ვანო ხორგუაშვილი: კოკაიამ და ფიფიამ ბოდიში უნდა მოიხადონ

AutoSharing Option
ურთიერთბრალდებები, პირდაპირ თუ ირიბად დადანაშაულება მაქინაციებში - ქართულ კლუბებს შორის ასეთი რაღაცები ბოლო დროს გახშირდა.

რამდენიმე დღის წინ "ლელოში" "დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გორის "დილაზეც" (იხილეთ ვრცლად).

ამ ყოველივესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება "დილამაც" მოისურვა.

ჩვენი რესპონდენტი "დილას" სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი გახლავთ. ის 90-იან წლებში "დილას" თავდამსხმელი იყო, მცირე ხნით თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა. ერთი სიტყვით, საფეხბურთო სამყაროში მას ყველა იცნობს.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ხორგუაშვილი პასუხობს...

- ჯერ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა
ილია კოკაიამ გააკეთა თქვენი კლუბისთვის არასასიამოვნო განცხადება: "დილა" -"ზესტაფონის" შედეგი გაუქმდეს და გორის "დილას" ქმედებები პროკურატურამ გამოიძიოსო (იხილეთ ვრცლად). მერე კი "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ილაპარაკა "დილაზე". როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

- "დილამ" შარშან მოიგო საქართველოს თასი, რიგიანად ითამაშა ევროპალიგაზე, ახლაც მოწინავეთა შორისაა და ჩემპიონობისთვის იბრძვის - არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი არ სიამოვნებთ.

შარშან "დილა" ევროპალიგის ჯგუფში რომ ვერ მოხვდა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ "დინამომ" და "ზესტაფონმა" უარი თქვეს ჩვენი მატჩების გადატანაზე. არადა, "დილა" რომ ევროპალიგის ჯგუფში გასულიყო, ეს ხომ მთლიანად ქართული საკლუბო ფეხბურთის წარმატებაც იქნებოდა.

რაც შეეხება კონკრეტულად "ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადებას, შეგვიძლია ყველაფერი სამსჯავროზე გამოვიტანოთ - ნახოს ყველამ "დილა"-"ზესტაფონის" მატჩის ჩანაწერი, რომელიც 2:1 მოვიგეთ და მერე ვილაპარაკოთ.

დინამოელთა პრეზიდენტის ინტერვიუს რაც შეეხება, ამასწინანდელი "ტორპედო"-"დინამო" ერთხელაც ნახოს ყველამ და დასკვნები მერე გამოვიტანოთ.

მიგვაჩნია, რომ რადგან საფეხბურთო ოჯახი გვქვია, რაღაც საკითხების მოგვარება ჩვენ თვითონაც შეგვიძლია, მაგრამ თუ მაინცდამაინც პროკურატურა გახდება საჭირო, მზად ვართ სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვისაც.

- კონკრეტულად რას მოითხოვთ?
- მოვითხოვთ, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია დაისაჯოს იმ ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას აქვს შემუშავებული; დაჯარიმდეს და ბოდიშიც მოგვიხადოს. "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თუ გადაიხადა ჯარიმა მსაჯების მისამართით არაკორექტული განცხადების გამო, კოკაია ვინ არის, რომ პასუხი არ მოეთხოვოს?

- რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს? კოკაია და ფიფია არაფრის გამო ხომ არ გააკეთებდნენ განცხადებას?
- კოკაიას და ფიფიას ერთი რამ ამოძრავებთ - მათ საერთო ბიზნესი, საერთო ინტერესები აქვთ და გორის "დილას" მსგავსი გუნდის წარმატება ხელს არ აძლევთ.

- გორის "დილას" მსგავსი გუნდი - რას გულისხმობთ?
- ჩვენ ხომ საბიუჯეტო გუნდი ვართ და დაფინანსების წყაროც შესაბამისი გვაქვს.

- ფაქტია, რომ სახელმწიფო ეხმარება "დილას" და სხვა რეგიონების საფეხბურთო გუნდებს. კერძო კლუბებს კი სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, არანაირი დახმარება და წახალისება არ აქვთ...
- რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგი არ ვართ, რომ კერძო კლუბებს ხელშეწყობა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფიფიას და კოკაიას, შესაბამისად, რუსთავსა და ზესტაფონში, გადაეცათ მძლავრი ქარხნები და ეს არ არის დახმარება სახელმწიფოსგან? თუ "დილასაც" გადასცემენ ასეთ ქარხანას, ისიც თვითონ შეინახავს საკუთარ თავს.

- ამონარიდი ფიფიას ინტერვიუდან: "ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მონაწილეობით საქართველოს ჩემპიონატისა თუ თასის მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს". ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
- გორის "დილას" არანაირი კავშირი არ აქვს ტოტალიზატორებთან. ფიფიამ ბევრი რამ გააკეთა "დინამოსთვის" ინფრასტრუქტურის მხრივ, მაგრამ რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ასეთი შესაძლებლობების მქონე კლუბის გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს. "დინამოსთვის" სირცხვილია ის შედეგები, რაც ბოლო პერიოდში ჰქონდა და ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის არაეთიკური კამპანია, რაც "დინამოს" პრეზიდენტმა წამოიწყო ჩვენ მიმართ.

ტოტალიზატორებს რაც შეეხება, "დინამო"-"გურიას" სათასო მატჩიც იყო ამოღებული.

ჩვენ ერთ რამეს ვითხოვთ - ფიფიამ ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოიხადოს. "დინამოს" აღორძინება და პროგრესი კი ნამდვილად არ გვაღიზიანებს, "დინამო" ისეთი კლუბია, უკეთესი გუნდის ყოლას რომ იმსახურებს და ფიფიამ საკუთარი გუნდის მდგომარეობა იმას უნდა მოჰკითხოს, ვისაც უჯერებს.

ფიფიას ინტერვიუ, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა "ლელოში", ფიფიას ერთ-ერთი მრჩეველის აზრებს უფრო ჰგავს, ვიდრე თვითონ ფიფიას პოზიციას.

- "ფეხბურთელს მაქინაციებისთვის იჭერ, მერე უშვებ და საკუთარ კლუბში ასაქმებ - ყოველივე ამას განა რაიმე კომენტარი სჭირდება?" - ესეც ფიფიას ამ ინტერვიუდანაა ამოღებული და როგორ ფიქრობთ, ფიფია "დილას" ფეხბურთელ გიგა ბეჭვაიას გულისხმობდა?
- ამნისტირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, კაცს იმის მორალი უნდა ჰქონდეს, ადამიანს რომ აპატიებენ და ნდობას გამოუცხადებენ, მერე მას წარსული აღარ უნდა გაახსენოს.

- როცა კულუარებში "დილას" რეპუტაციაზე საუბრობენ, დასამალი არ უნდა იყოს, რომ მამუკა ჯუღელსაც ახსენებენ - ამაზე რას იტყოდით?
- ჯუღელი "დილას" დირექტორატის წევრი გახლდათ, იანვრიდან კი დატოვა ჩვენი კლუბი და მასთან ახლა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ქართველი ლეგიონერების ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება, მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ჩამოყვანა, ახალგაზრდა ფეხბურთელების - გვალიას, ილურიძის, გორელიშვილის - აღმოჩენა... ამდენად, ვფიქრობ, ჯუღელს ქართული ფეხბურთისთვის იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც მასზე აუგს ამბობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზუგდიდი" რომან ფიფიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გორის "დილა" "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე, ფიფია თუ ფინეთის ჩემპიონატიდან გამოძევებულ ძმებ ხორგუაშვილებზეც იტყოდა რამეს, რომელიც "დილაში" ახლახანს დაასაქმეს, ალბათ ბატონ ხორგუაშვილს უფრო გულიანი პასუხის გაცემა შეეძლებოდა. ეს ბიჭები ხომ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს იქ და ისე გამოუშვეს. ასე რომ, ფიფიას ბეჭვაიასთან ერთად ხორგუაშვილებიც უნდა ეხსენებინა.
versia
09:47 13-04-2013
0
წუმპეა ეს ქართული ფეხბურთი თავიან-ფეხებიანად.
დიდი წმენდაა ჩასატარებელი.
დუდუ
09:32 13-04-2013
0

სიახლეები პოპულარული