ლევან კაკუბავა: ისევ თბილისის "დინამოში" დავბრუნდები!

AutoSharing Option
1 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამომ" ლევან კაკუბავას მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა.

კლუბის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ ეს გადაწყვეტილება 22 წლის მცველისა და "დინამოს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს მიზნად ჩემპიონობა დაუსახეს და ფეხბურთელებს ხელს ქართველი მწვრთნელებივით არ აფარებს. მისთვის სულერთია, მოთამაშე ადგილობრივია თუ უცხოელი, პერსპექტიული თუ უპერსპექტივო; მთავარია, კონკრეტულ მომენტში გუნდს გამოადგეს.

ვერავინ გაამტყუნებს, უცხოელი ასეც უნდა მუშაობდეს, მაგრამ დასანანია, რომ წამყვანი კლუბის მიღმა აღმოჩნდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველი, რომელიც "დინამოს" ძირითად გუნდში
2008 წლიდან, ანუ 17 წლის ასაკიდან თამაშობდა.

იყო დრო, მწვრთნელთა ფავორიტიც გახლდათ. თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში - ამ უკანასკნელში ორი შეხვედრაც ჩაატარა.

თუმცა, 2011 წლის შემოდგომიდან, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი ტრავმების გამო გაუცდა, რაც გახდა კიდეც "დინამოდან" მისი წამოსვლის მიზეზი.

- "დინამოდან" შენი გაშვება მოულოდნელი იყო.
- ობიექტურები თუ ვიქნებით, ვიტყვი, რომ ალბათ, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

- რას გულისხმობ?
- ფეხი მქონდა მოტეხილი, შემდეგ კი ფორმის აღდგენის გამო დუშან უჰრინს თავი ვერ მოვაწონე.

- კონტრაქტის გაწყვეტა ვისი ინიციატივა იყო?
- გუნდიდან წასვლა თავად ვითხოვე, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძირითადში მოხვედრის შანსი არ მქონდა.

- ფეხბურთელები შენნაირად თვითკრიტიკულები იშვიათად არიან.
- აბა, ჩემს ტრავმას და აღუდგენელ ფორმას "დინამოს" ხომ ვერ დავაბრალებ? ან გუნდზე აუგი როგორ უნდა ვთქვა, როდესაც 8 წელი თავს მევლებოდნენ და ყველანაირად გვერდში მედგნენ. "დინამოს", მისი ხელმძღვანელობისა და კლუბის ერთგული ფანკლუბის, "გლადიატორების" მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- ფორმის აღდგენა რატომ ვერ მოახერხე?
- წელიწადზე მეტი გამიცდა და დრო მჭირდებოდა, მაგრამ "დინამო" დიდი კლუბია და მოთამაშე სულ ფორმაში უნდა იყოს. თუმცა, კლუბი ამით დაინტერესებული იყო და ხელმძღვანელთა თანადგომას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.

სამწუხაროდ, არც ბოლოს გამიმართლა - თებერვლის დასაწყისშიც დავშავდი. მართალია, მიკროტრავმა იყო, მაგრამ გუნდს ასეთ მდგომარეობაში ვერ დავეხმარებოდი. ამაში ვერც "დინამოს" დავადანაშაულებ და ვერც უჰრინს.

სამწუხაროდ, მასთან შესაძლებლობები ობიექტური მიზეზების გამო ვერ წარმოვაჩინე, ისიც არ მიცნობდა.

ან რა ნამუსით დავადანაშაულო "დინამო", ამ გუნდმა მომცა ყველაფერი - ზრდის და წინსვლის შანსი, ცნობადობა, სანაკრებო კარიერაც აქედან ავიწყვე. ამ ყველაფრისთვის ხაზის გადასმა უმადურობა იქნება. უბრალოდ, არის ზოგჯერ მომენტები, როდესაც ვერავის დაადანაშაულებ; ყველაფერი უიღბლობის გამო უფრო მოხდა.

თუმცა, იმედი მაქვს, რომ "დინამოში" მაინც დავბრუნდები და თანაც, კარგად. შეიძლება, ეს ამბავი ჩემთვის სასურველიც აღმოჩნდეს, ფეხბურთელს სტიმული სჭირდება და იმედია, "დინამოდან" წასვლა კი არ მაზარალებს, არამედ ზრდის მეტ სტიმულს მომცემს.

დამიჯერეთ, გუნდიდან დაბოღმილი არ წავსულვარ, პოზიტიურად ვარ განწყობილი და "დინამოს" წარმატებებს ვუსურვებ - ბოლოს და ბოლოს, იქ ჩემი უახლოესი მეგობრები თამაშობენ.

- ახლა სად ვარჯიშობ?
- ტრავმა მოვირჩინე და ჯერ ინდივიდუალურად ვემზადები, მაგრამ მთელი დატვირთვით მზადება უკვე შემიძლია.

- მართალია, თითქოს ბოლნისის "სიონში" გიწვევენ?
- "სიონი" კარგი კლუბია, მაგრამ საწყენი არ უნდა იყოს, რომ ჩემპიონატის რომელიმე ლიდერ გუნდში მსურს გადასვლა.

- ამბობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი ქუთაისის "ტორპედოა"...
- ჯერ ქუთაისელებთან კონტრაქტზე არ მილაპარაკია.

- მაგრამ მოლაპარაკება დაიწყე...
- ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი არ მსურს. თავისუფალი აგენტი გავხდი და ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდში ჩარიცხვის უფლება მაქვს. მთავარია, ფორმა დროულად აღვიდგინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" კაკუბავას კონტრაქტი გაუწყვიტა, რეხვიაშვილი იჯარით გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ?
ნიკა_მარქსი
16:47 10-03-2013
0
ტორპედოში არ მოიყვანოთ ეს თორემ ჩემდა თავად თამაშზე მომსვლელის ....
nika
12:47 09-03-2013
0

სიახლეები პოპულარული