ზესტაფონი-ტორპედო 0:0 - მორიგი უგოლო იმერული დერბი

AutoSharing Option
ეროვნულ პირველობასა თუ თასზე "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" შორის გამართული მატჩები ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი დაძაბულობა იმდენად დიდი ყოფილა, მოედნის ფარგლებსაც გასცდენია და გულშემატკივართა შორის ჩხუბშიც გადაზრდილა.

ინტრიგა არც 17 მარტს გამართულ დაპირისპირებას აკლდა. მოტივაცია ორივე გუნდს საკმარისზე მეტი ჰქონდა.

საქართველოს მოქმედ ჩემპიონს და სუპერთასის მფლობელ "ზესტაფონს", რომელმაც ჩემპიონატი "დილასთან" მარცხით განაახლა, მანამდე კი თასის მერვედფინალში ლანჩხუთის "გურიასთან" დამარცხდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდა.

თავის მხრივ, ქუთათურებს "ჩიხურა" კვალში უდგათ და ამ ტურში "ფეხის დაცდენის" შემთხვევაში, დიდი იყო ალბათობა, რომ
მათთვის საჩხერელებს გადაესწროთ.

კვირას მთელი დღე და შეხვედრის დროსაც წვიმდა, წყლით გაჟღენთილ მოედანზე ბურთის დამორჩილება ძალიან ჭირდა. შეხვედრა მაინც საკმაოდ დაძაბული და დინამიკური გამოდგა. თუმცა ფეხბურთს გოლები ალამაზებს, ამ მხრივ კი ფეხბურთელებმა თავი ვერ გამოიჩინეს...

Sportall.Geსველ მოედანს პირველებმა მასპინძლებმა აუღეს ალღო. კახა კაჭარავას შეგირდებმა დასაწყისშივე რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. ისინი, ძირითადად, ფლანგებიდან უტევდნენ. განსაკუთრებით მარცხენა მცველი თეიმურაზ ღონღაძე აქტიურობდა. მატჩის დებიუტშივე მისი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გიორგი ონიანმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, თუმცა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.

მომდევნო სახიფათო იერიში ზესტაფონელებმა საწინააღმდეგო ფლანგიდან განახორციელეს. თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდებულს ბოტი დემელი თავური დარტყმით გამოეხმაურა, მაგრამ მიგინეიშვილი ამჯერადაც დამაჯერებლად გაისარჯა.

ტაიმის შუაში ღონღაძის ჯარიმისა და ბოტი დემელის თავური პასის შემდეგ შეტევაში ჩართული ორიელ ლოსანო შეეცადა ქუთაისელთა დამწუხრებას, მაგრამ ააცილა.

სტუმრებმა ზესტაფონელთა კარისკენ პირველად 28-ე წუთზე "გაიხედეს", როცა საჯარიმოს მისადგომებიდან საბანაძის დაბალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. ქუთაისელებმა თანდათან თამაში გაათანაბრეს და ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ გიორგი ბერიაშვილის გამჭოლ გადაცემას გიორგი დათუნაიშვილმა მიმართულება ვერ შეუცვალა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბურთაობაში მიილია... თამაშის განახლებისთანავე დემელმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მიგინეიშვილი ყოჩაღად დაუხვდა.

მასპინძლები კვლავ დაეუფლნენ უპირატესობას. შეცვლაზე შესულმა ავთო ენდელაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა კარში. მიგინეიშვილმა სველი ბურთი ძნელად მოიგერია.

გია გეგუჩაძემ შეცვლებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ მასპინძლები არ ცხრებოდნენ და ტორპედოელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. დემელის ძლიერი დარტყმის მოგერიებისას მიგინეიშვილს სველ მინდორზე ფეხი დაუცდა, ბურთიც გაუვარდა ხელიდან, რომელსაც ლევან კუტალია დაეუფლა და მახვილი კუთხიდან ფაქტობრივად ცარიელ კარში დაარტყა, თუმცა, ქუთაისელთა ბედად, მიზანს მცირედით ააცილა.

მალე სტუმრები აფციაურმაც აანერვიულა. მისი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ქუთაისელები უხეშობის ზღვარზე თამაშობდნენ და ასე ცდილობდნენ მასპინძელთა იერიშების შეჩერებას. შემდეგ კი თავადაც გააქტიურდნენ, მაგრამ სტუმართა კართან სახეირო ვერაფერი შექმნეს.

ბოლოს ისევ ზესტაფონელებმა სცადეს გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მათი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

ასე რომ, წინა ტურის მსგავსად ("ტორპედო"-"ჩიხურას" ვგულისხმობთ), მორიგი იმერული დერბიც უგოლოდ დასრულდა.

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა:
"კარგი თამაში იყო, მატჩის უმეტეს პერიოდში უპირატესობას ვფლობდით. სამწუხაროდ, რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ლოგიკურია - კარში თუ ვერ დაარტყი, გოლსაც ვერ გაიტან".

გია გეგუჩაძე:
"არც ერთ გუნდს ხელს არ გვაძლევდა ეს შედეგი. რთულ პირობებში მოგვიხდა თამაში, სველ მინდორზე ძალიან ჭირდა ბურთის დამორჩილება და მისი კონტროლი. ორივე კართან იქმნებოდა მომენტები, თუმცა ასეთი სათამაშო პირობების გათვალისწინებით, შედეგი ლოგიკური იყო".

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული