"იბერია სტარმა" მორიგი ბრაზილიელი - ედიგლეუსონი დაიმატა

AutoSharing Option
"იბერია სტარი" 2013 წლის აპრილში თბილისში გასამართი უეფას თასის ოთხთა ფინალისთვის ემზადება.

ცნობილია, რომ საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა - ოთხმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა უკრაინას მიაშურა: საქართველოს მოქალაქეობის მქონე რონიმ, ბრუნო მელომ, ბეტინიომ და რომარიომ.

თუმცა "იბერიამ" შევსებაც ბრაზილიიდან მიიღო: ბრუნო დე ოლივეირა პალმა ("მარეკო"), პაულო ცეზარ დუტრა ჟუნიორი ("პარანავაი") და ემერსონ გომეს დუ ნასიმენტო ("კოლეჟიო ლოდრინენსე").

იანვრის დასაწყისში გვითხრეს, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი სერჟიო ბენატი ბრაზილიიდან კიდევ ერთ მოთამაშეს ელოდა.

შევიტყვეთ, რომ ისიც ბრაზილიის ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, რომელიც
საფეხბურთო NBA-სავით, ყველა დანარჩენ ლიგაზე ერთი თავით მაღლა დგას.

ეს ფეხბურთელი ედიგლეუსონია, რომელიც ბოლოს "პარანაენსეში" თამაშობდა. ბრაზილიური ინტერნეტგამოცემა "ფივეკომპანიფუტსალის" ცნობით, მან "იბერია სტართან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და ოთხთა ფინალში ითამაშებს.

ედიგლეუსონს ევროპულ სარბიელზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გააჩნია. იყო ესპანური "გვადალახარას" მოთამაშე, აზერბაიჯანის ნაკრების წევრი და ამ ქვეყნის საუკეთესო კლუბის, "არაზის" ერთ-ერთი ლიდერი, ორჯერ ითამაშა ოთხთა ფინალში.

"ფივეკომპანიფუტსალთან" საქართველოს ჩემპიონის ახალწვეულმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ოთხთა ფინალის უდავო ფავორიტები "ბარსელონა" და მოსკოვის "დინამო" არიან, მაგრამ ჩემი ახალი გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს და შესაძლოა, ამ ფაქტორმა საჩვენოდ იმოქმედოს.

ვიცი, რომ "იბერია სტარი" ძლიერი კლუბია, სადაც სერჟიო ბენატი და მრავალი ბრაზილიელი დამხვდება".


შეგახსენებთ, რომ უეფას თასის ოთხთა ფინალის მატჩებს სპორტის სასახლე 26-28 აპრილს უმასპინძლებს. გამარჯვებისთვის იბრძოლებენ თბილისის "იბერია სტარი", წინა გათამაშების გამარჯვებული "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და ალმა-ატის "კაირათი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული