ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთთან" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურად ქვედა ექვსეულის აუტსაიდერს, ფოთის "კოლხეთს" ეთამაშა.

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ნიკა საბანაძემ საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფი ნიკა ფირცხალავა შენიშნა, რომელმაც მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში დაურტყა - 1:0.

მანამდე ორთაბრძოლაში "ტორპედოს" ახალგაზრდა მოთამაშე ოთარ კუსიანი დაშავდა და შესაცვლელიც შეიქნა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საშიში არაფერია.

მასპინძლებმა სხვაობა მალე გაზარდეს. ვალერი ბოლქვაძის წამოწყებული კომბინაცია გიორგი კუხიანიძემ საბანაძეს გაუგრძელა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა - 2:0.

ტაიმის მიწურულს კი გიორგი ბერიაშვილმა მარჯვენა ფლანგზე მცველი
ჩამოიშორა, მეკარესაც გასცდა და ანგარიში 3:0 გახადა.

მეორე ტაიმში ქუთაისელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა, მათ შორის, დაბიუტანტებიც - მამია გავაშელიშვილი, ბექა კაკუშაძე და გიგა ტვილდიანი. ქუთაისელთა პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მეორე ტაიმში ქუთაისელები დამშვიდდნენ და მეტოქეს მხოლოდ ერთხელ გაუტანეს. შეხვედრის მიწურულს საჯარიმოს კუთხიდან ნიკა ახვლედიანმა გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

სამწუხაროა, რომ ფოთის "კოლხეთმა" მძიმე მდგომარეობას ვერა და ვერ დააღწია თავი. წლეულს კლუბის დაარსებიდან 100 წელი სრულდება, მაგრამ კლუბის დაფინანსების საკითხები დროულად ვერ მოგვარდა და გუნდის თავკაცებს საკადრო პრობლემების მოგვარება სეზონის მსვლელობისას უწევთ.

რამდენად რეალურია დარჩენილ ტურებში დანაკლისის ანაზღაურება და ექნებათ თუ არა მაისში ფოთელებს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის გუნება-განწყობა, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.

ამხანაგური მატჩი
ტორპედო-კოლხეთი 4:0
გოლები: 1:0 ფირცხალავა (28), 2:0 საბანაძე (30), 3:0 ბერიაშვილი (38), 4:0 ახვლედიანი (80).
ტორპედო: ქვილითაია (58. კუპატაძე) - რიგვავა, ცინცაძე, მამასახლისი, კუსიანი (24. გ. ლობჟანიძე) - დათუნაიშვილი (58. ბ. კაკუშაძე), ფირცხალავა (69. გ. ტვილდიანი), კუხიანიძე (58. პეტავა), ვ. ბოლქვაძე - საბანაძე (58. ახვლედიანი), ბერიაშვილი (58. მ. გავაშელიშვილი)

კოლხეთი: ხარშილაძე (46. ბუბუტეიშვილი), კილასონია (46. გ. ჩადუნელი), ფარულავა, ცხვიტარია, ლ. კაკულია (46. ლორია), ქორჩილავა, როსინი (46. ჯანაშია), გოგონაია (46. ხოშტარია), აფხაზავა (46. კვანტალიანი), წაბრია (46. კრასოვსკი), სარსანია (46. ბუხაიძე)

ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე "ტორპედო" კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს გამართავს - 25 მარტს, საღორიის ბაზაზე ქუთაისელები ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული