თავად განსაჯეთ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ქუთათურებს საკუთარ მოედანზე მხოლოდ ვეტერინარების დამარცხება ვერ მოეხერხებინათ (2:2, 0:0, 1:1), თუმცა, მიმდინარე ჩემპიონატში სიტუაცია შეიცვალა, გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისელები გასვლაზეც დაამარცხეს და შაბათის შეხვედრაშიც საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
ტორპედოელებს ორი წამყვანი ფეხბურთელი, ელგუჯა გრიგალაშვილი და გრიგოლ დოლიძე აკლდათ; სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ვახტანგ კვარაცხელია, რომელმაც წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქუთაისელთა რიგებში ბოლო 10 წუთი ითამაშა.
შეხვედრის საწყისი წუთები საკმაოდ დუნე და მოსაწყენი გამოდგა. ბურთი ძირითადად
გურამ გურეშიძე ბურთიანად საჯარიმოს მისადგომებისკენ დაიძრა და ძლიერადაც გაისროლა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
თბილისელებმა შორეულ დარტყმებზე გააკეთეს აქცენტი, ლაშა კასრაძემ ომარ მიგინეიშვილის კარის მისამართით სახიფათოდ დაარტა, მაგრამ ხარიხას გადააცილა.
ტაიმის შუაწელიდან ქუთაისელებიც გამოცოცხლდნენ და სამი წუთის ინტერვალში ვეტერინარები ორჯერ დაამწუხრეს. ტორპედოელების პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი გამოდგა: ვაჟა ტაბატაძემ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ნიკა საბანაძემ იმარჯვა და ბურთი მკერდით გიორგი ბერიაშვილისკენ გადაამისამართა, რომელმაც არ დაახანა და ერთი შეხებით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
ორიოდე წუთში ბერიაშვილი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. იგი მარჯვნიდან ბურთიანად შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა გურეშიძემ წესების დარღვევით შეაჩერა და ვიტელების პროტესტის მიუხედავად, არსენ ნონიკაშვილმა პენალტი დანიშნა.
თბილისელთა მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა, თუ ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი იყო, მასეთი ზუსტად სამი მომენტი იყო მეტოქის კართან და არბიტრს არც ერთზე რეაგირება არ მოუხდენიაო...
ბექა ტუღუშმა თერთმეტმეტრიანი აუღელვებლად შეასრულა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. თანაგუნდელებმა გიორგი კუხიანიძე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მასპინძელთა ფლეიმეიკერმა სუსტად დაარტყა და ნიკა დაუშვილს ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა. თავის გამოჩენა შეეძლო ტუღუშსაც, მაგრამ ბოლო მომენტში მცველებმა შეუშალეს ხელი.
თანდათან სტუმრებიც გააქტიურდნენ და ქუთაისელთა საჯარიმოსაც გაუშინაურდნენ. მერაბ კოჭლაშვილის გუნდს გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსიც ჰქონდა: ირაკლი ღიბრაძის უძლიერესი დარტყმა მიგინეიშვილმა კარის წინ მოიგერია. ბურთი ცარიელ კართან მყოფ ოთარ ჯავაშვილს მიუვიდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა და ამ ეპიზოდში აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა, თუმცა ჯავაშვილმა ყველასათვის მოულოდნელად სამიოდე მეტრიდან ხარიხას გადააცილა(!).
დარჩენილ დროში სტუმრები პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა. "ტორპედომ" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე უფრო მყარად დამკვიდრდა.
Video
ტორპედო - ვიტ ჯორჯია 2:0
ტორპედო - ვიტ ჯორჯია 2:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"