დავით ოდიკაძე: "ჩიხურას" გაცილებით მეტი შეუძლია, მიზანი კი ევროსაგზურია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" დამარცხებით "ჩიხურას" სატურნირო ცხრილში პოზიცია შეერყა: საჩხერელები 50 ქულით მესამიდან მეოთხე საფეხურზე ჩამოქვეითდნენ და ახლა ქუთაისის "ტორპედოსაც" (51 ქულა) ჩამორჩებიან.

"ჩიხურას" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ოდიკაძემ შეხვედრა გამოტოვა.

წლების განმავლობაში ოდიკაძე "დინამოს" ფორმით გამოდიოდა, იყო გუნდის კაპიტანი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა სეზონის დაწყებამდე, შეკრების დასრულების შემდეგ ვეტერანი მოთამაშე გუნდიდან გაუშვა.

- როგორც ვიცით, "დინამოსთან" თამაში იჯარის გამო გამოტოვე...
- ასეა. როდესაც თბილისის "დინამომ" იჯარით გამიშვა, მაშინ გადაწყდა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ
მქონდა. არადა, მსურდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი გაშვება შეცდომა იყო და ამას არ ვიმსახურებდი, მაგრამ რას ვიზამთ.

- თქვენი აზრით, "დინამოსთან" მნიშვნელოვანი მატჩის წაგების მიზეზი მხოლოდ შესუსტებული შემადგენლობა იყო?
- რა თქმა უნდა, ცხადია, ამან "ჩიხურას" თამაშსა და შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. სხვადასხვა მიზეზით ექვსი ფეხბურთელი დაგვაკლდა - ჩემზე უკვე გითხარით, გიორგი რეხვიაშვილმაც "დინამოსთან" კონტრაქტის გამო ვერ ითამაშა. გუნდს ვერ დაეხმარნენ ედიკ საჯაია, დათო ბოლქვაძე, დათო დიღმელაშვილი, ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი დათო კირკიტაძე და მათ ნაცვლად ბევრმა გამოუცდელმა ითამაშა.

ასეა თუ ისე, "დინამოს" გამარჯვებას ვულოცავ. ვაღიარებ, რომ გვაჯობეს და დამსახურებულადაც.

- სამეულისთვის მებრძოლმა გუნდმა "დინამოსთან" თბილისში ორჯერ წააგო დიდი ანგარიშით: ჯერ 2:5, ახლა - 0:3. ეს გუნდებს შორის დიდ სხვაობაზე მიუთითებს.
- მე კი მაინც მგონია, რომ "ჩიხურამ" შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. გუნდს გაცილებით მეტი რომ შეუძლია, ეს სეზონის მსვლელობის დროს გამოჩნდა, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია, მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და იმედია, საბოლოოდ სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში "ჩიხურას" გაძლიერება დასჭირდება.

- თქვენ საქმე გაირთულეთ...
- სხვა რა გზაა, დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

- "დინამოსთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- სეზონის დამთავრებასთან ერთად.

- მერე "ჩიხურაში" დარჩები თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებ?
- საჩხერეში ისეთი კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, აქედან წასვლას არ ვაპირებ. მეორე მხარეა ფინანსები და სავარჯიშო პირობები - ამ კუთხითაც ყველა ის პირობა გვაქვს, თავი ფეხბურთელებად რომ ვიგრძნოთ. მომავალი სეზონიდან კიდევ უკეთეს პირობებს გვპირდებიან და ვნახოთ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს რაც მაქვს, ისიც მაკმაყოფილებს.

- ტრადიციის გარეშე ლიდერებში დამკვიდრება ძნელია. "ჩიხურამ" ეს მოახერხა, მაგრამ არის კი გუნდში მეტი წინსვლის რესურსი?
- რადგან "ჩიხურა" წლეულს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდის წევრებიც გამოუცდელები ვართ. "ჩიხურას" შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ბევრი ფეხბურთელისთვის საქართველოს ჩემპიონობაც არ არის უცხო ამბავი. გამოცდილი მოთამაშეები კი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 - ლიდერის იოლი გამარჯვება [VIDEO]
დავით ოდიკაძე: "ჩიხურას" ახლა მაინც აღიარებენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ჩიხურა
givi
17:34 10-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული