"გაგრაში" საკადრო წმენდა დაიწყო - ოვონიკოკო, ალბათ, უკრაინაში დარჩება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან პირველში დაქვეითებული "გაგრა" პირველი ლიგის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ 5 დეკემბერს საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და 17 ტურის შემდეგ ამბიციური კლუბი "ა" ზონაში 37 ქულით ჯერ მხოლოდ მე-3 ადგილზეა: გაგრელები ლანჩხუთის "გურიას" 7 ქულით, თბილისის "სასკოს" კი 3-ით ჩამორჩებიან და სხვაობის შესამცირებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის შედეგად კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო. "გაგრაში" გამართულ კრებაზე მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შეაფასეს.

კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მიზანი კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. მათ უშუალო კონკურენტ ლანჩხუთის "გურიასთან" ორ შეხვედრაში
მოპოვებული ოთხი ქულა აიმედებთ და გუნდის პერსპექტივას ხედავენ, მაგრამ მესამე ადგილით უკმაყოფილონი არიან და დარჩენილ 16 შეხვედრაში მხოლოდ დადებითი შედეგის მიღწევა სურთ (პირველ ლიგაში 12 გუნდი სამ წრედ თამაშობს).

"გაგრა" საგაზაფხულო ეტაპისთვის მომზადებას 10 იანვარს "მერანის" სტადიონზე დაიწყებს, მოთამაშეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 20 იანვრიდან კი ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს. ამის შემდეგ "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრება - სავარაუდოდ, 4-დან 17 თებერვლამდე, 6, 8, 11, 14 და 16 თებერვალს კი 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. თუმცა, ჯერ მეტოქეთა საბოლოო სია არ დაზუსტებულა.

შეკრებაზე გასამგზავრებელი 22 ფეხბურთელის ვინაობა იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერებას აპირებს. ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება.

ორი მათგანი უკვე ცნობილია: "გაგრას" ზაზა ნადირაძე და ბექა ხოჯანაშვილი დატოვებენ. ნადირაძე გუნდში გასული წლის დეკემბერში მივიდა, მაგრამ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეუწყდა.

ხოჯანაშვილი
კი 2012 წლის ივნისში ჩაირიცხა, ამხანაგური შეხვედრები კარგად ჩაატარა და მისი დიდი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში თანაგუნდელთან შეჯახებისას დაშავდა, მოსამზადებელი ეტაპი ჩაუვარდა და საბოლოოდ, "გაგრა" დატოვა.

იყო ინფორმაცია, თითქოს სეზონის დასრულებამდე ცენტრალურ მცველს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ ლაშა კალანდაძეს დაშორდნენ, მაგრამ 22 წლის ცენტრალური მცველის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. კალანდაძის მიმართ უკმაყოფილება ნამდვილად იყო, რადგან უდისციპლინობის გამო "რაჭასთან" შეხვედრისას მოედნიდან გააძევეს და 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს, მაგრამ გუნდისთვის დიდი ძალაა და ასე იოლად ვერ შეელევიან.

სავარაუდოდ, შეკრებაზე ვერც ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი ჯგერენაია გაემგზავრება - სავარუდოდ, 19 წლის მარცხენა მცველს უკრაინის პრემიერლიგელ მარიუპოლის "ილიჩევეცში" გასინჯავენ.

ლუცკის "ვოლინთან" 6-თვიანი იჯარა უსრულდება აბაიომო სეუნი ოვონიკოკოს. მიუხედავად ამისა, ქართული პასპორტის მქონე 20 წლის ნიგერიელ თავდამსხმელს "გაგრაში" დაბრუნებას არ უპირებენ - სავარაუდოდ, ოვონიკოკოს უკრაინის პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

ვის დაიმატებენ "გაგრაში", ჯერ არ ამბობენ, მაგრამ კლუბის საკადრო პოლიტიკა უცვლელია და ახალწვეულები ისევ და ისევ ახალგაზრდები იქნებიან. მათი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Гагра дабрундеба!
ТароСочи
17:27 12-12-2012
0

სიახლეები პოპულარული