გიორგი პაპიაშვილი: ფეხბურთელების დამატება შეიძლება რამდენიმე დღეში გაირკვეს

AutoSharing Option
შესვენების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიშები განაახლა და მზადების აქტიურ ფაზაში შევიდა.

გულშემატკივართათვის, ალბათ, საინტერესოა თუ როგორი სამომავლო გეგმები აქვს ქუთაისურ გუნდს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი საუბრობს.

"მოგეხსენებათ, "ტორპედომ" ჩემპიონატის ახალი ეტაპის, ეროვნული თასისა და ესპანეთში გასამართ მარბელას ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო, გუნდი სრული დატვირთვით შეუდგა ქუთაისში ვარჯიშებს.

აქ ფეხბურთელები 2 კვირის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებს გამართავენ. უკვე ცნობილია, როგორც დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მეტოქე, ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი "გაგრა", ასევე კალენდარიც. ამრიგად, ჩვენ სრულ მზადყოფნაში შევხვდებით
თითოეულ მატჩს.

პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი ღირსეულ ექვსეულში მოხვედრა იყო, რაც საშუალებას მოგვცემდა უფრო მაღალი მიზნებისთვის გვებრძოლა.

შესაბამისად, ამჟამად გუნდი მზად არის, რომ ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. თუ რომელი ადგილი იქნება ეს, ამას ჩვენი მომზადების დონე დაგვანახებს, როდესაც ესპანეთიდან ჩამოვა გუნდი.

ესპანეთში გუნდი განთავსდება ქალაქ ესტეპონაში მდებარე სასტუმრო "H10 Estepona Palace"-ში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც კლუბის მიერ იქნა წამოყენებული: საუნები, აუზები, სატრენაჟორო დარბაზი, სამასაჟო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ..

წელს, მარბელას თასზე საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. დავსძენ, რომ კენჭისყრა ტურნირის დაწყებამდე 2 კვირით ადრე იქნება და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უკვე გვეცოდინება ჩვენი მეტოქეები.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ გუნდს სურს იქ მოხვედრა, თუმცა უმეტესობა ვერ ხვდება. სასიხარულოა, რომ მასპინძელი მხარე საკმაოდ კეთილგანწყობითაა ჩვენს მიმართ, ეს ყველაფერი არის მათთან თანამშრომლობით მიღწეული და ამ დამოკიდებულების საშუალებით მოხდება, რომ ჩვენ ასეთი დონის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას.

სამწუხაროდ, გუნდს ესპანეთში მისი ტრავმიდან გამომდინარე ვერ გაყვება ლაშა შერგელაშვილი. გუნდთან ერთად აუცილებლად იქნება გიორგი დათუნაიშვილი, თუმცა ამ ეტაპზე მისი კონდიციები მთლიან დატვირთვაზე არ არის გათვალისწინებული.

როგორც ადრე ავღიშნეთ, გულშემატკივრებს მარბელას თასზე გამართული ყველა თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ექნებათ, რადგან მასპინძელ მხარეს რუმინულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 6 კამერით უზრუნველყოფს მატჩების ჩვენებას.

ამის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატივაც, "ტორპედოს" ვებ-გვერდზე შეხვედრების გასაშუქებლად ჩვენი ტექნიკური ჯგუფიც მომზადებული იქნება.

რაც შეეხება კლუბის მიზნებს, რომლებიც არის არა მარტო სპორტული, არამედ მისი განვითარების კუთხითაც. ყველაფრის ფონზე, ჩვენ არ ვივიწყებთ საგარეო პოლიტიკას, ის პრეცედენტი, რაც შარშან მოხდა "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, იგივეს გაორმაგებასა და გასამმაგებაზე ვმუშაობთ.

გვაქვს მოლაპარაკებები საზღვარგარეთის სხვადასხვა კლუბებთან და მოხდება არა მარტო ჩვენი გამგზავრება, არამედ მათი ქუთაისში ჩამოსვლაც.

საკმაოდ აქტიურად გვაქვს მოლაპარაკებები ქუთაისში, ბევრი სფეროს წარმომადგენლებთან და მთლიანად ქუთაისის საზოგადოებასთან, რათა ის ხარვეზები აღმოიფხვრას, რომლებმაც სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობის სიმცირე განაპირობა და გაჩნდეს ჯანსაღი აზრი.

ქუთაისის "ტორპედო" არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია თავისი შესაძლებლობებით, სწორი მენეჯმენტითა და სწორი ნაბიჯებით ღირსეული ადგილი დაიკავოს და ღირსეული გუნდის სახელი ჰქონდეს.

რაც შეეხება ახალწვეულს, იცით, რომ ჩვენთან ბიძინა ცინცაძემ გააფორმა ხელშეკრულება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ კიდევ სხვა ფეხბურთელების დამატებასაც, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეშიც გაირკვეს. ყოველ შემთხვევაში სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ამ კუთხითაც ვმუშაობთ.

მინდა გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ თუ რომელიმე კომპონენტში კლუბი დაინახავს სისუსტეს, აუცილებლად მოხდება მისი გაძლიერება.

პარალელურად, კლუბი იწყებს უეფას სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ზრუნვას, ანუ ის ხარვეზები, რაც იყო წინა შესარჩევ ეტაპზე აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ჩვენ მარტში ველოდებით უეფას წარმომადგენლებს, რომლებიც შეამოწმებენ სტადიონს. ჩვენი დიდი სურვილია და მიზანი, რომ ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა რაც შეიძლება მაღალი კატეგორია მიიღოს, რათა უფრო მეტი თამაში გამართოს ჩვენს ქალაქში.

ვიმედოვნებ, რომ ეს წელი ყველაზე წარმატებული იქნება, რაც ქუთაისის "ტორპედო" 3 წლით "ვისოლის" ხელში ასპარეზობს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, გვაქვს ინფრასტრუქტურა და პოტენციალი, რითაც მაღალი მიზნების მიღწევა შეგვიძლია".

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული