დილა-ზესტაფონი 2:1 - ივანაუსკასს ასეთი მეორე ტაიმი აღარ დაანახოთ! [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონთან" სუპერთასის წაგებული მატჩის შემდეგ "დილას" გულშემატკივრები რევანშის ხასიათზე იყვნენ და ისინი მათმა გუნდმაც არ დააღალატა.

მაყურებელი სტადიონზე ჩვეული სიმრავლით შეიკრიბა, ორივე გუნდი მინდორზე საბრძოლველად გავიდა და ამინდიც, როგორც იტყვიან, ნამდვილი საფეხბურთო იყო.

დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ მასპინძლები მოისაკლისებდნენ ფეხბურთელს (არზიანი). გარდა ამისა, მათ ავადმყოფობის გამო ბრაზილიელი ლეონარდოც აკლდათ.

საწყისი 15 წუთის მანძილზე საინტერესო არაფერი მომხდარა. სტუმრები იერიშებს ბურთის მოედნის ცენტრში დამუშავებით ახორციელებდნენ, ვალდას ივანაუსკასს კი თავისი ფეხბურთელებისათვის შეტევათა სწრაფად განვითარება დაევალებინა.

Sportall.Ge"დილა" მოწინააღმდეგესთან შედარებით ნაკლებად ტვირთავდა მოედნის ცენტრს, აქტიურად იყენებდა
გრძელ დიაგონალურ პასებს, მალ-მალე გადაჰქონდა თამაში ფლანგიდან ფლანგზე.

პირველი რეალური ხიფათი როინ კვასხვაძის კართან მე-17 წუთზე შეიქმნა - ჟუნიორმა დაკარგულ ბურთზე მოწინააღმდეგის ორ მცველთან იბრძოლა ბოლომდე, დაიბრუნა იგი და დავით კვირკველიას მისცა კარგი პოზიციიდან დარტყმის საშუალება, თუმცა კვასხვაძემ ახლო კუთხეში წასული ბურთი ხელთ იგდო.

საპასუხოდ სტუმრებმა (პეტკოვი) შორიდან დარტყმით მოსინჯეს შეყრილაძის მზაობა.

პირველ ტაიმში იგივე სიტუაციიდან კარის აღებას შეეცადნენ დავით რაჟამაშვილი და იგორ იელიჩი, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ.

23-ე წუთზე გიორგი ილურიძის გრძელი გადაცემით დაწყებული მორიგი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კახელიშვილმა გააგრძელა. მისი დარტყმული ორიოლ ლოსანოს, არბიტრის შეფასებით, ხელზე მოხვდა, თავად ესპანელი მცველის თქმით კი - მხარზე. საბოლოოდ, დავით ხარიტონაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლაშა გვალიამ ზუსტად შეასრულა.

ზესტაფონელებმა მაშინვე გააპროტესტეს პენალტი, კახა კაჭარავა მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზეც შევიდა ხარიტონაშვილთან სასაყვედუროდ და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ზესტაფონი" არბიტრის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს.

ხუთ წუთში ისევ ილურიძის წამოწყებული შეტევა იქცა გოლად: მან ჯერ მარცხენა ფლანგზე ერთი მეურვე ჩამოიცილა, პირით ხაზამდე ჩაირბინა, მოძრაობა ბურთით კარისკენ განაგრძო და სახეირო სიტუაციაში მყოფ ჟუნიორს უპასა. ამან კი ანგარიში ორამდე გაზარდა.

ვიტყვით, რომ გიორგი ილურიძე ნამდვილად ამ შეხვედრის გმირი იყო. მან არა მხოლოდ თავისი გუნდის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, არამედ დარჩენილ დროსაც საკმაოდ ნაყოფიერად და გონივრულად მოქმედებდა.

აღსანიშნავია ჟუნიორის ბოლოდროინდელი ნაყოფიერი გარჯაც. პირველ წრეში ბრაზილიელ ლეგიონერს გოლების გატანა უჭირდა, ხოლო სეზონის განახლების მერე - ბოლო ორ შეხვედრაში ოთხჯერ უწია მიზანს.

ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებული "დილა" თავდაჯერებული გახდა, უმთავრესი მნიშვნელობა მოედანზე ვითარების კონტროლს მიანიჭა და სახიფათო მომენტებმაც იკლო ორივე კართან.

მეორე ტაიმი "ზესტაფონმა" უფრო აქტიურად დაიწყო. კაჭარავამ არასახარბიელოდ მოთამაშე პეტკოვი და რეკრუკი გაიყვანა და მათ ნაცვლად აფციაური და გორგიაშვილი შეუშვა, რომლებიც კარგად ჩაერთვნენ თამაშში.

მე-60 და 62-ე წუთებზე ჯერ გორგიაშვილის, მერე კი აფციაურის შორეული დარტყმები გამოდგა საკმაოდ სახიფათო, მაგრამ პირველად ბექა შეყრილაძემ მოიგერია, მეორე ხარიხას გადასცდა მცირედით.

ამასობაში უქმად არც გორელები მდგარან. განსაკუთრებით, კახა ალადაშვილის საჯარიმოს აღვნიშნავთ, რომელიც ძელმა მოიგერია.

თავის მხრივ, აქტიურად ჩაერთო თამაშში მიხეილ გორელიშვილიც. რიგ შემთხვევებში, მისი გარღვევების შესაჩერებლად სტუმართა მცველებს წესების დარღვევაც უწევდათ. შედეგი კი 71-ე წუთზე ზესტაფონელი აფციაურისა და გორგიაშვილის მორიგმა მცდელობამ მოიტანა - ამ უკანასკნელმა თავით გადაგზავნა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ბადეში.

ორიოდ წუთში გოლის ავტორი უკვე ენდელაძის ჩაწოდებულს გამოეხმაურა, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროს დაძაბულობამ იმატა მოედანზე, მაგრამ გოლი არც ერთ კარში აღარ გასულა.

VideoSportall.Ge
დილა - ზესტაფონი 2:1


მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (ზესტაფონი):
"დღეს ვიხილეთ ორი განსხვავებული ტაიმი. პირველში ჩვენი შეცდომებით ორი ბურთი ვაჩუქეთ მოწინააღმდეგეს, შესვენების შემდეგ კი უკეთ ავთამაშდით და გოლიც შევაგდეთ, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. გამოჩნდა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს, თამაში დასალაგებელია. მსაჯობაზე საუბარი ახლა აღარ მინდა".

ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"ამ მატჩში უმთავრესი სამი ქულა იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც და რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ. კარგად ვითამაშეთ პირველ ტაიმშიც, თუმცა ის, რაც მეორე ტაიმში მოხდა, ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის. ის, რაც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ - სხვა დროს აღარ მინდა ვნახო. "დილას" გეგმები ევროტურნირზე გამოსვლაა. პირველი ტაიმის მიხედვით, ეს რეალურად ჩანს, მეორეს მიხედვით კი - არარეალური".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პანალტი არ დაუდო ზესტას, ღონღაძეზე
kkkk
16:45 11-03-2013
0

სიახლეები პოპულარული