გია კვარაცხელია: დუშან უჰრინი ჩვენგან ევროპულ ფეხბურთს ითხოვს

AutoSharing Option
გია კვარაცხელიას კარიერაში იყო აღმასვლისა და ჩავარდნის პერიოდები. ალან ჟირესი სისტემატურად იწვევდა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ 2005 წლის შემდეგ "ჯვაროსნების" ფორმა აღარ ჩაუცვია.

არადა, სწორედ ამის შემდეგ აეწყო საკლუბო კარიერა: დაასახელეს ლიტვის საუკეთესო ლეგიონერად, თამაშობდა ბელორუსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ მტზ-რიპოში.

2010 წელს, როდესაც მინსკის მტზ-რიპოდან რუსთავის "ოლიმპში" გადავიდა, ბევრმა მიიჩნია, რომ 29 წლის მცველის კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ 15 შეხვედრაში გატანილი 5 გოლით კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ საჭირო კაცი იყო
და გამოცდილი მოთამაშე თბილისის "დინამოში" მიიწვიეს.

2011 წელს "დინამომ" კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და ისევ რუსთავში დაბრუნდა, იქ ჩინებული სეზონის შემდეგ კი ხელმეორედ უხმეს "დინამოში".

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპამდე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდს სერიოზული გაძლიერება სჭირდებოდა, განსაკუთრებით, დაცვასა და ნახევარდაცვაში. ბევრმა იფიქრა, რომ "შემცირება" ვეტერან მოთამაშეებს შეეხებოდათ, მაგრამ კვარაცხელია კვლავ ძირითად გუნდშია.

სხვათა შორის, კვარაცხელიას გამარჯვებით დასრულდა "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვა: გულშემატკივართა უმრავლესობამ (33%, 1042 ხმა) მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საუკეთესოდ აღიარა გიას მიერ "ვიტ ჯორჯიას" (5:0) კარში გატანილი გოლი.

- "დინამოს" თამაში იცვლება, გუნდი უფრო დინამიკური ფეხბურთისკენ იხრება. როგორ ეგუებიან ფეხბურთელები ცვლილებებს?
- ტაქტიკის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მწვრთნელს საკუთარი მოთხოვნა გააჩნია და ასეა უჰრინიც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ფეხი ავუწყოთ და მისი დავალებები შევასრულოთ. მიმაჩნია, რომ გუნდი ახალ სტილს საკმაოდ კარგად ითვისებს.

- უჰრინი კონკრეტულად რას ითხოვს?
- ევროპულ ფეხბურთს. აქცენტი სისწრაფესა და ძალისმიერ ბრძოლებზე აქვს გადატანილი. ჩვენი ნახევრიდან მეტოქის მოედნამდე ბურთი სწრაფად უნდა გადადიოდეს.

- ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ.
- გუნდს ეტყობა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული. ეს ბევრს ნიშნავს და საშუალებას გვაძლევს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ტემპი შევინარჩუნოთ და მწვრთნელის დავალება მეტ-ნაკლებად ზედმიწევნით შევასრულოთ.

- შეტევებში ჩართვა ყოველთვის გეხერხებოდა. ფოთის "კოლხეთის" საჯარიმოშიც ბევრჯერ შეგნიშნეთ - ეტყობა, უჰრინი მკაცრად დაცვაში ჩაჯდომას არ გთხოვს.
- მართალია. უჰრინს შემტევი ფეხბურთი უყვარს და სულ ამბობს - იერიში დაცვიდან იწყებაო. წინ წასვლასაც არ გვიშლის, პირიქით, ითხოვს კიდეც ამას. არადა, საქართველოში ბევრი მწვრთნელი ვიცი, რომელიც მცველებს წინ წასვლას უკრძალავს.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რომელი გუნდი მიგაჩნია "დინამოს" ყველაზე სახიფათო კონკურენტად?
- ექვსეულში მოხვედრილ ყველა გუნდს აქვს ჩვენი დაწევის შანსი.

- დიპლომატივით ლაპარაკობ...
- ამას გულწრფელად ვამბობ. საქართველოს ჩემპიონატი ძალიან მძიმე და საკმაოდ სპეციფიკური ტურნირია. ბევრჯერ მომხდარა, რომ შესვენებაზე ბევრი გუნდი რადიკალურად დასუსტებულა ან გაძლიერებულა. ცვლილებები ახლაც მოხდა და მეორე ეტაპის მატჩები დაგვანახვებს - ვინ რას წარმოადგენს.

ჯერ ყველა მეტოქეზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ექვსეულში თითქმის არავინ დასუსტებულა. ჩვენ თუ ყველა მეტოქესთან შეხვედრისთვის კარგად არ მოვემზადეთ და კონცენტრაცია არ შევძელით, არაფერი გამოგვივა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოში ბევრი მწვრთნელი ვიცი, რომელიც მცველებს წინ წასვლას უკრძალავს.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------იმიტომ უკრძალავს რო უკან დაბრუნებას ვერ ასწრებენ,თავიანთი "სისწრაფის" გამო. ნეტავ ტელევიზორს მაინც არ უყურებენ ეს დალოცვილები, ან რამოსს ან პეპეს ან კოენტრაოს ან ალვესს ან ალბას ან პუიოლს ან პიკეს.რომელი ერთი გინდა.
giorgi
18:37 10-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული