თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...

AutoSharing Option
თანამედროვე კი არა, საერთოდ, ფეხბურთში მარადიული არაფერია და, როცა იქნებოდა, თბილისის "დინამოს" წარუმატებელი სერიაც უნდა დასრულებულიყო;

მართალია, წინ გადამწყვეტი, მეორე ეტაპია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი (უფრო ზუსტად, უმთავრესი) ფავორიტია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება!

ჰო, მოენატრათ "დინამოს" ერთგულ ქომაგებს თავიანთი საყვარელი გუნდის ცხრილის სათავეში ხილვა და აი, გუნდიც ჯერჯერობით ამართლებს ფავორიტის სტატუსს: ჩემპიონატის პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა!

თანაც, იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენთან სეზონის ტრიუმფატორი სწორედ "ზამთრის ჩემპიონი" ხდებოდა, ანუ, "დინამომ" ამ არაოფიციალური "ტიტულის" დაბევებით
ოქროს მედლებისაკენ სერიოზულზე-სერიოზული განაცხადი გააკეთა.

არადა, ზუსტად ერთი წლის წინ, როცა წინა ჩემპიონატის პირველ ეტაპს ვაჯამებდით, "დინამოს" სამომავლო პერსპექტივას ერთობ პესიმისტურად ვაფასებდით და ამაში ქვემოთ მოყვანილი ამონარიდითაც დარწმუნდებით:

"ნაადრევი დასკვნისგან ყოველთვის თავის შეკავება სჯობს, მაგრამ ვერც რეალობას გავექცევით: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა შესაძლოა, ზედიზედ მეოთხე სეზონი დაამთავროს ოქროს მედლების გარეშე!

ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს მომხდარა, ისე როგორც ის ფაქტი, თბილისის "დინამოს" სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაემთავრებინოს.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ "დინამო" თასისათვის ბრძოლას ერთობ ნაადრევ ეტაპზე (მერვედფინალში) გამოეთიშა, რეალური საშიშროებაა გუნდი ევროტურნირების საგზურის გარეშეც დარჩეს!"


"დინამოს" ერთგულ ქომაგთა სამწუხაროდ, ეს ჩვენი პესიმისტური ვარაუდი გამართლდა: "დინამომ" წინა სეზონი სამეულს მიღმა დაასრულა და პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროტურნირებზეც ვერ იასპარეზა!

თუმცა, მოვლენების ასეთ განვითარებას კლუბის მეპატრონე და პრეზიდენტი რომან ფიფია რომ არ შეეგუებოდა, ყველასათვის ცხადი იყო და ამ სეზონის დაწყების წინ სერიოზული საკადრო ცვლილებებიც განახორციელა.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ახალი ფეხბურთელების მოყვანას არ ვგულისხმობთ: კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაბრუნდა ბუბა ტყავაძე, ხოლო გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი (უმცროსი) დაინიშნა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული "დინამომ" დღევანდელი მწვრთნელის მამის, დუშან უჰრინი-უფროსის ხელმძღვანელობით მოიპოვა (2008 წელს).

და აი, უჰრინების საფეხბურთო დინასტიის უმცროს წარმომადგენელს საქართველოს ჩემპიონატში მშვენიერი დებიუტი ჰქონდა: "დინამო" მართლაც საჩემპიონო ფეხბურთს უჩვენებს და, რაც მთავარია, სუპერ-შედეგიანობითაც გამოირჩევა!

თავად განსაჯეთ: პირველ ეტაპზე "დინამომ" 2 და მეტი ბურთის სხვაობით 13 მატჩი მოიგო, მეტოქეთა კარში კი საშუალოდ, შეხვედრაში 3 ბურთი გაჰქონდა!

მეკარე
ამ რგოლში, ერთის მხრივ, სანერვიულო არაფერი უნდა იყოს: "დინამოს" კარს ხომ დღესდღეობით საქართველოს საუკეთესო მეკარე გიორგი ლორია იცავს!

თუმცა, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ მართლაც ზღაპრული მატჩში მიღებული ტრავმის გამო 26 წლის მეკარეს გარკვეული დრო გაუცდა, მერე ამას ოპტიმალური ფორმის "აკრეფასთან" დაკავშირებული პრობლემებიც მოჰყვა, თუმცა გიორგი ლორია რომ გუნდში და ნაკრებში უკონკურენტოა, ამას წყალი არ გაუვა.

აუგს ვერც ლორიას დუბლიორებზე ვიტყვით: 22 წლის თორნიკე ზარქუასა და 26 წლის კოკა სეფიაშვილზე.

დაცვა
ალბათ, თავშივე უნდა გვეთქვა: "დინამოს" წარმატებული თამაშის ერთ-ერთი საწინდარი მთავარი მწვრთნელის "ჯიუტად" არჩეული სტაბილური შემადგენლობაა;

ჰო, მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში თუ მიმართავდა დუშან უჰრინი შემადგენლობაში როტაციას, თორემ, უმეტეს შემთხვევაში, მოედანზე ერთი და იგივე 11 ფეხბურთელი გამოდიოდა.

აი, თუნდაც დაცვის ხაზი ავიღოთ: 27 წლის გიორგი სეთურიძე მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტოა, ისე როგორც გამოცდილ ცენტრალურ მცველთა დუეტი: 31 წლის ოთარ ხიზანეიშვილი და 33 წლის გივი კვარაცხელია;

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, 24 წლის გიორგი რეხვიაშვილს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ახალწვეულის, 21 წლის დარკო გლიშიჩის სახით.

დაცვის ლიდერად კი ხანმოკლე პაუზის მერე გუნდში დაბრუნებული გივი კვარაცხელია უნდა მივიჩნიოთ: პირველ ეტაპზე ყველა მატჩი რომ ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.

ნახევარდაცვა
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: წინა სეზონში (უფრო ზუსტად, მეორე ეტაპზე) "დინამოში" ნაკლებად ენდობოდნენ მიკელ ალვაროს; არადა, 30 წლის ბასკი ნახევარმცველი ამ სეზონში "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერია და შესაშური შედეგიანობითაც გამოირჩევა: 11 გოლი გაიტანა!

წინა სეზონთან შედარებით მკვეთრად მოუმატა გიორგი მერებაშვილმაც: 26 წლის შემტევი "დინამოს" შეუცვლელი ფეხბურთელია, თუმცა უფრო მეტიც რომ შეუძლია, ამაში, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება.

კარგად დაიწყო სეზონი კარლეს კოტომ, თუმცა 24 წლის მარჯვენა გარემარბმა ტრავმა მიიღო და ბევრი მატჩი გაუცდა;

"დინამოს" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ საყრდენ ნახევარმცველებსაც: 24 წლის ირაკლი ძარიასა და 27 წლის ლევან ხმალაძეს.

ეს უკანასკნელი "დინამოს" ყველაზე სტაჟიანი წევრია და ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე წარმატებით ასპარეზობს.

თავდასხმა
სეზონის დაწყების წინ "დინამოში" ახალი ცენტრფორვარდი ჩაირიცხა: 29 წლის ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი, თუმცა ესტონეთის ნაკრების თავდასხმელის ტრანსფერს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

რასაც ვერ ვიტყვით "დინამოს" მეორე ახალწვეულზე, 27 წლის ჯაბა დვალზე - საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირმა თავის ძველ-ახალ გუნდშიც გამოავლინა სნაიპერული თვისებები და 18 მატჩში 16 გოლის გატანა "მოასწრო"!

Sportall.Ge

ყველაზე "ტკბილი ლუკმა" კი ბოლოსკენ შემოვინახეთ: 32 წლის ჩისკო "დინამოს" კი არა, საერთოდ, ჩემპიონატის უპირველესი ვარსკვლავია!

გამოცდილი ესპანელი შემტევის თამაშის ცქერა ერთი სიამოვნებაა და არც ის არის შემთხვევითი, რომ საუკეთესო ბომბარდირთა დავას 17 გოლით სწორედ ჩისკო ლიდერობს.

შედარებისათვის: წინა სეზონში ჩისკომ 25 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ახლა კი ეს მაჩვენებელი პირველივე ეტაპზე გააუმჯობესა...

საუკეთესო მატჩი
წინა სეზონს ვიხსენებდით და ის კი "დაგვავიწყდა", რომ "დინამომ" პირველი ეტაპი 5 წაგებით დაასრულა და მხოლოდ ერთადერთხელ იყო, ძლიერ მეტოქესთან ("ტორპედოსთან") საუკეთესო ფეხბურთი რომ უჩვენა.

ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რამდენიც გნებავთ, იმდენი მატჩის გახსენება შეიძლება პირველ ეტაპზე, "დინამოს" თამაში მხოლოდ ქებას რომ იმსახურებდა თუმცა, გამორჩეული მაინც "დილასთან" საშინაო გამარჯვება იყო: უშუალო კონკურენტს დიდი ანგარიშით (3:0) ხომ მოუგო, მეტოქეც აშკარად დაჯაბნა და, საერთოდაც, თამაშის მაღალმა ხარისხმაც სასიამოვნოდ გაგვაოცა.

ყველაზე ცუდი მატჩი
მიმდინარე სეზონში "დინამო" ერთადერთი გუნდია, საკუთარ მოედანზე 11-ვე მატჩი რომ მოიგო (ბურთების სხვაობა ხომ საერთოდ შთამბეჭდავია: 43-11).

თუმცა, საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდს სტუმრად უფრო უკეთ ასპარეზობაც მოეთხოვება. ყველაზე ცუდ მატჩად, რაღა თქმა უნდა, V ტურში "დილასთან" სტუმრად განცდილი მარცხი იყო;

იგივეს თქმა შეიძლებოდა XVII ტურში მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულ შეხვედრაზეც. თუმცა ამას ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოჰყვა...

ლიდერი
ახალმა მწვრთნელმა გუნდში ახალი იდეები მოიტანა "დინამო" 4-4-2-ზე "გადააწყო" და, რაც მთავარია, ყველა რგოლში ლიდერი ჰყავს: კარში - გიორგი ლორია, დაცვაში - გივი კვარაცხელია, შუახაზში - მიკელ ალვარო, თავდასხმაში - ჩისკო.

იმედია, მეორე ეტაპზე ამ სიას ჯაბა დვალიც შეუერთდება.

მიზანი
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ "დინამოს" ერთადერთი მიზანი აქვს: ჩემპიონობა! თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ, რომ გუნდმა "დუბლის" შესრულებაზეც იფიქროს: ერთ სეზონში ჩემპიონატის ოქროს მედლები და თასი უკანასკნელად გუნდმა 2003 წელს მოიპოვა.

ჰოდა, 10-წლიანი პაუზის შემდეგ "დინამოს" ამ მიღწევის გამეორების მშვენიერი შანსი ეძლევა.

კვალიფიციური მწვრთნელი, სტაბილური შემადგენლობა და, რაც მთავარია, მშვენიერზე მშვენიერი საწვრთნელი ბაზა, - გუნდს არანაირი ყოფითი თუ სავარჯიშო პირობები არ აწუხებს და ეს, რაღა თქმა უნდა, კლუბის მეპატრონისა და პრეზიდენტის, რომან ფიფიას დამსახურებაა.

დაბოლოს, ერთგულ ქომაგებზეც: "დინამოს" ფან-კლუბი შინ თუ გარეთ, თავის საყვარელ გუნდს მხარდაჭერას არ აკლებს და ასეთი ერთგულებისათვის ეს ახალგაზრდებიც, უდავოდ, ქებას იმსახურებენ.

P.S. ეს ყველაფერი ზემოთქმული კარგია, მაგრამ მართლაც თვალისმომჭრელი და ჩინებულად გაკეთებული დიღმის საწვრთნელი ბაზა (მხოლოდ გადმოცემით რომ ვიცით) ქართულმა სპორტულმა მედიამ როდის უნდა იხილოს თუ შეაფასოს საკუთარი თვალით?..

თბილისის "დინამოს" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 22 მატჩი, 16 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება, ბურთები: 63-19
ადგილი - I

I ტური
მეტალურგი-დინამო 0:1
II ტური
დინამო-ტორპედო 3:2
III ტური
დინამო (ბთ)-დინამო 0:3
IV ტური
დინამო-კოლხეთი 5:0
V ტური
დილა-დინამო 2:0
VI ტური
დინამო-ვიტ. ჯორჯია 5:0
VII ტური
ჩიხურა-დინამო 0:0
VIII ტური
დინამო-სიონი 7:2
IX ტური
ზუგდიდი-დინამო 1:1
X ტური
მერანი-დინამო 0:4
XI ტური
დინამო-ზესტაფონი 2:1
XII ტური
დინამო-მეტალურგი 3:0
XIII ტური
ტორპედო-დინამო 2:2
XIV ტური
დინამო-დინამო (ბთ) 5:3
XV ტური
კოლხეთი-დინამო 0:2
XVI ტური
დინამო-დილა 3:0
XVII ტური
ვიტ ჯორჯია-დინამო 1:1
XVIII ტური
დინამო-ჩიხურა 5:2
XIX ტური
სიონი-დინამო 0:5
XX ტური
დინამო-ზუგდიდი 2:0
XXI ტური
დინამო-მერანი 3:1
XXII ტური
ზესტაფონი-დინამო 2:1

თბილისის "დინამო" 2012/2013
მეკარეები: გიორგი ლორია - 15, თორნიკე ზარქუა - 6, კოკა სეფიაშვილი - 1;

მცველები:
გივი კვარაცხელია - 22 (3), გიორგი სეთურიძე - 21, ოთარ ხიზანეიშვილი - 19, გიორგი რეხვიაშვილი - 17, დარკო გლიშიჩი - 16, არჩილ ტვილდიანი - 6 (1), გიორგი გველესიანი - 4, დავით ხოჭოლავა - 3, ლევან კაკუბავა - 1;

ნახევარმცველები:
გიორგი მერებაშვილი - 22 (6), მიკელ ალვარო - 22 (11), ლევან ხმალაძე - 21 (6), ირაკლი ძარია - 18, კარლეს კოტო - 10, ნიკა კვეკვესკირი - 8, ჯაბა ჯიღაური - 2, ირაკლი ლექვთაძე - 2, ლაშა პარუნაშვილი - 1, გიორგი პაპავა - 1;

თავდამსხმელები:
ჩისკო - 20 (17), ჯაბა დვალი - 18 (16), რობერტინიო - 14 (1), ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი - 13 (1), ალბერტ იაგუე - 1.

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (I-XXII)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 10 /
დინამოს გულშემატკივრებო., მგონი ნაადრევად ზეიმობთ ჩემპიონობას, დილა კი არ იშლება, უფრო ძლიერდება და ფრთხილად იყავით. დილა ჩემპიონი იქნება.
vaxo
10:46 14-01-2013
0
სასაცილოა სასაცილო : )) ბოღმა კლავს ხალხს ბოღმა : დ ჰაჰა : D იყო დილა ძლიერი მაგრამ ყველამ დაინახა რისი მაქნისია და მორჩით ამ უაზრო ენის ტრიალს რა : )))
DINAMO
09:50 13-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული