63) "მერანს", სულ ცოტა, ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა.
ზუგდიდელებს მხსნელად ზვიად სიხარულია მოევლინათ, რომელმაც გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.
* * *
სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდების პაექრობაში გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ.
ფოთის "კოლხეთმა" "ფაზისზე" გამართულ შეხვედრაში, ნიკა დიასამიძის 60-ე წუთზე გატანილი გოლის პასუხად, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ჯემალ გაბუნიას გოლით კი გაათანაბრა, მაგრამ კიდევ ორ წუთში იმავე დიასამიძეს ვეღარაფერი მოუხერხა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.
* * *
XIX ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც "ჩიხურა" ივანწმინდაში "ზესტაფონს" მიიღებს, 11 დეკემბერს გაიმართება.