ფოთის "კოლხეთი 1913" - როგორი იქნება საიუბილეო წელი?

AutoSharing Option
10 იანვარს ფოთის "ფაზისის" სტადიონზე "კოლხეთის" მოთამაშეები შეიკრიბებიან და მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგებიან. მერე რა და როგორ იქნება, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მხოლოდ ის ვიცით, რომ გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - არა მხოლოდ შემადგენლობაში, არამედ საკადრო პოლიტიკის კუთხითაც.

კლუბი კი ისევ თემურ ბარქაიას დაუბრუნდა, რომელმაც ფოთის "კოლხეთი" 2006 წელს უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა. მაშინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო უმაღლესი ლიგიდან პირველში დააქვეითეს და პატრონი არ ჰყავდა.

მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან კლუბების დაფინანსება აიკრძალა, რაც ამ ტიპის კლუბების სიკვდილს ნიშნავდა -
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და რეგიონულ ლიგებში მათი უმრავლესობა ხომ სწორედ სახელმწიფოსგან საზრდოობდა.

შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ბიზნესმენმა თემურ ბარქაიამ კლუბი დაშლას გადაარჩინა: "კოლხეთი" ფოთელი ახალგაზრდებით დააკომპლექტა და 2010 წელს უმაღლეს ლიგაში დააბრუნა.

მაგრამ 2011 წლის მარტში კლუბი დაატოვებინეს - ასეთი "კეთილი" გადაწყვეტილებების დროც გვახსოვს.

ახლა ეს ახალგაზრდა კაცი ფოთური კლუბის აღორძინების იმედად დაბრუნდა და სჯერა, რომ ეს რეალურია, თუ საქმეს თავიდან დაიწყებს. საამისოდ კი გასარკვევია კლუბის ბიუჯეტი, რომლის პარამეტრებიც ახლა ზუსტდება.

პოლიტიკურმა ცვლილებებმა ქვეყანაში სპორტისადმი მიდგომები შეცვალა და ჯერ კიდევ უცნობია, "კოლხეთს" რამხელა ბიუჯეტს დაუმტკიცებენ. თუმცა უკეთესობის იმედი არის. ტრადიციული თავისტკივილი, დააფინანსებენ თუ არა გუნდს ბიუჯეტიდან, მოეხსნათ - საკითხი დადებითად გადაწყდა, მაგრამ რა ოდენობით, ეს ახლა ირკვევა. ამას გარდა, კლუბის ძველ-ახალ პრეზიდენტს სპონსორებისაც ეიმედება.

მოკლედ, "კოლხეთში" ადგილობრივების იმედად არიან, თუმცა მოწვეულ მოთამაშეებზე უარს არ ამბობენ. მაგალითად, გუნდში რჩება გიორგი ტყეშელაშვილი და რამდენიმე ახალგაზრდა. თუმცა, კლუბი მალე მოთამაშეთა საშუალო ასაკით საქართველოს ჩემპიონატში, ალბათ, ყველაზე თინეიჯერული ასაკის იქნება.

თუმცა, უმთავრესად, ფოთელთა იმედად იქნებიან. ლაპარაკია იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც პირველი ეტაპის ბოლო ტურებში "ვიტ ჯორჯიასა" და გორის "დილას" წინააღმდეგ ითამაშეს და თავი არც ისე ურიგოდ წარმოაჩინეს.

და კიდევ: იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც ბოლო ტურებამდე კლუბიდან გაუშვეს, ხელფასების დავალიანებას ერთი თვის განმავლობაში დავუფარავთო.

ფოთში შარშან დაიწყო "ფაზისის" სტადიონის განახლება. ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვა შეასრულა და მოედნის საფარი დააგო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ტრიბუნების სრულად განახლებას ვერ ახერხებს - სამუშაოები ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეზე მიმდინარეობდა და როგორც ვიცით, ახლა ისიც შეჩერებულია.

თუმცა წლეულს "კოლხეთის" დააარსებიდან 100 წელი სრულდება, იმედია, რეკონსტრუქცია გაგრძელდება და კლუბი იუბილეს ლამაზად აღნიშნავს.

აქ ერთი სამწუხარო ფაქტი დავადგინეთ: სამოქალაქო ომის დროს "კოლხეთის" ხელთ არსებული უმდიდრესი მასალები გაქრა, დაიკარგა და დღემდე ვერ მიაკვლიეს, სად არის ისტორიული დოკუმენტები, რომელიც ფოთში საფეხბურთო კლუბის უფრო ადრე დააარსებაზე მეტყველებდა.

თუმცა დღესაც არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ფოთში კლუბი 1904 წელს დაარსდა. ასე რომ, ამ კუთხით არა მხოლოდ კლუბში, ფეხბურთის ფედერაციასაც ბევრი სამუშაო აქვს - დარწმუნებული ვართ, არაერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება.

თავის დროზე საარქივო მასალებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაინტერესდა, კომისიაც ჩამოაყალიბა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ეს კომისია დაიშალა.

არადა, ქართული ფეხბურთის 100 წლის იუბილეს აღნიშვნა ისე გამოგვეპარა, თითქოს ეს ფაქტი უმნიშვნელო რამ იყოს.

მოკლედ, 2013 წელი "კოლხეთი 1913"-ისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ როგორ დასრულდება, ეს ბევრ გარე ფაქტორზე, სპონსორებსა და დამფინანსებლებზე იქნება დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყეშელაშვილზე სანამ დაწერთ სჯობს გადაამოწმოთ ჯერ
0

სიახლეები პოპულარული