თანაც, ანგარიში სრულად არ ასახავს მოედანზე არსებულ ვითარებას - მასპინძლებს რომ მოენდომებინათ, ორ ამდენს კიდევ გაიტანდნენ, მაგრამ ოთხბურთიანი სხვაობით "დაკმაყოფილდნენ".
რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია, როგორ მორჩებოდა მატჩი, სტუმრებს ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზათ: "მეტალურგის" წინააღმდეგ XXII ტურში ხომ "ზუგდიდის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები გამოვიდნენ!
არახალი ამბავია, რომ "ზუგდიდის" ძირითადი შემადგენლობის თითქმის 100-მა პროცენტმა ფინანსური პრობლემის გამო პირველი ეტაპის ბოლო ტურში ასპარეზობაზე უარი თქვა (იხილეთ ვრცლად). ჰოდა, მასპინძლებს რომ 19-20 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული მეტოქის ძლევა არ გაუჭირდებოდათ, ყველასათვის ნათელი იყო.
მართლაც ძნელია ისეთი მატჩის ცქერა, როცა ყველაფერი თამაშის დაწყებამდეა გარკვეულ-გადაწყვეტილი და, ალბათ, ამიტომაც იყო, მასპინძელთა ფეხბურთელები გოლ(ებ)ს, ფაქტობრივად, რომ არც ზეიმობდნენ.
თუმცა, ამ მართლაც უემოციო სპარინგსდამსგავსებულ მატჩში ძნელი იყო "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელთათვის მაქსიმალური მოტივაცია მოგეთხოვა. ბოლოს და ბოლოს, ეს შეხვედრა როგორი ანგარიშითაც არ უნდა დასრულებულიყო, "მეტალურგისთვის" არაფერი იცვლებოდა: ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი ჩემპიონატის მეორე ეტაპს ხომ ქვედა ექვსეულში გაატარებს...
...სტუმრების შემადგენლობაში მეტ-ნაკლებად რამდენიმე "ნაცნობი" ფეხბურთელი თამაშობდა (არჩილ მაქაცარია, გიორგი და ზურაბ ქვარცხავები, აკაკი ფარჯიკია, მურთაზ ჩანგელია, გიორგი ხუბუა, რომეო კანკია); აი, დანარჩენებმა კი, თუ არ ვცდებით, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს!
მასპინძლები კი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდნენ (თუ არ ჩავთვლით ირაკლი სიხარულიძის არყოფნას) და "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან მაყურებელს 2012 წლის ბოლო მატჩში შედეგიანი თამაშით დაემშვიდობნენ.
თითოეული გოლის აღწერას აზრი არც აქვს. უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პირველი სამი გოლი ერთი და იგივე ფეხბურთელების აქტიურობას მოჰყვა: რევაზ გეწაძემ ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი პასის მერე გახსნა; შემდეგ გეწაძემ გაუწია ასისტენტობა ტატანაშვილს, თანაც ორივე ეს შეტევა გიორგი მიქაბერიძემ წამოიწყო, რომლის ზუსტ პასსაც მეორე ტაიმის დასაწყისში ტატანაშვილის "დუბლი" მოჰყვა.
არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი ხელსაყრელი მომენტები გაანიავეს პირველ ტაიმში იმავე ტატანაშვილმა თუ ალექსანდრე ინწკირველმა. ერთ ეპიზოდში კი სტუმრები ავტოგოლს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
რაც შეეხება შეტევას, ჭაბუკ ზუგდიდელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ. თუმცა ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ აკაკი ფარჯიკიამ ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა.
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, უბრალოდ, მხოლოდ იმის აღნიშვნა გვინდა, რომ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები ვიხილეთ: რევაზ გეწაძის პასით გიორგი ქავთარაძემ თავით ლამაზად გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში; თუმცა მანამდე დენის დობროვოლსკის შორეული "დაქუხება" იყო: სტუმართა მეკარემ მხოლოდ თვალი გაადევნა, თუ როგორ მიფრინავდა ბურთი მისი კარის "ცხრიანისკენ".
ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: გიორგი ლაშქარავამ, დაახლოებით 30 მეტრიდან, დობროვოლსკიზე არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა!
...ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ, მატჩს ინტრიგა არ ჰქონდაო. ასეც იყო, ოღონდ ინტრიგა შეხვედრის მსვლელობისას, უფრო ზუსტად, მიწურულს გაჩნდა: თანაგუნდელები ჰეთ-თრიქის შესასრულებლად მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ დიმიტრი ტატანაშვილს, მაგრამ გამოცდილმა ფორვარდმა ერთ ეპიზოდში ბურთი ძელს გაარტყა, მეორე შემთხვევაში კი არჩილ მაქაცარიამ იხსნა თავისი გუნდი.
Video
მეტალურგი - ზუგდიდი 5:1
მეტალურგი - ზუგდიდი 5:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"