ვალდას ივანაუსკასი: პოზიტიურად აგრესიულობა - ეს არის ფეხბურთის მომავალი

AutoSharing Option
ვალდას ივანაუსკასი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავიც კი გახლდათ.

46 წლის ივანაუსკასი ახლა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელია. ვინ იფიქრებდა, რომ ბუნდესლიგური "ჰამბურგის" ყოფილი ვარსკვლავი "დილას" მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ფეხბურთი ეგეთია, მოვლენები აქ სწრაფად იცვლება და ვითარდება.

ივანაუსკასი მხოლოდ ფეხბურთელობით არ ყოფილა გამორჩეული, ედინბურგის "ჰართსი" შოტლანდიურ პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა და იმავე სეზონში "ჰართსმა", მისი ხელმძღვანელობით, შოტლანდიის თასი მოიგო.

ივანაუსკასი კარგი მოსაუბრეც ყოფილა. მიუხედავად მჭიდრო გრაფიკისა, დაახლოებით 45 წუთი დაგვითმო ინტერვიუსთვის.

ერთი
ტაიმი ის დრო არ არის, რომ მდიდარი საფეხბურთო ბიოგრაფია სრულად მოიცვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ.

მაშ ასე, ვალდას ივანაუსკასი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...

ქართველები სტრესისგან იცლებოდნენ
- საბჭოთა კავშირი ძალიან ჩაკეტილი ქვეყანა იყო და ხშირად საფეხბურთო ამბებიც მეტ გამჭვირვალობას საჭიროებდა. 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სეულში თქვენ არ წაგიყვანეს, არადა, ჩინებულ ფორმაში იყავით და თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მაინც რა მოხდა?
- ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ყველა შეკრება გავიარე, თუმცა ოლიმპიადაზე წასვლამდე ორი კვირით ადრე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შემატყობინეს, რომ სეულში არ წამიყვანდნენ.

2005 წლამდე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 2005 წელს კი ანატოლი ბიშოვეცს, ვინც 1988 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ხელმძღვანელობდა საბჭოთა ნაკრებს, თურქეთში შევხვდი, უკვე როგორც კოლეგას - მაშინ "კაუნასის" მწვრთნელი გახლდით.

ბიშოვეცმა მითხრა, შენი სეულში არწაყვანის გადაწყვეტილება "ზემოთ" მიიღესო. ოლიმპიური ჩემპიონი რომ ვერ გავხდი, ძალიან გულდასაწყვეტია, თანაც ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი ვიყავი, სულ ძირითადში ვთამაშობდი.

ოლიმპიადის შემდეგ ვალერი ლობანოვსკი დამიკავშირდა და მითხრა, საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში ხარ მიწვეულიო. შესარჩევ ციკლში ნაკრები ავსტრიას ეთამაშებოდა და ლობანოვსკის ნდობამ, ცოტა არ იყოს, დამაწყნარა ოლიმპიადაზე ვერწასვლის შემდეგ.

რას ვიზამთ, ფეხბურთში ხდება ასეთებიც...

- ლიტვაში ნომერ პირველი სპორტი კალათბურთია, თქვენ კი ფეხბურთელობა აირჩიეთ - რამ გიბიძგათ ფეხბურთისკენ?
- კაუნასში დავიბადე, კურტინაიტესი, ვალდემარას ხომიჩუსი - ეს კალათბურთელები ღმერთებივით იყვნენ ლიტვაში, თუმცა ზამთრის შემდეგ ლიტველ ხალხს ფეხბურთზე წასვლაც უყვარდა.

მოზარდობის პერიოდში ფეხბურთზეც დავდიოდი, კალათბურთზეც და ხელბურთზეც, მეათე კლასში კი არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გავაკეთე.

- 80-იანი წლები - იმ დროისთვის ყველაზე უფრო რითი გამოარჩევდით ქართველ ფეხბურთელებს, რა თვისებებით?
- პირველ რიგში, ტექნიკით, თამაშის სპეციფიკური სტილით. საკუთარი ხელწერა ჰქონდა ვილნიუსის "ჟალგირისსაც", მოსკოვის "სპარტაკს"... თბილისის "დინამოს" ყოველთვის ჰყავდა 3-4 გამორჩეული ინდივიდუალისტი: ჩივაძე, ყიფიანი, შენგელია, სულაქველიძე, გაბელია... ჩვენ, "ჟალგირისი" კი უფრო გუნდური თამაშით გამოვირჩეოდით.

მაყურებელიც გამორჩეული ჰყავდა თბილისის "დინამოს". ქართველები სტადიონზე რომ მოდიოდნენ, თითქოს მთელი სტრესისგან იცლებოდნენ. თქვენი "დინამო" მართლაც სახალხო გუნდი იყო მაშინ...

სიომინი დიდი ადამიანია, რეჰაგელი შორსმჭვრეტელი, მაგათი კი...
- პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა როგორია ცხოვრება ლიტვაში?
- კრიზისი იყო, ახლა კი ქვეყანა უკეთესობისკენ მიდის. ძველი თაობისთვის ძალიან ძნელია ახალ ცხოვრებასთან მორგება, ხოლო ახალგაზრდობამ ალღო აუღო ევროპულად ცხოვრებას.

- ლიტვურ ფეხბურთში სასიკეთო ცვლილებები რამდენად არის მოსალოდნელი?
- სამწუხაროდ, ლიტვაში ფეხბურთი წინ ვერ მიდის, რაც ფეხბურთის ფედერაციის ბრალია. 5-6 წლით წინ რომ გავიხედოთ, მაშინაც არ ჩანს კარგი არაფერი.

- ლატვიელებმა კი არცთუ ცოტას მიაღწიეს ფეხბურთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც კი ითამაშა...
- ლატვიაში შეიქმნა სისტემა, რიგის "სკონტომ" სტარკოვს მისცა იმის საშუალება, რომ გუნდში კარგ ფეხბურთელებს მოეყარათ თავი. "სკონტო" ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი გახდა. შეიქმნა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ლატვიაში, ბაზა, სტადიონი, მანეჟი... რვაწლიანი მუშაობის შემდეგ კი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა.

- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან ავსტრიაში აღმოჩნდით...
- "ჟალგირისი" ევროთასზე ვენის "აუსტრიას" შეხვდა. ჩვენს წინააღმდეგ პროჰაზკამაც ითამაშა. ამის შემდეგ მე და ნარბეკოვასი "აუსტრიაში" გასინჯვაზე მიგვიწვიეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მაშინ ლიტვა ჯერ არ იყო გამოყოფილი საბჭოთა კავშირიდან, საბჭოთა კანონის თანახმად კი, ფეხბურთელს უცხოეთში წასვლა 27 წლამდე არ შეეძლო.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანია. მან იგრძნო სიტუაცია და მე და ნარბეკოვასი "ლოკომოტივში" მიგვიწვია, პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლაში დაგვეხმარეთ და მერე მეც შეგიწყობთ ხელსო.

ჩემი და ნარბეკოვასის გარდა, კიდევ მიიწვია სიომინმა სხვა ლიტველი ფეხბურთელები. გადავედით უმაღლეს ლიგაში. მერე სიომინმა თავისი კავშირებით, ვიაჩესლავ კოლოსკოვთან კარგი ურთიერთობით ყველაფერი ისე მოახერხა, რომ მე და ნარბეკოვასი "აუსტრიაში" გადავედით. მაშინ 24 წლის გახლდით.

- როგორც ამბობენ, ავსტრიიდან "ჰამბურგში" ოტო რეჰაგელის რეკომენდაციით გადახვედით - ეს მართლაც ასე იყო?
- ავსტრიაში ყველაფერი მოვიგეთ, სამჯერ გავხდით ჩემპიონები...

ერთხელ ვენის "რაპიდს" ვხვდებოდით და ამ დერბის სანახავად ოტო რეჰაგელი ჩამოვიდა. ის მაშინ "რაპიდში" მოთამაშე ანდრეას ჰერცოგს აკვირდებოდა. თამაშის შემდეგ რეჰაგელმა თავისთან მიხმო, შემაქო და მითხრა, რომ არა ლიმიტი ლეგიონერებზე, ჰერცოგის ნაცვლად შენ აგიყვანდი "ვერდერშიო".

ამის შემდეგ რეჰაგელმა ჩემი თავი ბენო მიოლმანს შესთავაზა, რომელიც მაშინ "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო. "ჰამბურგის" წარმომადგენლებმა სამჯერ ნახეს ჩემი თამაში, მერე ტრანსფერიც შედგა - გერმანელებმა ჩემში 1,7 მილიონი მარკა გადაუხადეს "აუსტრიას". ნარბეკოვასსაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ის ავსტრიაში დარჩა.

- გერმანიასთან და ბუნდესლიგასთან შეგუება არ გაგჭირვებიათ, "ჰამბურგშიც" მყის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდით...
- გერმანული ფეხბურთი და ბუნდესლიგა სულ სხვა დონეა. ახლანდელი ბუნდესლიგა რაც არის, ყველამ ვიცით და ეს ლიგა მაშინაც საკმაოდ მაღალი დონის იყო.

"ჰამბურგში" მძაფრი კონკურენცია დამხვდა. გერმანული ენა უკვე კარგად ვიცოდი და ეს საქმეს მიადვილებდა. ბუნდესლიგა ყველანაირად მაღლა იდგა ავსტრიის ჩემპიონატზე. მასმედიაც სხვანაირია გერმანიაში, 6-7 თვე მაინც გახდა საჭირო ბუნდესლიგასთან კარგად შესაგუებლად.

მიუნხენის "ბაიერნი" მაშინაც მაღლა იდგა სხვა გუნდებზე, თუმცა ისეთი სხვაობა არ იყო დანარჩენებთან, როგორც ახლაა. კრისტოფ დაუმის "ლევერკუზენი", ოტმარ ჰიტცფელდის "დორტმუნდი", კლაუს ტოპმიოლერის "აინტრახტი"... ბევრი ძალიან საინტერესო გუნდი იყო.

Sportall.Ge- "ჰამბურგში" ოთხი სეზონი ითამაშეთ, მერე კი თქვენი კარიერა დაღმა წავიდა. არადა, არც ასაკი გიშლიდათ ხელს და არც სხვა რაიმე ფაქტორი...
- ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ შეცდომა დავუშვი. "ჰამბურგის" მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე. მიოლმანის შემდეგ "ჰამბურგის" დამრიგებლად ფელიქს მაგათი დაინიშნა... ჩემი შეცდომა კი სავალალო გამოდგა.

- სანამ შეცდომაზე გკითხავდეთ, მაგათზე შევჩერდეთ - ის მართლაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ? ამ მწვრთნელს გერმანიაში ხომ "მწვალებელ მაგათს" ეძახიან...
- როცა მაგათი ახალგაზრდა ფეხბურთელში პერსპექტივას დაინახავს, მის მიმართ ძალიან მომთხოვნი ხდება; უნდა, რომ ეს ფეხბურთელი ასი პროცენტით დაიხარჯოს და პატიება არ იცის.

ვფიქრობ, რომ მაგათის მეთოდები საჭიროა. დისციპლინის მიმართ მას ექსტრემალური მიდგომა აქვს, რაც ბევრისთვის სამაგალითოა.

ოჰ, ეს ჩემპიონთა ლიგა
- ახლა შეცდომაზე გვითხარით...
- "ჰამბურგის" გულშემატკივარს ვუყვარდი, რადგან თავს არ ვზოგავდი, მოედანზე ასი პროცენტით ვიხარჯებოდი. ახალმა მწვრთნელმა ოთხი ახალი ფეხბურთელი მოიყვანა. ამასობაში კი "ვოლფსბურგმა" შემომთავაზა ტრანსფერი, სამწლიანი კონტრაქტისთვის უნდა მომეწერა ხელი.

ჩავედი ვოლფსბურგში, ვივარჯიშე კიდეც ახალ გუნდში და ამ დროს ავსტრიული "ზალცბურგიდან" დამირეკეს. "ზალცბურგი" მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე პრაღის "სპარტას" ხვდებოდა.

"აუსტრიაში" ჩემპიონი სამჯერ გავხდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერც ერთხელ ვერ გავედით. უკვე 30 წლის ვიყავი, ძალიან მინდოდა ჩემპიონთა ლიგაში თამაში და ამან ყველაფერი გადაწონა.

ჩემმა მენეჯერმა ცუდი რჩევა მომცა, თქვი, რომ ცოლს ქალაქი ვოლფსბურგი არ მოეწონა და ასე გამოვიდეთ ამ სიტუაციიდანო.

"ზალცბურგთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი, "სპარტას" შინ 0:0 ვეთამაშეთ, სტუმრად კი 0:2 წავაგეთ. "სპარტაში" მაშინ პობორსკი, იან კოლერი, ნედვედი თამაშობდნენ... ბუნდესლიგაში კი ვეღარ დავბრუნდებოდი. საკუთარი კარიერით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა მეტიც შემეძლო...

- სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს დაიწყეთ, სამი წლის შემდეგ კი უკვე მოულოდნელ, დიდ წარმატებას მიაღწიეთ შოტლანდიაში...
- "ჰართსში" ჯერ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ვიყავი. კლუბის მეპატრონემ, ვლადიმერ რომანოვმა ინტერნაციონალური გუნდი შექმნა საშუალო გაქანების ფეხბურთელებით. კარგი შედეგი არ ჩანდა, რომანოვმა მე შემომთავაზა გუნდის გაძღოლა.

არავინ ელოდა, თუ "სელტიკსა" და "რეინჯერსს" შორის ვინმე ჩადგებოდა, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით. 2006 წელს, ჩემპიონობიდან ერთი კვირის შემდეგ, შოტლანდიის თასის ფინალი გვქონდა სათამაშო ქვედალიგელთან. მაშინ ვიგრძენი, თუ რამხელა დატვირთვა ჰქონდა ბრიტანელებისთვის თასის მოგებას.

თასის ფინალი პენალტების სერიით მოვიგეთ. ედინბურგში დიდი ამბავი იყო. მომდევო სეზონისთვის "ჰართსიდან" ოთხი ფეხბურთელი წავიდა. დიდ ზეწოლას ვგრძნობდი მედიისგან და რომანოვისგანაც. პოსტიდან წავედი, "ჰართსში" მენეჯერად დავრჩი.

დიდი გამოწვევა იყო. ლიტვის ნაკრების მწვრთნელიც ვიყავი მანამდე, თუმცა შოტლანდიაში მწვრთნელობა სულ სხვა გამოდგა...

საქართველო შორს არასდროს ყოფილა
- გორის "დილაში" როგორღა აღმოჩნდით?
- გოჩა თამაზაშვილთან თორმეტი წელია, რაც ვმეგობრობ. დამირეკა გოჩამ და ამიხსნა სიტუაცია. ვესაუბრე ლევან სილაგაძესაც. ყველა ნიუანსი გავიარეთ და მივიღე ეს გამოწვევა.

საქართველო ჩემთვის ახალი ქვეყანა არ არის, ბევრი მეგობარი მყავს, საქართველო ჩემგან შორს არასდროს ყოფილა. "დილაში" მოსვლამდეც ვიცნობდი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გყავთ, ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

- ქართულ საკლუბო ფეხბურთს რამდენად კარგად იცნობთ?
- "ზესტაფონს" უკვე ვეთამაშეთ სუპერთასზე. სხვა ქართულ კლუბებზეც მაქვს შეგროვებული ინფორმაცია.

- "დილას" რა კონკრეტული მიზანი აქვს ამ სეზონში?
- ევროსარბიელზე გასვლა.

- ჩემპიონობა?
- ეს მიზანი "დინამოს" აქვს, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენთვის ყველა მატჩი გადამწყვეტი იქნება.

- რა სტილს ანიჭებს უპირატესობას ვალდას ივანაუსკასი?
- ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. "დილას" მოთამაშეებში იმდენი პოზიტივი დავინახე, რასაც არ ველოდი. ჩემი საფეხბურთო ხედვა სწრაფად გაითავისეს. პოზიტიურად აგრესიულობა - ეს არის ფეხბურთის მომავალი.

- გასაგებია, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ნიჭიერი ფეხბურთელიც სჭირდება...
- გორის "დილადან" 3-4 ფეხბურთელს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, თუნდაც ბუნდესლიგაში.

- საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ბუნდესლიგაში - ეს რეალურად მიგაჩნიათ?
- თუ ფეხბურთელს აქვს ეს მიზანი და თუ სათანადოდ მიუდგება საქმეს, ეს სავსებით რეალურია. "დილაში" ამ ფეხბურთელების გვარებს კი ახლა ვერ დაგისახელებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი-დილა 0:0 (პენ. 4-2) - რევანშით შენარჩუნებული ტიტული [VIDEO]
ვალდას ივანაუსკასი: საქართველო მეორე სამშობლოდ მიმაჩნია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ინფორმაციით აბურჯანიას თაობაზე და არაბულზე მართავს ეს კაცი მოლაპარაკებებს ლევერკუზენთან
fanatikosi
01:14 27-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული