ბოლნისის "სიონი" ანტალიაში შეკრებაზე მიემგზავრება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა კვლავ "ბენდელას" სტადიონზე ჩაატარეს.

სანამ შეხვედრაზე მოგითხრობთ, გეტყვით, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ჯელაძეს დაეხმარებიან გიორგი ლოლაძე და ჯონი ჯაგიდისი, მეკარეებს კი კვლავ დავით ასლანიძე გაწვრთნის.

სიონი-ჩიხურა 2:1
"სიონი": ვ. ლობჟანიძე - ფოფხაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ელიავა - ნემსაძე, ჯოჯუა - ბიბილეიშვილი, ცხადაია, ლექვთაძე - მიკუჩაძე.
შეცვლაზე: მერლანი, უგრეხელიძე, ისიანი.

სამწუხაროდ, "ჩიხურას" შემადგენლობა ვერავინ გვითხრა. მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ "ჩიხურაში" გუნდის რამდენიმე ლიდერს არ უთამაშია, მათ შორის,
დავით ოდიკაძეს, რევაზ გოცირიძეს, დავით
კირკიტაძესა და ბესიკ დეკანოიძეს.

ხელოვნურ საფარზე მოთამაშეთა დაშავების რისკი ჩვეულებრივზე დიდია. რადგან საჩხერელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ, "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისინი მცირე ტრავმების გამო დაასვენა.

28-ე წუთზე ანგარიში "სიონის" თავდამსხმელმა კოკა მიკუჩაძემ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში საჩხერელებმა წონასწორობა ლევან ბაკურაძის დარტყმის შემდეგ აღადგინეს, მაგრამ 70-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვილი ისიანმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და ბოლნისელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

"სიონის" პრესატაშის, ლაშა მესხიას თქმით, გუნდი მეორე შეკრებას 5 თებერვლიდან 18 თებერვლამდე ანტალიაში გაივლის. თურქეთში ბოლნისელებმა 4 ამხანაგური თამაში დაგეგმეს: მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან", უკრაინის პრემიერლიგელ "ჰოვერლა-ზაკარპატიესთან", სომხურ "პიუნიკთან" და კიდევ ერთ მეტოქესთან, რომელიც მალე დაზუსტდება.

ცხადია, მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტება. არმაზ ჯელაძე საკმაოდ ბევრ მოთამაშეს აკვირდება და ჯერ უცნობია, ანტალიაში ვინ გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არმაზ ჯელაძე: იმედიანად ვართ, ოღონდ შესათამაშებლად დრო გვჭირდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიბილეიშვილი კაი ბიჭია, თუ დაიტოვეს კაი შენაძენი იქნება სიონისთვის, სწრაფია,ტეხნიკური და მოედნის ხედვაც ჯიგრული აქვს!!!
joni
12:42 30-01-2013
0

სიახლეები პოპულარული