გიორგი მერებაშვილი: თბილისის "დინამო" რთული ტაქტიკით თამაშობს

AutoSharing Option
ფაქტია, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინის დანიშვნის შემდეგ თბილისელთა თამაში და ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა: დინამოელები უფრო სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ.

საინტერესოა ამასთან დაკავშირებით "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მერებაშვილის აზრი.

ფეხბურთელი გვიყვება იმის შესახებ, თუ რას ითხოვს გუნდისგან მთავარი მწვრთნელი, თავად როგორ გადაეწყო ახალ სტილზე, რომელსაც თავიდან ვერ ეგუებოდა.

ნოვი სადის "ვოივოდინადან" "დინამოში" დაბრუნებულ მერებაშვილს უჰრინმა უჩვეულო პოზიცია - ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგი ჩააბარა. ფეხბურთელი არც მალავდა, რომ შეტევებში ჩართვის ნაკლები საშუალება ჰქონდა და ამით არ იყო კმაყოფილი.

- სეზონის
სტარტისგან განსხვავებით, ახლა "დინამოში" საკუთარი ადგილი იპოვე და ფსიქოლოგიურად უკეთ გამოიყურები...

- ყველაფერს თავისი ახსნა გააჩნია. ადრე "დინამოში" და შემდეგ "ვოივოდინაში" 4-4-2 სათამაშო სქემას არავინ იყენებდა. ეს არის პირველი ფაქტორი, რის გამოც, თავდაპირველად, "დინამოში" დაბრუნება გამიჭირდა.

მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ არასოდეს ვყოფილვარ მარცხენა ნახევარმცველი, რომელსაც დაცვითი ფუნქციებიც უნდა შეესრულებინა - მე ხომ მთლიანად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი ვიყავი.

მაგრამ დუშან უჰრინის დანიშვნიდან რვა თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში მან კარგად ამიხსნა, რა მოთხოვნებს მიყენებდა, რა ევალება ჩემი პოზიციის მოთამაშეს და ნელ-ნელა ახალ როლსაც მივეჩვიე. შეძლებისდაგვარად ვცდილობ დავალებების შესრულებას, გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას.

- ახლა გოლებიც უფრო ხშირად გაგაქვს...
- რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ფეხბურთი გოლისა და შეტევაში ჩართვის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ბავშვობიდან თავდასხმაში ვთამაშობ. შეტევა სისხლში ისე მაქვს გამჯდარი, მეკარედაც რომ დამაყენონ, კარში იქიდანაც დავარტყამ. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ სათამაშო დისციპლინა არ დავარღვიო და გუნდური სქემიდან არ ამოვვარდე.

- "დინამოს" მრავალი სქემით უთამაშია, მაგრამ კლასიკური 4-4-2 მხოლოდ დუშან უჰრინმა დაამკვიდრა. ცხადია, გადაწყობა არა მხოლოდ შენ, გუნდსაც სჭირდება, რაც იოლი არ არის.
- უკვე ვთქვი კიდეც, რომ ამ სქემით არასოდეს მითამაშია და უნდა გითხრათ, რომ ძალიან რთული ტაქტიკა ყოფილა.

- სირთულე რაში მდგომარეობს?
- საქართველოში თითქმის ყველა გუნდი 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემით თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრში ყველას სამი ნახევარმცველი ჰყავს. ამ სქემას ევროპული გრანდებიც, მაგალითად, "რეალი" და "ბარსელონაც" იყენებენ. აქედან გამომდინარე, მეტოქეებს მოედნის შუაში ჩვენზე უპირატესობა გააჩნიათ. ორ ცენტრალურ ნახევარმცველს მცველებისა და ფლანგების სერიოზული დახმარება სჭირდებათ, თავად ცენტრის ფეხბურთელებს კი - ჩვეულებრივზე ბევრი მოძრაობა სამი მეტოქის გასამკლავებლად.

თუმცა 4-4-2-ს თავისი დადებითი მხარეებიც გააჩნია და თუ ეს პლუსები სრულად გამოვიყენეთ, ჩვენთან ბრძოლა ყველა მეტოქეს გაუჭირდება.

- დიდი ხანია, რაც ეროვნულ ნაკრებში აღარ გითამაშია. მართალია თუ არა, რომ თემურ ქეცბაია შენს დაბრუნებას აპირებს?
- მე პირადად ამაზე არაფერი მსმენია, მაგრამ თუ დამაბრუნებს, ძალიან გამიხარდება. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი უპირველესი სურვილი იყო და დღემდე ასეა. თუ ქეცბაია დამიძახებს, ვეცდები, გუნდს გამოვადგე და მისი იმედები გავამართლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და თუ თქვენ 4-4-2 სქემით თამაშობთ ანუ 4 ნახევარმცველით,მაშინ 4-3-3 სქემით მოთამაშე მოწინააღმდეგეს საიდან აქვს ცენტრში უპირატესობა, არ მესმის 3 მეტია 4-ზე თუ რაღაცას ვერ ვიგებ?
giorgi
18:29 10-03-2013
0
თქვენ რო კაცმა გისმინოთ, გამოვა რო რეალი და ბარსა ერთი სქემით თამაშობენ, ხო?
4-3-3 და 4-2-3-1 როგორ გულისხმობს ცენტრში 3 ნახევარმცველს?
რა ტყემალზე ხართ და რა ჭურში ხართ, ნეტა იცოდეთ.
dudu
00:00 09-03-2013
0

სიახლეები პოპულარული