თბილისიდან დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი;
მცველები: გიორგი სეთურიძე, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, დარკო გლიშიჩი;
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ძარია, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, ნიკა დიასამიძე, გიორგი პაპავა, ლაშა შინდაგორიძე, კარლეს კოტო, მიკელ ალვარო;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი.
კლუბის
"დინამო" მოსამზადებელ ეტაპზე პირველ საკონტროლო მატჩს 23 იანვარს, ყაზახეთის ჩემპიონთან, ყარაგანდის "შახტიორთან" გამართავს.
შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. მაგალითად, "დინამო-2"-იდან დაიმატეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლევან ტყეშელაშვილი. გიორგი შაშიაშვილისა და დიმიტრი ტატანაშვილის დამატება კი არახალია.
დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ანტალიაში არ გაემგზავრნენ მეკარე კოკა სეფიაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი, აგრეთვე გარემარბები: რობერტინიო და ირაკლი ლექვთაძე.
შევიტყვეთ, რომ სეფიაშვილს უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში იჯარით გაუშვებენ. ყველაზე მეტად კი საჩხერის "ჩიხურა" აქტიურობს.
იგივე მიზეზით რჩება თბილისში ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი პარუნაშვილი. ამ შემთხვევაში, კლუბის პოზიცია გამართლებულია, მოთამაშეს ძირითადში ჯერ ვერ ათამაშებენ, მაგრამ სათადარიგოებში მისი დასმა და უქმად ყოფნა არ სურთ და ასევე იჯარით გაშვებას უპირებენ - ჩვენი ინფორმაციით, 19 წლის დინამოელს რუსთავის "მეტალურგი" და ბათუმის "დინამო" იწვევენ.
შეკრებაზე არც ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი მიდის, რომელიც უკვე გუნდის ვებგვერდზე ოფიციალურ განაცხადშიც აღარ ფიგურირებს.
როგორც შევიტყვეთ, უთამაშებლობის გამო ესტონელ თავდამსხმელს კონტრაქტის გაწყვეტა და "დინამოდან" წასვლა თავად სურს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"