გიორგი შაშიაშვილი: თბილისის "დინამოსთან" შეგუება არ გამჭირვებია

AutoSharing Option
გამოცდილ გიორგი შაშიაშვილს კარიერის განმავლობაში ხუთი ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ავსტრია, საბერძნეთი) უმაღლესი ლიგის შვიდი კლუბის ფორმა ჩაუცვამს, თან 33 წლის მცველს ეროვნულ ნაკრებში 30 შეხვედრა დაუგროვდა.

ცხადია, ამ პერიოდში სხვადასხვა სათამაშო სტილის მიმდევარ მწვრთნელებთან უთამაშია და არაერთ ტაქტიკურ სქემასთან მოუწია შეგუება.

თბილისის "დინამოში" მესამედ მივიდა - ამჯერად გორის "დილადან". სწორედ გამოცდილების შედეგია, დუშან უჰრინის მოთხოვნებთან შეგუება რომ არ გასჭირვებია.

"თბილისის "დინამოში" 16 წლის ასაკში ამიყვანეს და მას შემდეგ მიწევდა არა მხოლოდ სხვადასხვა სქემასთან შეგუება, არამედ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშიც -
დაცვის ორივე ფლანგზე და ცენტრში.

ვინც კარგად ერკვევა დეტალებში, დამეთანხმება, რომ ფლანგიდან ფლანგზე ან, მით უფრო, შუაში გადასვლა იოლი ნამდვილად არ არის.

ყველა მწვრთნელს საკუთარი ტაქტიკა აქვს და ასეა დუშან უჰრინიც, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ, გადაწყობა არ უნდა გაგიჭირდეს.

"დინამოში" დაბრუნების შემდეგ პირველად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშე, ჩემპიონატში "ზუგდიდთან" კი - მარჯვენა ფლანგზე.

ამპლუის ცვლა ჩვეულებრივი ამბავია და მთლიანობაში, არ გამჭირვებია, იმიტომაც, რომ "დინამო-არენა" ჩემთვის მშობლიური სტადიონია, მასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს და მიხარია, დაბრუნება პირველივე საშინაო შეხვედრაში ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გოლით რომ აღვნიშნე",
- ამბობს შაშიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული