რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!

AutoSharing Option
სეზონი დასკვნით ფაზაში შედის და ვნებათაღელვაც მატულობს. საქართველოს ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. "დინამოსა" და "დილას" შორის კონკურენცია დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა, თუმცა ინტერვიუში სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შევეხეთ - "დინამოს" პირველ კაცთან სასაუბროდ თემები მრავლად დაგვიგროვდა.

რომან ფიფიამ "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გვიმასპინძლა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა.

- "დინამოში" 2011 წლის იანვარში მიხვედით. მას შემდეგ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა, მრავლად დაგროვდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები...
- რა თქმა უნდა, იყო წარმატებებიც და შეცდომებიც. შეცდომების გარეშე
ამ პერიოდის გავლა, ალბათ, წარმოუდგენელი იყო. გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ ყველაფერი ერთბაშად გაგვიხდა გასაკეთებელი - "დინამოსგან" მხოლოდ ლოგო და ტიტულები იყო დარჩენილი.

საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციამ დიდი დრო და ენერგია წაიღო. ასეთი საქმეები მხოლოდ ფულით არ კეთდება, ამას დიდი გული სჭირდება. კლუბის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და პერსონალი "დინამოს" ბაზას საკუთარ სახლად მიიჩნევენ. აქ თავს ყველანი ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ.

რასაკვირველია, გუნდის ჩამოყალიბებისას სერიოზული შეცდომები დავუშვით. ამას არავის გადავაბრალებ, რადგან პრეზიდენტი მე ვარ და ვალდებული ვიყავი, უფრო ფხიზლად ვყოფილიყავი. საკადრო საკითხებში სხვებს ვენდე. ეს ჩემი სტრატეგიული შეცდომა იყო, რაც გვიან აღმოვაჩინე.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ საკადრო საკითხები ჩვენთან უკეთაა დალაგებული. გვერდით პროფესიონალები მყავს - სანდრო შახოვი, ბუბა ტყავაძე, თქვენი კოლეგა გიგა გვენცაძე და სხვები.

დუშან უჰრინი "დინამოში" მაღალი დონის მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნებაა. ასეთი მამის შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა. მის პროფესიონალიზმში პირადად არაერთხელ დავრწმუნდი, თუმცა მწვრთნელი, უპირველეს ყოვლისა, შედეგით ფასდება.

- საკლუბო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, წინა სეზონში "დინამომ" ანტირეკორდი თქვენს ხელში დაამყარა - დარჩა საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო სამეულსა და ევროტურნირებს მიღმა...
- ჩვენ მოვიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც პირველ გუნდში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. ეს ჩემი შეცდომა იყო. მეტი დაკვირვება მმართებდა, მაგრამ ვენდე ადამიანებს. მე ნდობა მჩვევია. როცა ადამიანს შენთან ასაქმებ, მას უნდა ენდო კიდეც.

შევცდით ბევრ ფეხბურთელში, რომლებთანაც სამწლიანი კონტრაქტები გავაფორმეთ და ამის საფასურსაც მე ვიხდი.

რაც შეეხება ალექს გარსიას დათხოვნის ამბავს: მას ზამთრის შეკრების დაწყებამდე ორი კატეგორიული მოთხოვნა წავუყენე - უნდა აემაღლებინა დისციპლინა და მოეყვანა ფიზმომზადების მწვრთნელი. მან პრობლემების მოგვარების პირობა მომცა, მაგრამ როცა ესპანურ შეკრებაზე ჩავედი და გუნდში არსებული გარემო საკუთარი თვალით ვნახე, გარსიას გათავისუფლების გარდა, სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი.

თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ჩემი მენეჯერები ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ.

სამწუხაროდ, საქმეს თავი ვერც გიორგი დევდარიანმა გაართვა, რომელიც უნიჭიერესი მწვრთნელია, მაგრამ მას საქმიანობის თავისი სფერო აქვს და სწორედ იქ არის ძალიან წარმატებული.

- ამჟამინდელი გუნდითა და საქართველოს ჩემპიონატის დონის გათვალისწინებით, შეგვიძლია გვქონდეს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის იმედი?
- მჯერა, რომ ამის რეალური შანსი გვაქვს. საამისოდ თავს არ დავზოგავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე კიდევ ვიზრუნებთ.

"დინამო" ერთპიროვნული ლიდერია, უახლოეს მდევარს 4 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.

პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს. თუნდაც "ზუგდიდის" მაგალითი ავიღოთ, რომელიც "ზესტაფონთან" თავს იკლავს, "დინამოს" და "ტორპედოს" შეაკვდება და გორის "დილასთან" დიდი ანგარიშით აგებს.

Sportall.Ge
ბუბა ტყავაძე, რომან ფიფია და სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა

თუ ფეხბურთის ფედერაციამ ეს არ ან ვერ აღკვეთა და თუ ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ჩემპიონატს ატარებს, სამართლიანი თამაშის პრინციპები ვერ დაიცვა, "დინამო" რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს.

ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი "დილა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ისევე, როგორც ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე "ზუგდიდი", "სიონი" და სხვა გუნდები. სასურველია, მათ კერძო ინვესტორი ჰყავდეთ, მაგრამ თუ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თანაბარ პირობებში იყვნენ. სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა ეძლეოდეს ერთ გუნდს 3 მილიონი, მეორეს კი მხოლოდ 600 ათასი. ასეთი დისბალანსი არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. მაშინ ყველა 3 მილიონით დაფინანსდეს და ამით ჩემპიონატის დონეც ამაღლდება და გარიგებულ მატჩებზე საუბარიც ნაკლებად მოგვიწევს.

ფეხბურთელს მაქინაციებისთვის იჭერ, მერე უშვებ და საკუთარ კლუბში ასაქმებ - ყოველივე ამას განა რაიმე კომენტარი სჭირდება?

ძალიან კარგი თამაში გაიმართა ქუთაისში, სადაც "ტორპედოს" ვეთამაშეთ. სხვა საქმეა, დასანიშნი იყო თუ არა ჩვენს კარში პენალტი - ჩემი აზრით, არ იყო. ამას თავი გავანებოთ. მე მაინტერესებს - სად არის ლოგიკა იმაში, რომ ამ მატჩის მსაჯი ხეცაძე ბოლო ტურში და თასზე "დაასვენეს", ხოლო გვანცელაძემ, რომელმაც "დინამო"-"დილას" შეხვედრაში ჩვენი მეტოქის კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მომდევნო ტურში ჩვეულებრივად იმსაჯა.

მე ვინმეს დასჯის მომხრე კი არ ვარ, უბრალოდ, ასეთი ორმაგი სტანდარტები მაშფოთებს.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას "დილას" ჩემპიონობა უნდა?
- სამწუხაროდ, "დინამოს" აღორძინება და პროგრესი ზოგიერთებს აღიზიანებთ. ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მონაწილეობით საქართველოს ჩემპიონატისა თუ თასის მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

სამწუხაროდ, ამ პრობლემებზე ხშირად გვიწევს საუბარი ფედერაციაში, 12-თა საბჭოზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

- გარიგებული მატჩების რაოდენობის შემცირებას ჩემპიონატის ფორმატიც უნდა უწყობდეს ხელს...
- ექვსეულებად დაყოფას და მსგავს იდეებს იქნებ სჯობდეს ათგუნდიანი ჩემპიონატის ოთხ წრედ ჩატარება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება ფედერაციამ და თორმეტთა საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღონ.

- პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებული ლიგის შესახებ რა აზრის ხართ?
- მიმაჩნია, რომ კარგი აზრია. ვიცი, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციაშიც მიმდინარეობს მუშაობა მსგავსი მოდელის პროექტზე. ამ თემაზე ფედერაციას აქვს კონსულტაციები თორმეტთა საბჭოსთან და ვფიქრობ, ეს ქართული ფეხბურთის პროგრესს და პოპულარიზაციას ძალიან შეუწყობს ხელს.

- ბოლო დროს "დინამოს" აღზრდილი ახალგაზრდები ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩანან. რა არის ამის მიზეზი?
- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ისინი საამისოდ მზად არ არიან. ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგს შენიშვნის მიღება არ შეუძლია... თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში "დინამოს" მამოძრავებელი ძალა სწორედ მისი აღზრდილები იქნებიან. ჩვენი აკადემიის ეფექტური მუშაობა ამის დიდ რწმენას მიჩენს.

ლეგიონერების სიმრავლე ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის. დუშანს უკვე ვუთხარი, რომ უცხოელების რიცხვს ნელ-ნელა შევამცირებთ და ვურჩიე, უფრო აქტიურად დააკვირდეს ქართველ ახალგაზრდებს. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ევროთასებზე წარმატებას ჩამოყალიბებული ფეხბურთელი სჭირდება. ლეგიონერების ნაწილი სეზონის დასრულებისთანავე დაგვტოვებს, თუმცა ორი უცხოელის დამატებას მაინც ვგეგმავთ - გვინდა ერთი ფორვარდი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი.

- ჩისკოს მომავალი როგორი იქნება?
- შესაძლოა, დარჩეს. პირადად ჩემი სურვილია, რომ დარჩეს.

- ფედერაციამ რამდენიმე დღის წინათ გულშემატკივრებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მათ გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს...
- ჩვენ ამ საკითხზე 12-თა საბჭოში ვიმსჯელეთ. ფედერაციამ პროკურატურას მიმართა და ვფიქრობ, სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის გამოძიება და დადგენა იქნება შესაძლებელი.

გია ტუხაშვილი
ლევან ჯანეზაშვილი

რომან ფიფია: "დინამოს" აღორძინება და პროგრესი ზოგიერთებს აღიზიანებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე ბატონო რომან გენაცვალეთ ჯიგარში !!!
0
როგორ შეიძლება თქვა, რომ ქუთაისში პენალტი დასანიშნი არ იყო? და ამის მერე ისაუბრო სამართლიანობაზე, და იწუწუნო მსაჯებზე?
Georgi
10:14 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული