ჩიხურა-ტორპედო 0:0 - გაუქმებული პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
არა კანონზომიერად, არამედ სენსაციურად ფრედ დამთავრებულ ამ მატჩში ყველაფერი იყო, რაც დიდ ფეხბურთს ახასიათებს: უამრავი მწვავე და 100%-იანი საგოლე მომენტები, აურაცხელი კარში დარტყმა, მეკარეთა სეივები, საპენალტო სიტუაციები, ჯარიმები, კუთხურები, გაფრთხილებები... მაგრამ არ იყო მთავარი - გოლი!

ამ უკანასკნელის გარდა, სხვაგვარი მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა შეხვედრას, რომელიც თითქმის წყვეტდა პლეი-ოფში მესამე ადგილით გასვლის ბედს.

უფრო კომფორტულად ქუთაისელები გრძნობდნენ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქეს ორი ქულით უსწრებდნენ და "ჩიხურა" ძირითადი მეკარის, ტრავმირებული სომხიშვილის გარეშე თამაშობდა. თუმცა ეს დანაკლისი საერთოდ არ დასტყობიათ საჩხერელებს,
ვინაიდან სათადარიგო მწყერაშვილმა მშვენივრად გაართვა თავი მოვალეობას და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

არავითარი დაზვერვა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. მე-4 წუთზე ჯარიმიდან გათამაშებული ბურთი დიდი გაჭირვებით მოიგერიეს ტორპედოელებმა, რასაც შარაშენიძისა და დიღმელაშვილის ძლიერი, მაგრამ არაზუსტი დარტყმები მოჰყვა.

მე-13 წუთზე კირკიტაძის ჩაწოდებული თავიდან ააცალა მიგინეიშვილმა კვასხვაძეს. მალევე მწვავე კონტრშეტევისას მწყერაშვილთან პირისპირ გასულმა საბანაძემ ვერ აჯობა კარის დარაჯს.

Sportall.Ge21-ე წუთზე გოლი თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ კვასხვაძის დარტყმას მეკარისებური ნახტომით მისწვდა ჭელიძე და კუთხურზე გადააგდო, 26-ე წუთზე კი მწყერაშვილმა აუღო კარგი დარტყმა ტუღუშს. 29-ე წუთზე კვასხვაძის ყუმბარისებურს მიგინეიშვილის ჩვეული რეაქცია მოჰყვა, ხოლო 30-ეზე ისევ მწყერაშვილმა გამოიჩინა თავი.

37-ე წუთზე დათუნაშვილი დასწრებაზე იმდენად ძლიერად და უხეშად შეეჯახა საჩხერელთა მეკარეს, რომ ორივე საექიმო შეიქნა და თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. საბედნიეროდ და სამწუხაროდ, დამხვდურმა მატჩის გაგრძელება შეძლო, მომხვდურმა კი - ვეღარ.

უნდა ითქვას, რომ მსაჯი კრიჭაშვილი ძალისმიერი თამაშის საშუალებას აძლევდა ორ გუნდს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ხელისმიერისასაც". ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 22-ე და 41-ე წუთებზე, როცა მსაჯის სასტვენი ქუთაისელთა სასარგებლოდ დუმდა.

VideoSportall.Ge
ჩიხურა - ტორპედო 0:0


დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ არბიტრს აუცილებლად უნდა დაენიშნა პენალტები, მაგრამ მომენტები საეჭვო და საკამათო ნამდვილად იყო, ხოლო ის, რაც 77-ე წუთზე მოხდა (ამაზე - ქვემოთ), სენსაციის სფეროს განეკუთვნება.

მეორე ტაიმში "ტორპედო" გუნდს აღარ ჰგავდა - თითქმის არ გადმოსულა მოწინააღმდეგის მოედანზე; უმეტესწილად უხეშობით, კუთხურებსა და აუტებზე ბურთის გადაგდებით იყო დაკავებული.

გაუმართლა კიდეც უამრავჯერ: 46-ე წუთზე ცარიელი კარის წინ მდგომმა კვასხვაძემ ფეხი ცუდად წაჰკრა ბურთს. 48-ე წუთზე ანალოგიური მომენტები გაანიავეს ლომაშვილმა და შარაშენიძემ.

თამაში კიდევ უფრო გამწვავდა 67-ე წუთიდან, ჩხეტიანის შემოსვლის შემდეგ, მაგრამ მანამდეც და მის მერეც მრავალი მომენტიდან ერთიც ვერ აქციეს საჩხერელებმა გოლად.

და აი, 77-ე წუთიც: საჯარიმოს შიგნით კუთხიდან ჩხეტიანმა ზუსტად უპასა მეორე კუთხეში კვასხვაძეს, რომელიც შერგელაშვილმა მოცელა. კრიჭაშვილმა უყოყმანოდ მიანიშნა პენალტის ნიშნულისაკენ, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა და მაყურებელთან ერთად ხახამშრალი დატოვა გოლის გასატანად გამზადებული ოდიკაძეც.

მერე იყო 41-ე და ბოლო დამატებითი წუთები, როცა ქუთაისელები ჯერ ძელმა იხსნა, შემდეგ - მიგინეიშვილმა.

დადარაჯებულმა მაყურებელმა ჰაერში აისროლა გასახდელიდან გამოსული რამდენიმე ჩიხურელი. მოწონებისა და გამხნევების გამომხატველი ამ ჟესტის ღირსი ჭეშმარიტად იყო მთელი გუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრი გადაგიხადეს ამ სტატიისთვის? თუ ჟურნალისტი ხარ ცოტა ობიექტურად დაერე რასაც წერ
giorgi
22:39 20-12-2012
0

სიახლეები პოპულარული