გიორგი ფანცულაია: "ტორპედოს" საჩემპიონო სულისკვეთება აქვს

AutoSharing Option
ქუთაისის  "ტორპედომ" ესპანური შეკრება დაასრულა და სამშობლოში 18 თებერვალს დაბრუნდა. ფეხბურთელები ორიოდე დღეს დაისვენებენ და ვარჯიშს ქუთაისში განაახლებენ.

მოსამზადებელ ეტაპზე მშვენიერი შედეგიანობა აჩვენა გიორგი ფანცულაიამ - 18 წლის თავდამსხმელმა ხუთ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო!

ეს ამბავი იმიტომაც გვახარებს, რომ მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ბელგიაში ელიტრაუნდის შეხვედრები ელის და თითოეული მისი წევრისა და კანდიდატის მდგომარეობა განსაკუთრებით გვაინტერესებს.

გიორგი ცნობილი ფეხბურთელის, 80-იანი წლების ბოლოს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელის, მამუკა ფანცულაიას შვილია. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, რომლებიც
ელიტრაუნდში გავიდნენ.

თუ შრომა არ დაეზარება, ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მამაზე უკეთესი კარიერაც აიწყოს.

"ლელომ" ესპანეთიდან დაბრუნებულ თავდამსხმელს ინტერვიუ ჩამოართვა:

- ძალიან კარგი შეკრება და თამაშები გვქონდა. ისეთ გუნდებს შევხვდით, რომ წარმოუდგენელია, ეს შემდგომში არ წაგვადგეს და მიმაჩნია, რომ გუნდი გაიზარდა.

გულში ხინჯად მხოლოდ ის დამრჩა, რომ კიევის "დინამოსთან" მატჩში მცირე ტრავმის გამო მოედანზე ვერ გავედი. არადა, უკრაინელებთან თამაში ყველაზე მეტად მსურდა.

- მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანე. ეტყობა, ახალწვეულის სინდრომიდან გამოდიხარ.
- განსაკუთრებით ბუქარესტის "რაპიდთან" და "ოცელულთან" გოლებმა გამახარა. რუმინელებს ძლიერი გუნდები ჰყავთ და ასეთი თამაშებისა და გოლების შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხდები.

მთავარია, ფეხბურთელი გაიხსნა და მერე ყველაფერი კარგად მიდის. ჩემ გარშემო სასურველი გარემო შეიქმნა: ძალიან ბევრს ნიშნავს, გია გეგუჩაძესთან რომ მოხვდები. მას ფეხბურთელებთან ისეთი მიდგომა აქვს, რომ სულ გაიმედებს და ძალას გმატებს.

რაც უნდა ძლიერი მეტოქე იყოს, კიევის "დინამო" იქნება თუ "რაპიდი", ყველასთან ერთსა და იმავე დავალებებს გვაძლევს - უნდა მოვიგოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ. თავიდან თუ ეს გიკვირს, მერე ეჩვევი და არ შეიძლება, ამბიცია არ გაგიჩნდეს.

ხელს მიწყობს რეჟიმის დაცვა, შეკრებაზე სულ მობილიზებული და ტონუსში ვარ, დროულად ვიძინებ და ვდგები, რასაც საჭირო კვება ემატება და ეს თამაშებზეც აისახება. და თუ ერთხელ "გაგეხსნა", მერე თავდაჯერებული და თამამი ხდები.

- "ტორპედო" ლიდერებს კატასტროფული სხვაობით არ ჩამორჩება. თუმცა, მეორე ამბავია, აქვს კი გუნდს საჩემპიონო პოტენციალი?
- წინა ჩემპიონატში მე-3 ადგილი დავიკავეთ, ახლა კი ერთი საფეხურით უნდა ავიწიოთ. მაგრამ მე თუ მკითხავთ, "ტორპედოს" საჩემპიონო პოტენციალიც და, რაც მთავარია, სულისკვეთებაც გააჩნია. თანაც, კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ სტაბილური შემადგენლობა გვყავს.

- გუნდი კარგად შეთამაშდა?
- იდეალურამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ წინა წელთან შედარებაც არ არის. ფეხბურთელები ერთმანეთს შევეგუეთ და უსიტყვოდ ვგრძნობთ. თანაც, გუნდი კი არ ჭიდაობს, არამედ გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებს.

- ძლიერ მეტოქეებთან სპარინგში საკუთარ ნაკლს უკეთ დაინახავდი.
- ეს, ძირითადად, გამოუცდელობა იყო. მეტი საერთაშორისო ტურნირი და თამაში ნებისმიერ მოთამაშეს ზრდის. როდესაც ევროპაში იშვიათად გადიხარ, არც მეტოქეთა შესაძლებლობები იცი და არც ის ნიუანსები, რაც შეიძლება დაუპირისპირო.

პირადად მე, ესპანეთის შემდეგ ბევრად უფრო თავდაჯერებული და თამამი გავხდი და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან კარგი შეკრება გვქონდა.

- მამა შეცდომებზე მიგითითებს?
- მე თუ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, ეს მამუკას დამსახურებაა. როდესაც სახლში ვარ, სულ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და ცხადია, მირჩევს, რა და როგორ გავაკეთო. მამამ კარიერა ნაადრევად დაასრულა და სულ მთხოვს, მცირედით არასოდეს დავკმაყოფილდე და სულ წინსვლაზე ვიფიქრო.

- გეგუჩაძე მარცხენა ფლანგზე გათამაშებდა?
- უფრო მარცხენა ფლანგზე, მაგრამ რამდენჯერმე ცენტრალურ თავდამსხმელადაც გამამწესა.

- ელიტრაუნდში ნაკრების შანსებზე რას იტყვი?
- ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს - ინგლისი, შოტლანდია და მასპინძელი ბელგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უშანსოდ არ ვართ.

ფავორიტ ინგლისთან წარმატებული თამაშის გამოცდილება ჩემმა თაობამ ჯერ კიდევ წინა ციკლში შეიძინა, მაგრამ დარჩენილ დროში ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიორგი.აბა შენ იცი
tengo
15:47 19-02-2013
0

სიახლეები პოპულარული