სიონი-დინამო (ბთ) 0:1 - ბათუმმა შტორმივით აიწყვიტა

AutoSharing Option
პირველი წრის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ბათუმის "დინამო" ახალწვეულებმა მოაფერიანეს და ქვედა ექვსეულში მშვენივრად ათამაშდა: გია გურულის გაწვრთნილებმა მარტვილის "მერანისა" (1:0) და "ვიტ ჯორჯიას" (2:0) დამარცხების შემდეგ, მოღონიერებულ "სიონს" 3 ქულა ბოლნისში გამოგლიჯეს.

საგულისხმოა, რომ ზღვისპირელებს სამ შეხვედრაში ჯერ ბურთი არ გაუშვიათ.

ისინი ბოლნისს დანაკლისით ესტუმრნენ: "დინამოდან" განათხოვრებულ ნიკა დიასამიძეს კუნთი აქვს გაჭიმული და მკურნალობს.

მატჩი დაძაბულად წარიმართა, მაგრამ არა - სანახაობრივად. ერთ-ერთი მიზეზი საფარის მდგომარეობა იყო. ბოლნისელთა მცდელობის მიუხედავად, ბოლო ერთი წელიწადია, მოედნის მდგომარეობა უარესდება და როგორც ჩანს, ხანდაზმულობის გამო,
შესაცვლელია.

ასეა თუ ისე, უხარისხო საფარმა თამაშზე გავლენა მოახდინა, ბურთის გაგორება და კომბინაციური თამაში შეუძლებელი იყო.

Sportall.Geსაკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრებისგან გამხნევებულმა ბოლნისელებმა სტუმრებს თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ საჯარიმოში შეღწევა მეტისმეტად უჭირდათ. ბათუმელების კონტრშეტევების მცდელობას კი მასპინძელთა მცველები დროულად ახშობდნენ.

29-ე წუთზე "სიონში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლადო ახალაია მცველებს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში სახიფათოდ დაარტყა - მეკარე ივან პიცანმა ბურთი დაამიწა.

მალე ბათუმელთა მეკარემ ახალაიას კიდევ ერთი შეტევა მოიგერია, რომელიც ირაკლი კლიმიაშვილის სახიფათო ჩაწოდებას მოჰყვა.

ტაიმის მიწურულს ახალაიამ მცველს საჯარიმო ხაზთან ბურთი აართვა, კარისკენ მოულოდნელად შემოტრიალდა და გაისროლა - ამჯერადაც უშედეგოდ.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი აგრესიულად დაიწყეს და მე-60 წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ: მარცხენა ფლანგზე ისევ კლიმიაშვილმა იაქტიურა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი კოკა მიკუჩაძის ახლო მანძილიდან თავური დარტყმა მიზანს ასცდა.

ბათუმელებმა მასპინძლების შეტევები შეაჩერეს, მალე თავადაც თამამად შეუტიეს და 63-ე წუთზე დაწინაურდნენ.

მარცხენა ფლანგზე ბესიკ ჩიმაკაძემ ბურთისთვის იბრძოლა, მოედნის ცენტრში ამირან მუჯირი მოძებნა, რომელმაც შეტევა მარჯვენა ფლანგზე გათავისუფლებულ სანდრო გურულს გააგრძელებინა, საქართველოს ნაკრების კანდიდატის დარტყმამ კი მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - 0:1.

"სიონმა" მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ კართან მიახლოება უჭირდა. 78-ე წუთზე მიკუჩაძემ ბედი შორეული დარტყმით სცადა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯიმი გაბუნიამ ბურთი კარიდან გამოიტანა.

ამასობაში ბოლნისელებმა დაცვა მოაშიშვლეს და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა გამოეპარათ. ალეკო კოშკაძის უძლიერესი დარტყმა "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია; მალე ალეკო ბაციკაძემ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა, მაგრამ ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

მატჩის მიწურულს ბობღიაშვილი შეტევებში უკანმოუხედავად ჩაერთო და ამ დროს ბაციკაძემ მოედნის ცენტრიდან კიდევ ერთხელ სცადა ცარიელი კარის აღება, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბოლნისელები ლადო უგრელიძემ გადაარჩინა.

"სიონის" მცდელობის მიუხედავად, გია გურულის გაწვრთნილებმა კარი მშრალად შეინახეს, უშუალო კონკურენტებთან დამსახურებულად გაიმარჯვეს (1:0) და ქვედა ექვსეულში ბოლოდან მეორე ადგილს თავი დააღწიეს.

"სიონმა" კი მდგომარეობა გაირთულა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული