დიმიტრი ტატანაშვილი: თბილისის "დინამო" ახლა ბევრად უფრო ამბიციურია

AutoSharing Option
დიმიტრი ტატანაშვილმა მიმდინარე სეზონი რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, ამჟამად კი თბილისის "დინამოშია".

28 წლის თავდამსხმელი დინამოელთა მაისურით 2010-2011 წლებში გამოდიოდა და 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. რუსთავში ამის შემდეგ გადავიდა, სადაც 55 შეხვედრაში 19 გოლი მიითვალა.

განსაკუთრებით კარგად ევროთასებზე ითამაშა - ალბანურ "ტეუტასა" და ჩეხურ "პლზენს" 4 მატჩში 4 გოლი გაუტანა.

ტატანაშვილმა დინამოელებთან ერთად გაიარა თურქული შეკრება, საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და "დინამოს" 18-ნომრიანი მაისურა მოირგო.

ისიც უნდა გავიხსენოთ, "დინამოში" პირველი ჩარიცხვის დროს, ტატანაშვილს განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებდნენ, რადგან გუნდს მაშინ თავდასხმაში კატასტროფულად
უჭირდა. ახლა კი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, საკმაოდ მძიმე კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

"კარგად მესმის, რომ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად დიდი კონკურენციის დაძლევა დამჭირდება, მაგრამ ამას წინასწარ შევეგუე და მზად ვარ.

საერთოდ, საქართველოს უმაღლესი ლიგის ვერც ერთი გუნდის ძირითადში იოლად ვერ მოხვდები, მით უფრო, თბილისის "დინამოში".

აქ მე ძალიან ძლიერი თავდამსხმელები დამხვდნენ. მაგრამ მჯერა საკუთარი თავის და ამას მოვახერხებ. თანაც ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ "დინამო" განსაკუთრებული გუნდია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის.

ახლა კიდევ ერთხელ რომ მომიწვიეს, ასეთ წინადადებაზე დიდი კონკურენციის გამოც ვერ ვიტყოდი უარს.

მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. და თუ თამაშის საშუალება მომეცემა, გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილსაც შევიტან.

"დინამო" ახლა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ჩემი პირველი გადასვლის დროს - აქ ევროპული დონის პირობებია და ამიტომ ყველას ბევრი მოგვეთხოვება",
- ამბობს ტატანაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული