დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]

AutoSharing Option
"დილამ" განვლილ შაბათს, მშობლიურ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე შვიდთვიანი პაუზის შემდეგ წააგო. ბოლოს ამ სტადიონზე გორელთა გუნდი 18 აპრილს ასეთივე ანგარიშით დამარცხდა საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრასთან".

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მაშინაც მატჩის მიწურულს გაუშვეს, თუმცა იმ წაგებას ზეიმი მოჰყვა, ვინაიდან ორი მატჩის ჯამში "დილა" მაინც თასის ფინალში გავიდა და შემდეგ აიღო კიდეც.

ჩემპიონატის შეხვედრა კი თენგიზ ბურჯანაძეზე გორელებს სულაც შარშანდელის მერე არ წაეგოთ. იქიდან მოყოლებული, ეს გუნდი მხოლოდ სტადიონის რემონტის გამო სხვა არენებზე ჩატარებულ საშინაო შეხვედრებისას თუ აგებდა.

ჩვენ ბოლოს ვწერდით
კიდეც: "ამდენი გამარჯვებების მერე გორელი მაყურებელიც გარკვეულწილად შეიცვალა და ახლა სულ კმაყოფილი იერი აქვს" და აი, "ტორპედოსთან" შეხვედრაში ამ სტადიონზე მშობლიური კლუბის მარცხმა მაყურებლის რისხვა ისეთი აურზაურით დააბრუნა, დიდი ხანია, რომ არ გვინახავს.

Sportall.Geხმაური პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა გამოიწვია, როდესაც ჟუნიორის პასი რომან ახალკაცმა კარის სიახლოვეს მიიღო, მაგრამ ზაზა ჭელიძესთან ორთაბრძოლაში წაიქცა.

ეს ეპიზოდი მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დასრულების მერე "დილას" წარმომადგენლებმა სხვადასხვა რაკურსით გვაჩვენეს, სადაც ჩანდა, რომ ჭელიძე ნამდვილად ქაჩავდა მაისურზე ახალკაცს. თუმცა მთავარმა მსაჯმა ოთარ ხეცაძემ არც პენალტის დანიშვნა ჩათვალა საჭიროდ და არც მასპინძელი მობურთალის წაქცევა მიიჩნია სიმულაციად.

საგულისხმოა, რომ სამიოდ მეტრში იმყოფებოდა დამატებითი არბიტრი არსენ ნონიკაშვილი. პენალტის არდანიშვნა გორელმა ფეხბურთელებმაც გააპროტესტეს და სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამაც.

მაყურებელი მეორე ტაიმშიც პერიოდულად მწვავედ რეაგირებდა არბიტრის ბევრ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ სკენდერის კარში გაშვებულმა გოლმა სულ მთლად გააშმაგა ისინი.

განსაკუთრებით აქტიური აღმოსავლეთ ტრიბუნა იყო, საიდანაც პეტარდების სროლა ატყდა და ვინაიდან ამ საგნების მთავარ მსაჯამდე მიღწევა ჭირდა, აგრესიულმა ქომაგებმა სანაცვლოდ გვერდით მსაჯს, ელიკაშვილს დაატეხეს მთელი რისხვა.

ხეცაძეს რამდენიმე წუთით მატჩის შეწყვეტა და "დილას" ხელმძღვანელთათვის გულშემატკივართა დაშოშმინებისთვის მოწოდებაც დასჭირდა.

Sportall.Geასეთ ვითარებაში თამაში, როგორც იქნა, დასრულდა, მაგრამ მსაჯებს მოედნიდან გასვლისასაც არ დააკლეს მაყურებლებმა ლანძღვა-გინება (იხილეთ ვიდეო).

ზემოაღნიშნული ინციდენტები, სამწუხაროდ, შეხვედრის მთავარ მოვლენად იქცა და სატურნირო ცხრილში ლიდერთა ბანაკის წარმომადგენელთა დაპირისპირების სათამაშო პერიპეტიები გადაფარა.

არადა, მატჩი სულაც არ ყოფილა უინტერესო. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა აღნიშნეს კიდეც, რომ მათი შეგირდების გარჯით კმაყოფილნი არიან და რომ ფეხბურთელებმა მათი დავალებები კარგად შეასრულეს. მართლაც: როგორც სტუმარ, ისე მასპინძელ ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ სათამაშო დისციპლინის თვალსაზრისით, ურიგოდ არ უმოქმედიათ.

ქუთაისელებმა ე. წ. მეორე ნომრად ყოფნა არჩიეს და მატჩის სადავეები უმნიშვნელო უპირატესობით, მაგრამ მაინც "დილას" ხელში მოექცა. მიუხედავად ამისა, პირველი ხიფათი "ტორპედომ" მე-4 წუთზევე შექმნა, როდესაც ტუღუში-დათუნაიშვილის კომბინაციის დაგვირგვინება ნიკა საბანაძემ ვერ შეძლო ნაყოფიერად.

ეს უკანასკნელი სტუმრების ერთადერთი გამოკვეთილი მოიერიშე გახლდათ, მასპინძლები კი საგოლედ, პირველ ყოვლისა, ჟუნიორზე ამყარებდნენ იმედს. თუმცა, პირველი მატჩებისაგან განსხვავებით, ამ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ისევ უგოლოდ დატოვა მინდორი, ოღონდ საზოგადოდ, ჟუნიორს ცუდად არ უმოქმედია, იგი კომბინაციათა დამაგვირგვინებელ ფაზაში საგოლე პასით გამორჩევას უფრო ცდილობდა.

Sportall.Geგორელებმა შესვენებამდე ორი აღსანიშნავი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ჯერ ონიანს და მერე კლიმიაშვილს სიზუსტე დააკლდათ.

სტუმართაგან გამოვარჩევთ ელგუჯა გრიგალაშვილს. სწორედ მისი დარტყმული პირველი ტაიმის მიწურულს ხარიხას მცირედით გადასცდა.

მეორე ნახევრის დებიუტში კი სწრაფი იერიშის და ძლიერი დარტყმის შემდეგ სკენდერმა გაჭირვებით მოიგერია. "ტორპედოს" ეს ნახევარმცველი მერეც ბევრჯერ გამოირჩა. 58-ე წუთზე კი "დილას" კაპიტან ლაშა სალუქვაძეს მართებდა გატანა. მან კვირკველიას ჩამოწოდების მერე ჟუნიორისგან მეტად სახეირო პოზიციაში მიიღო ბურთი, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

63-ე წუთზე ახალკაცის ჩაწოდებულს გორელიშვილის ძალიან სახიფათო თავური მოჰყვა, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა კარის ხაზზე გაჭირვებით დაიჭირა. ცოტა ხანში კლიმიაშვილის პასით ახალკაცს შეეძლო ეხეირა.

კახელიშვილის თამაშში ჩართვასაც მოჰყვა ხიფათი მიგინეიშვილის კართან, თუმცა მისი ჩაწოდებული მოდებაძემ ვერ აქცია გოლად. ბოლოს კი ისევ ქუთათური გრიგალაშვილის შეტევას მოჰყვა შედეგი - მისი ძლიერი დატყმისას ბურთი სკენდერმა ვერ შეიმაგრა ხელებში, იქვე მყოფმა საბანაძემ კი კარში შეაგორა - 0:1.

მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (ტორპედო):
"გამართლდა ვარაუდი, რომ თამაში რთული გამოდგებოდა. ჩვენ სწორი ტაქტიკა შევარჩიეთ, ფეხბურთელებმაც დავალება შეასრულეს და შედეგიც დადებითი მივიღეთ. მსაჯის გადაწყვეტილებებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

გიორგი დარასელია (დილა):
"ვფიქრობ, შეხვედრა ლამაზი გამოდგა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დავმარცხდით. მსაჯობაზე კი არაფრის თქმა არ მინდა, მით უფრო, რომ ამით საქმეს ახლა აღარაფერი ეშველება. არბიტრის გადაწყვეტილებების განსჯა თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის მომინდვია".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
08. 12. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 2500 მაყურებელი
დილა-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 საბანაძე (83)

VideoSportall.Ge
დილა - ტორპედო 0:1


დილა 4-2-3-1 ტორპედო 4-5-1
სკენდერი მიგინეიშვილი
შაშიაშვილი რიგვავა
სალუქვაძე გ. გურული
გ. ონიანი ზ. ჭელიძე
კვირკველია ტაბატაძე
ბეჭვაია ე. გრიგალაშვილი
გვალია გიგაური
ახალკაცი გ. დათუნაიშვილი
კლიმიაშვილი კუხიანიძე
გორელიშვილი ტუღუში
ჟუნიორი საბანაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. დარასელია გ. გეგუჩაძე

დილა
60. გვალია - კახელიშვილი
76. ახალკაცი - მოდებაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, აბურჯანია, თომაშვილი, ხოჯავა

ტორპედო
70. ტუღუში - ფანცულაია
77. გიგაური - ფირცხალავა
სათადარიგოები: ქვილითაია, ვ. ბოლქვაძე, ვ. კვარაცხელია, იოსელიანი

გაფრთხილება: ბეჭვაია (47), გიგაური (52), გრიგალაშვილი (75), ფანცულაია (85), კუხიანიაძე (90)

არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული