თურაშაულის პატრონი... პროგრამა, რომელიც დაიმტვერა

AutoSharing Option
"ქეცბაიას ინიციატივის ესტონური მოდელი", - ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ წერილი ორიოდე დღის წინ (იხილეთ ვრცლად). თემურ ქეცბაიამ უმაღლესი ლიგის კლუბებს ძირითად შემადგენლობაში 21-წლამდელი 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონება შესთავაზა.

ამასთან დაკავშირებით გაგაცანით მოდელი, რომელიც ესტონელებს ეკუთვნით და ადგილობრივი მოთამაშეების გაზრდას ემსახურება.

აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამის ქართული ანალოგი არც ისე დიდი ხნის წინათ ჩვენთან დაწერილა, მაგრამ საზოგადოება არ იცნობს.

არადა, "ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროექტი" დაიწერა არა სადმე მოცლილი "მოაზროვნის" საკუჭნაოში, არამედ 2011 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების განყოფილებაში.

ის თავის დროზე გააცნეს
სფფ-ის მწვრთნელთა საბჭოს, რეგიონალ ფედერაციებს, კლუბებს, თუმცა აქამდე ამ პროექტით, სამწუხაროდ, ჯერ არავინ დაინტერესებულა და მერე გასაკვირი არაა, თუ მას ვინმე სხვა ცნობად სახეს ან სულაც სხვა ქვეყანას მიაწერს.

პროექტის ამოცანებია ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, კლუბებსა და სკოლებში განვითარების პირამიდული სტრუქტურის დანერგვა, საფეხბურთო სკოლების მნიშვნელობის ამაღლება, ფართო სელექცია ნაკრები გუნდებისთვის და ა.შ.

პროექტში ყურადღება იყო გამახვილებული ბოლოდროინდელ უარყოფით ტენდენციებზე, შემაშფოთებელ სტატისტიკაზე, რომ ბავშვების კლებადობა საერთო დონეზე გავლენას ახდენდა; რომ ტრადიციულ საფეხბურთო რეგიონებში ფეხბურთი ჩავარდნილია, დაკარგულია იდენტურობა, არის უკლუბო რეგიონები, უყურადღებობის გამო იკარგებიან ტალანტები, ფეხბურთელების გადინებით ქვეყანაში საშეჯიბრო ბალანსი ირღვევა...

სწორედ ამ საკითხების მოსაგვარებლად, ლიცენზირების კომიტეტმა ფედერაციას კომპლექსური მოთხოვნები შესთავაზა.

რადგან პროგრამა საკმაოდ ვრცელია, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე პუნქტს შემოგთავაზებთ:

- საფეხბურთო გეოგრაფიის გაფართოება;

- ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების განაცხადში დაწესდეს მაქსიმალური რაოდენობრივი ზღვარი (25 ან 30);

- ძირითად განაცხადში ეტაპობრივად დაწესდეს შეზღუდვები ფეხბურთელების რაოდენობაზე:

ადგილობრივი ფეხბურთელების მინიმალური რაოდენობა ძირითად განაცხადში:

- I სეზონში - 6;
- II სეზონში - 8;
- III სეზონში - 10;
- IV სეზონში - 12.

- ადგილობრივად ითვლება ფეხბურთელი, თუ იგი 12-15-21 წლის ასაკში იწვრთნებოდა ამ კლუბში ზედიზედ 3 წლის/სეზონის განმავლობაში (36 სრული თვე);

- აუცილებელია, მოქმედი კვოტის ნახევარი იყოს ყოველი კალენდარული მატჩის განაცხადში (თუ არ არის სხვა შემაფერხებელი გარემოებები - მაგ: ტრავმა, ნაკრებში გამოძახება და ა.შ.);

- თუ არ კმაყოფილდება მინიმალური რაოდენობრივი მოთხოვნები, განაცხადი შემცირდეს ადეკვატურად;

- პროექტში არის სადისკუსიო/სამსჯელო მომენტები და საინტერესოა ყველა დაინტერესებული მხარის აზრის გაგება, რომ პროექტი ეფექტურად დაინერგოს. კერძოდ:

ა) განაცხადში მაქსიმალური ზღვრის დადგენა - 25 თუ 30?

ბ) თუ კლუბს აქვს კვოტის შევსების პრობლემა, რა ღონისძიებები ტარდება მის მიმართ: უბრალოდ, ეკრძალება მას ამ კვოტაში სხვა ფეხბურთელების რეგისტრაცია თუ შეუძლია დაარეგისტრიროს გარკვეული თანხის ფასად?

გ) ფეხბურთელი რომ ჩაითვალოს კლუბის გაზრდილად, რომელი ქვედა ასაკობრივი ზღვარი უნდა ავიღოთ - 12 თუ 15?

- და ბოლოს, კარგი იქნება, თუ ამაზე გამოხმაურებები ნებისმიერი ფორმით მოვა სფფ-ში, რათა პროექტის განხორციელებამდე ყველა კითხვას კომპეტენტური პასუხი გაეცეს და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებიც შევიდეს.

* * *
ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის შედეგად უნდა შეჯერებულიყო, მაგრამ მტვერი დაედო და ახლა მსგავსი პროექტი ესტონელებმა განახორციელეს და "პოლაკის" პროექტი დაერქვა.

საინტერესოა, რატომ? ან ქეცბაიას რატომ არავინ აცნობა, რომ საინტერესო წინადადებები ჩვენივე ფედერაციაშიც დაამუშავეს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
თვალსაზრისი თემურ ქეცბაიას იდეაზე: სად არის არგუმენტები?
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა
ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, როცა იგი უკვე გამოგონილია. მთავარია რომ პროექტი რომლის დანერგვასაც დააპირებენ მაქსიმალურად მორგებული იყოს ქართულ მენტალიტეტს. მთლიანდ ვეთანხმები "ვეპ 1963" ვიდრე არ მოიშლება ძმაკაცობა-ახლობლობისა და ფულის სიყვარული, არაფერი გვეშველება.და ყველაზე მთავარი ფეხბურთის განვითარებისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურა და პროფესიონალები,საკითხავია მხოლოდ ის არის სად არის ყველაფერი?
G-XIII
20:25 07-02-2013
0
ფეხბურთის განვითარების მოდელის შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს.აქ ძირითადი პრობლემა ჩვენი მენტალობაა.ანუ რაც არ გინდა კარგი მოდელი შექმნა,მას უკან თუ ისევ ნაცნობ მეგობრობა,ძმაბიჭობა,ფულიანი მამის შვილობა იქნა არაფერი გვეშველება.აი ეს არის მისახედი პირველ რიგში.და როცა იქამდე მივალთ ,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება ,სწორედ მაშინ გვეშველება.
vep1963
18:55 07-02-2013
0

სიახლეები პოპულარული