თბილისობა ზესტაფონში

AutoSharing Option
"მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს"- სწორედ ასეა მიმდინარე ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" საქმე. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა "ნაღდი" ქულები დაკარგა, სამაგიეროდ, "დინამოს" ლიდერებთან კარგად გამოსდის თამაში და აგერ, ერთპიროვნულ ლიდერს მისსავე მოედანზე, რომ იტყვიან, "ექვსქულიანი" თამაში მოუგო.

წინა ტურთან შედარებით, ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა. დისკვალიფიკაციის გამო ზესტაფონელებმა გიორგი ხიდეშელი და ირაკლი ძარია მოისაკლისეს. "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ ალექსი ბენაშვილი და ჯაბა დვალი. ამ ოთხეულის ნაცვლად კი ძირითადში მამუკა კობახიძე, კახაბერ ალადაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი და თორნიკე გორ
გიაშვილი გამოჩნდნენ. გია გეგუჩაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა - ტრადიციული 4-4-2-ის ნაცვლად მეტოქეს 4-5-1 ტაქტიკით დაუპირისპირა, კლასიკურ სქემაზე კი მაშინღა გადაერთო, როცა ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ. გეგუჩაძემ მეორე ფორვარდი ჯაბა დვალიც გაიყვანა მოედანზე...

ცვლილებები დინამოელთა რიგებშიც მრავლად იყო. გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმამოშუშებული მათე ვაწაძე და რობერტინიო, ძირითადში გამოჩნდნენ ასევე ლევან კაკუბავა, ნიკოლოზ ფირცხალავა და გიორგი თექთურმანიძე. თუმცაღა "დინამოს" დისკვალიფიცირებული დონალდ ჯუსი ვერ ეხმარებოდა.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტემპიც კარგი იყო და ფეხბურთელებს მონდომებასაც ვერ დავუწუნებდით. "ზესტაფონმა", რომელსაც "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდა, შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ტერიტორიული უპირატესობაც მალევე მოიპოვა. მე-5 წუთზე მასპინძელთა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი მარჯვენა ფლანგზე სამ მცველს დაუსხლტა და გიორგი ლორიას მახვილი კუთხიდან ძლიერად დაურტყა, თუმცა ბურთი დინამოელთა კიპერმა მოიგერია.

სტუმრებმა, რომლებმაც კონტრშეტევებზე ააგეს თამაში, სწრაფადვე უპასუხეს -ედნილსონის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ კარისკენ ზურგით მდგარმა ხმალაძემ თავით სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი მიზანს ასცდა. ამას მოჰყვა შეტევაში ჩართული ონიანის ყუმბარისებური დარტყმა და ბურთი ხარიხის ზემოდან დააცხრა დინამოელთა კარის ბადეს...

რიგ ეპიზოდებში მასპინძლებს ნერვიულობა ეტყობოდათ და პირველად ამან მე-17 წუთზე იჩინა თავი. კობახიძემ მეკარეს უხერხულად დაუბრუნა ბურთი, რომელსაც თექთურმანიძე დაეუფლა, თუმცა ზესტაფონელთა ბედად ახალგაზრდა დინამოელი სიტუაციაში ვერ გაერკვა და მცველებმა მდგომარეობის განმუხტვა მოასწრეს. ამ ეპიზოდს ზესტაფონელთა სწრაფი და ლამაზი კონტრშეტევა მოჰყვა - გორგიაშვილმა და გრიგალაშვილმა თითო-თითო შეხებით "დინამოს" მთელი დაცვა სტატისტის როლში დატოვეს, გელაშვილი კი, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ... ფორვარდმა დააყოვნა და თომაშვილი წამოეწია, შესაბამისად, მომენტიც განიმუხტა.

26-ე წუთზე, ზესტაფონელთა შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ, მათ კართან მეტად მწვავე მომენტი შეიქმნა - ონიანმა მეკარისკენ უხერხულად დააბრუნა ბურთი, რომელიც ვაწაძემ ჩაჭრა და საჯარიმოს გარედან სცადა ბურთის კარში გაგზავნა, მაგრამ მას მეკარე კვასხვაძემ წესების დარღვევით შეუშალა ხელი და ამისთვის ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. დინამოელები კვასხვაძის წითელი ბარათით დასჯასაც ითხოვდნენ - ბოლო იმედის ჯარიმა იყოო, თუმცა არბიტრს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი იერიშები დინამოელთათვის იოლი "წასაკითხი" იყო. ზესტაფონელები ძირითადად საჯარიმოში გელაშვილის მისამართით გზავნიდნენ მაღალ ბურთებს, თუმცა სტუმრებს ფეროელთა ბომბარდირი კარგად ჰყავდათ "ამოკეტილი" და გასაქანს არ აძლევდნენ.

