ჯერ იყო და გუნდში მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი დაიმატეს. როგორც შევიტყვეთ, ირაკლი კლუბს უკვე შეუთანხმდა და სეზონის ბოლომდე "სიონში" ითამაშებს.
თბილისის "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც 23 მარტს დიღმის ბაზაზე გაიმართა, ბოლნისელთა რიგებში კიდევ ერთი ახალწვეული, ზაქარია ბეგლარიშვილი გამოჩნდა.
ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გასული ბეგლარიშვილი
რაც მთავარია, უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის "კარპატიში" მიიწვიეს, მაგრამ პირველი შეკრების შემდეგ 22 წლის ქართველ პლეიმეიკერს უკრაინელებმა მიუღებელი პირობები შესთავაზეს და ლვოველებს მეორე შეკრებაზე აღარ გაჰყვა.
ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ ესტონური ინტერნეტგამოცემა Err.es-ის ინფორმაციით, ბეგლარიშვილს ტალინის "ფლორას" ხელმძღვანელობა დაბრუნებას სთავაზობდა.
გამოცემა შეცდა, როდესაც ქართველი ახალგაზრდის "ფლორაში" თამაშის შანსს 50/50-ზე აფასებდა.
შევიტყვეთ, რომ ზაქარიაც, კლიმიაშვილის მსგავსად, "სიონში" სეზონის დასრულებამდე დარჩება. "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ ზაქარია ბეგლარიშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- "სიონში" შენი გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა...
- ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო.
- ანუ "სიონში" უკვე ჩაირიცხე?
- "ფლორადან" გათავისუფლების ფურცელს ელოდებინ და მალე საჩემპიონატო განაცხადში შემიყვანენ.
- ესტონელებს შენში საკმაოდ დიდი საკომპენსაციო თანხა, 60 ათასი ევრო ეკუთვნით - ბოლნისელებს დიდი ბიუჯეტი არ აქვთ და ამხელა ფულს იხდიან?
- საქმეც ისაა, რომ "ფლორა" საკომპენსაციო თანხას ვეღარ მიიღებს.
- რანაირად?
- ერთ თვეში 23 წლის გავხდები. ანუ თავისუფლად შემეძლო, ეს პერიოდი უგუნდოდ ვყოფილიყავი და მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბში ჩავირიცხებოდი. ეს ესტონელებისთვისაც არ დამიმალავს. ვუთხარი, რომ მათი მადლიერი ვიყავი, კარიერის აწყობასა და წინსვლაში ხელი შემიწყვეს და ცუდად დაშორების სურვილი არ მქონდა - ყველაფერი ისე გადავწყვიტოთ, ნორმალურ ხალხს რომ შეეფერება-მეთქი. გამიგეს, არ შემეწინააღმდეგნენ და შევთანხმდით. ადამიანურად მოიქცნენ.
- ესტონეთის მეისტრიილიგის კლუბების ბიუჯეტი მინიმუმ მილიონი ევროა. ვიცით, რომ "ფლორას" შენი დატოვება სურდა - ნუთუ მისაღები პირობები არ შემოგთავაზეს?
- ახალი კონტრაქტი რომ შემომთავაზეს, პირობების გაუმჯობესება მოვითხოვე, რაზეც უარი მითხრეს, არ შეგვიძლიაო და ცხადია, იქ დაბრუნებაზე უარი შევუთვალე.
- როგორც ვიცი, ძალიან დაბალ ხელფასზე თამაშობდი...
- ასეც იყო, "ფლორაში" იმდენად დაბალი ხელფასი მქონდა, ევროკავშირის წევრ ძვირ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ადრე მიზერულ თანხაზე იმიტომაც ვთამაშობდი, რომ მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა დავოჯახდი და ამის მიუხედავადაც, "ოქროს მთები" არ მომითხოვია, ელემენტარულ პირობებზე იყო ლაპარაკი. ამის გადახდაც არ ისურვეს და წამოვედი.
დაბალ ხელფასზე ესტონეთში ყოფნას ისევ ქართულ გუნდში თამაში მერჩივნა. ის მაინც მეცოდინება, რომ გვერდში ჩემიანებს დავუდექი.
- "სიონზე" უკეთესი მიწვევები არ გქონია?
- იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ "სიონის" წინადადება საუკეთესო აღმოჩნდა და საბოლოოდ, ბოლნისში თამაში ვარმჯობინე.
- იქნებ გვითხრა, ლვოვის "კარპატიში" რატომ არ დარჩი?
- შეკრების ბოლოს მიუღებელი წინადადებით მომმართეს და იმიტომ. ეს თემა წარსულია, დახურული საკითხია და მასზე ლაპარაკი აღარ მსურს. არადა, იმედიანად მივდიოდი.
რაც იყო, იყო, ჩემთვის მთავარია, ახლა თავი გამოვიჩინო და წინსვლა არ შევაჩერო.
- "სიონში" როდემდე დარჩები?
- ზაფხულამდე, მერე კი ვნახოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"