მოსაზრება: ჩემი ოქრო... სხვასთან - სად არის გიორგი თექთურმანიძე?

AutoSharing Option
საქართველოს არ ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები და სპეციალისტები - ეს მოსაზრება ჩვენში უკვე ისეთ კლიშედ იქცა, რომლისგან გათავისუფლებაც დანაშაულის ტოლფასი გახდა, ხოლო მისი გამზიარებლები შეკამათებასაც ვერ იტანენ.

რა თქმა უნდა, საქართველო პატარა და მცირე მოსახლეობის ქვეყანა არის. ფეხბურთელებისა და მწვრთნელების საერთო რაოდენობაც არასაკმარისია, მაგრამ თავადაც ისეთი დარდიმანდები ვართ, ვინც გვყავს, არ ვუფრთხილდებით.

მაგალითი მრავლად გვაქვს და აგერ, ბოლო ამბავი: რამდენიმე თვეზე მეტია, რაც ომარ თეთრაძე "ხიმკიდან" გაუშვეს და უმუშევარია, მაგრამ საქართველოს არც ერთ კლუბს არ გასჩენია სურვილი, ასეთ გამოცდილ სპეციალისტს
დალაპარაკებოდა და თუნდაც დაინტერესებულიყო, რეალური იყო თუ არა მისი სამშობლოში დაბრუნება. ახლა კი ლაპარაკია, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი ყაზახური კლუბი ჩაიბაროს.

იტყვიან, რუსეთში ნამუშევარ მწვრთნელს დიდი მადა ექნებოდაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, რაზეც თეთრაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში მკაფიოდ ილაპარაკა.

ისინიც დავივიწყეთ, ცალსახად დიდი მადა რომ არ აქვთ. 2011 წელს თამაზ პერტია ლატვიელმა გულშემატკივრებმა 2010 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს, ხოლო 2011 წელს - ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) საუკეთესო დამრიგებლად. შარშან რიგის "სკონტოს" სპორტულ დირექტორად მუშაობდა, ბავშვთა ჯგუფებს კურირებდა და "სკონტო 2"-ს წვრთნიდა.

ისეთი რა განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქონოდა ლატვიაში, რომლის დარსაც საქართველოში ვერ შესთავაზებდნენ? სამწუხაროა, რომ ქართული ფეხბურთის სამსახურში ვერც თეთრაძე და ვერც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ვერ ჩავაყენეთ.

7 თებერვალს კიდევ ერთი დასანანი ამბავი შევიტყვეთ: დავით ჯანელიძე კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგის "თურანში" გააგრძელებს. ამ ხუთიოდე წლის წინ რუსთავის "მეტალურგის" 23 წლის ყოფილ თავდამსხმელზე საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბებს ტაციაობა ჰქონდათ და ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

მართალია, საქართველოშია, მაგრამ დღემდე სათანადოდ ვერ დასაქმდა გიორგი თექთურმანიძე. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ რუსთავის "მეტალურგის" შემტევი ნახევარმცველი ერთ-ერთმა სპორტულმა პორტალმა სათადარიგო სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ეს არ იყო შემთხვევითი აღიარება - 22 წლის თექთურმანიძისთვის 2012 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით, ევროპის ლიგაზე ივარგა, სადაც თავი შედეგიანობითა და დახვეწილი თამაშით დაგვამახსოვრა. სხვათა შორის, ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა", რევაზ გეწაძესთან ერთად, გიორგი რუსთავური კლუბის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშედ გამოაცხადა და მისი ტრანსფერი 300 ათას ევროდ შეაფასა.

თუმცა გასულ წელთან ცუდი მოგონებებიც აკავშირებს: ზაფხულში თბილისის "დინამოდან" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა რუსთავში იჯარით გაუშვა, მაგრამ ევროპის ლიგაზე რუსთავის "მეტალურგში" ჩატარებული მშვენიერი თამაშების შემდეგ დააბრუნა.

თუმცა... ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისას... ხელმეორედ გაუშვა.

ახლაც იგივე მოხდა: თექთურმანიძემ იანვარში ვარჯიში ჩემპიონატის ლიდერ "დინამოში" განაახლა, მერე კი მისი კვალი დავკარგეთ, აღარც "მეტალურგშია" და მისი გვარი ვერც თურქეთში მოსამზადებლად გამგზავრებულ "დინამოს" მოთამაშეთა სიაში ამოვიკითხეთ.

შევიტყვეთ, რომ "ჩიორას" (თექთურმანიძის მეტსახელია) ტრანსფერით ქუთაისის "ტორპედო" დაინტერესდა. თითქოს თბილისელებიც მზად იყვნენ ფეხბურთელის გასაშვებად, მაგრამ გიორგი ახლაც "დინამო 2"-ში ვარჯიშობს. არადა, დასანანია, ნიჭიერ ბიჭს ასაკიც ხელს უწყობს და სწორედ ახლა სჭირდება სტაბილური გარემო, სადაც სისტემატურად ითამაშებს და გაიზრდება.

დუშან უჰრინი გიორგის არ ენდობა და მის დაბრუნებაზე უარს ამბობს. "დინამოს" თავკაცებს არ სჭირდებოდათ ბრაზილიელი რობერტინიო და უპრობლემოდაც გაუშვეს, მაგრამ ნიჭიერი პლეიმეიკერი თექთურმანიძის ფასი კარგად იციან და ვერ ელევიან.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთელი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და ამჟამად "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული