გიორგი ონიანი: "დილაში" გაურკვევლობა "დინამოს" წისქვილზე ასხამს წყალს

AutoSharing Option
ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც, ალბათ, ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხება, გიორგი ონიანია.

29 წლის მცველმა მიმდინარე სეზონი გორის "დილაში" ლამის შეუცვლელად ჩაატარა. პირველ ეტაპზე გამართული 22 შეხვედრიდან გორელთა ფორმა 20-ში მოირგო, საიდანაც 18 ძირითადში დაიწყო და 3 გოლი გაიტანა.

ონიანმა "დილასთან" კონტრაქტი 2011-2012 წლების სეზონის დასრულებისთანავე გააფორმა, რადგან "ზესტაფონთან" ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გიორგიმ ქუთაისური კლუბის ინტერესი დაგვიდასტურა:

- ჯერ "ტორპედოში" არ გადავსულვარ. საკითხი ახლა წყდება და უახლოეს დღეებში მეცოდინება, "ტორპედოში" ვითამაშებ თუ არა, მაგრამ დასამალი არ არის,
რომ ქუთაისში მართლაც მიწვევენ და უკვე მოლაპარაკება გვქონდა.

- გორის "დილასთან" ხომ კონტრაქტი გაკავშირებს?
- "დილა" უკვე დავტოვე, კონტრაქტი დამიმთავრდა და ეს ხელს მიწყობს. თავისუფალი აგენტი გავხდი და არჩევანს თავისუფლად გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ გორში დიდი ხანი არ მითამაშია, ამ კლუბის მადლიერი ვარ. ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ახლა წამოსვლა მერჩივნა.

გია გეგუჩაძეს ველაპარაკე და მას ჩემი დატოვება სურს. "ტორპედოში" თამაში ჩემთვის უფრო მისაღებია.

- რატომ? გულახდილად თქვი, "დილა" მართლაც იშლება?
- ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ლიდერები: სალუქვაძე, შაშიაშვილი და ახალკაცი წავიდნენ. ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ითამაშებს ხოჯავა, რომელიც ბოლოს ფორმაში შედიოდა და ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. სავარაუდოდ, "დილას" მეკარე მარინ სკენდერიც დატოვებს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ "დილა" ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს...
- მიჭირს ლაპარაკი, ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს. ალბათ, კლუბს ძველებურად დიდი ბიუჯეტი აღარ ექნება. ფაქტია, რომ ლიდერების წასვლა გუნდს არ წაადგება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

გუნდში კიდევ ბევრი კარგი მოთამაშეა და იმედია, ისინი პოზიციების შენარჩუნებას მოახერხებენ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, გუნდში ისინი დარჩებიან თუ არა. გააჩნია იმასაც, მწვრთნელად ვის დანიშნავენ, მაგრამ სანამ ახალი მწვრთნელი გუნდს შეკრავს და შეათამაშებს, დრო გავა - ეს არის პრობლემა. "დინამო" კი აწყობილი გუნდია და ეს ვითარება წყალს მის წისქვილზე ასხამს.

იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი "დილას" შედეგებზე, მეორე წრეში გამოჩნდება. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია. "დილა" ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ტურნირს ინტერესი შემატა, ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და ახლა მისი დასუსტება ყველას გულს დასწყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში, "დილას" წარმატებას ვუსურვებ.

- მართალია, რომ ყველას ექვსთვიანი კონტრაქტები გქონდათ?
- პირადად მე ექვსთვიანი მქონდა, ქუთაისის "ტორპედო" კი გაცილებით ხანგრძლივ და სტაბილურ კონტრაქტზე დამელაპარაკა, რაც ჩემთვის და ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის ბევრს ნიშნავს.

- ქუთაისის "ტორპედოსთან" პირობები შესათანხმებელი გაქვს?
- ამაზე უნდა დავილაპარაკოთ და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელი ხარ, დილას ყველა გულშემატკივარს თავი შეაყვარე შენი კარგი თამაშით და კარგი ადამიანობით, გისურვებ ყოველივე კარგს.
vaxo
15:35 18-01-2013
0
გიორგი მართლაც კარგი ადამიანია ზესტაფონს რო გოლი გაუტანა გორში როგორ კაცურად მოიქცა.
bibo
16:08 18-01-2013
0

სიახლეები პოპულარული