მასპინძლებს მღელვარება მეორე ტაიმშიც გადაჰყვათ, "დინამო" კი შესვენების შემდეგ უკეთ ათამაშდა და გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა. 48-ე წუთზე კვასხვაძემ გორგიაშვილს უხერხულად დაუბრუნა ბურთი, რომელიც ვაწაძემ ჩაუჭრა, დინამოელთა ფორვარდმა დაარტყა კიდეც, მაგრამ ზესტაფონელთა მეკარემ შეცდომა გამოასწორა.

ხუთიოდე წუთში კვასხვაძემ ედნილსონის ძლიერი დარტმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია, 55-ე წუთზე კი "ზესტაფონი" აშკარა გოლს გადაურჩა -გრიგალაშვილმა ცენტრთან ახლოს დაკარგა ბურთი, კოშკაძის პასი ვაწაძემ გაატარა და რობერტინიო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა სამიზნეს ოდნავ ასცდა.

ზესტაფონელემმა მეტოქეს სამწუთიანი შტურმითა და ზედიზედ სამი კითხურით უპასუხეს, რომლის დროსაც გრიგალაშვილსა და შეცვლაზე შესულ დვალს შეეძლოთ თავის გამოჩენა - პირველის სახიფათო დარტყმა ლორიამ მოიგერია, დვალს კი მცველებმა შეუშალეს ხელი.

63-წუთზე მატჩის ერთადერთი გოლიც ვიხილეთ. ბრწყინვალედ ითამაშა რობერტინიომ, რომელმაც ზესტაფონელ ნახევარმცველებს ჩაუქროლა და ვაწაძეს უპასა, ამან კი იქვე, საჯარიმოს ხაზთან კოშკაძეს დაუგორა, კაპიტანმაც არ დააყოვნა და უმალ კარისკენ დაარტყა, ბურთი აფციაურს მოხვდა ფეხზე და ზესტაფონელთა კარში ჩაეშვა - 0:1.

82-ე წუთზე კოშკაძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა კვასხვაძის კარი, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. იქამდე კი "ზესტაფონი" თავგამოდებით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. გეგუჩაძემ რატი წინამძღვრიშვილსაც უხმო მოედანზე, მოგვიანებით გოგა ფიფიაც ჩართო თამაშში, მაგრამ მასპინძლებმა მიზანი ვერა და ვერ გაისწორეს - ჯერ გორგიაშვილის უძლიერესი დარტყმა გადასცდა ხარიხას, ალადაშვილის ფლანგურ გარღვევასა და კარგ პასს კი დვალმა ვერ მოუძებნა შესაბამისი გაგრძელება. მატჩის მიწურულს ჯაბას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, მაგრამ ელიავას ჩაწოდებისა და წინამძღვრიშვილის პასის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან თავური ააცილა. "დინამოს" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და "თბილისობა" ზესტაფონში იზეიმა.


მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და ვისაც მეტად გაუმართლა იმან მოიგო. თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ ფეხბურთელებმა თავგანწირვით იბრძოლეს და ამისთვის მათი მადლობელი ვარ".
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. ცენტრს იოლად გავდიოდით, მაგრამ შეტევებს ბოლომდე ვერ ვაგვირგვინებდით. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, საკუთარ კარში კი უცნაური გოლი გავუშვით. დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ პრობლემები არის ეს ქუთაისშიც შეიმჩნეოდა და ამის თაობაზე ფეხბურთელებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ დინამოსთან იგივე პრობლემები შეგვექმნა. ხარვეზის გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ამ მარცხისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩემპიონატი გრძელდება და ვეცდებით მომდევნო მატჩებში შეცდომები აღარ გავიმეოროთ".


23.10. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 2 500 მაყურებელი
ზესტაფონი 0
დინამო 1
0:1 კოშკაძე (63)

ზესტაფონი დინამო
4-5-1 4-5-1
ალადაშვილი კაკუბავა
კობახიძე თომაშვილი
ონიანი კვარაცხელია
ელიავა ხმალაძე
აფციაური რობერტინიო
დაუშვილი ედნილსონი
გრიგალაშვილი ფირცხალავა
გორგიაშვილი თექთურმანიძე
ბაბუნაშვილი კოშკაძე
გელაშვილი ვაწაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე კ. კაჭარავა

61. ბაბუნაშვილი - დვალი
79. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
83. გრიგალაშვილი - ფიფია
სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, მაკარიანი, ცხადაია

56. ფირცხალავა - კახელიშვილი
76. რობერტინიო - ლექვთაძე
83. ვაწაძე - მუჯირი
სათადარიგოები: შეყრილაძე, მეტრეველი, ლილუაშვილი, გავაშელიშვილი

გაფრთხილება: კვასხვაძე(26), კოშკაძე(28), ალადაშვილი(28), აფციაური(34), ფირცხალავა(36), რობერტინიო(45)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული