თემურ ლორია: ბაზა რომ გვქონდეს, შემოსავალიც გაგვიჩნდება

AutoSharing Option
თემურ ლორიას გაწვრთნილმა ლანჩხუთის "გურიამ" სასწაულები მოახდინა: ზესტაფონში გამართულ მერვედფინალის ორმატჩიან რაუნდში სენსაცია გამოაცხო და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" აჯობა (0:1, 3:2).

გურულები 1/4-ფინალშიც ახლოს იყვნენ მიზანთან. 0:0 დასრულებული პირველი საშინაო მატჩის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამოს" 82-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრეს, რაც ნახევარფინალში გასასვლელად ჰყოფნიდათ.

თუმცა მატჩის ბოლოს გიორგი ძაძამიას ბავშვურმა შეცდომამ საბოლოოდ ლანჩხუთელები თასიდან გამოაგდო (2:3), მაგრამ "გურიამ" სოლიდური და სასიამოვნო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

23 ტურის შემდეგ ლანჩხუთელები პირველი ლიგის A ჯგუფში 59 ქულით ლიდერობენ, უშუალო მდევარ "სასკოს" 6
ქულით უსწრებენ და უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის რეალური კანდიდატები არიან.

"დინამოსთან" დრამატული მატჩის შემდეგ "გურიას" მთავარ მწვრთნელს თემურ ლორიას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მიუხედავად წაგებისა, კარგი გუნდი ჩამოგიყალიბებიათ - "გურია" აზრიან, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს...
- ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ნორმალური სამუშაო პირობები გვაქვს და გუნდის შენებისა და საკმაოდ კარგი შემადგენლობის შეკრების საშუალება მოგვეცა.

- ანუ ფინანსური პრობლემები მოგვარებული გაქვთ?
- რაიონის ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას და პირველი ლიგის კვალობაზე, ყველა ფინანსურ პრობლემას გვიგვარებს. თანაც, ჩვენი რაიონის დეპუტატი "გურიას" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე თემურ ჩხაიძეა და ცხადია, ის გუნდს განსაკუთრებულად მზრუნველობს. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

- გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა: თოდუა, გოგობერიშვილი, შალამბერიძე, შენგელია, კაკალაძე, კვერენჩხილაძე, დარჩიძე, მაისაშვილი...
- შემადგენლობა მართლაც ამ ნიშნით დავაკომპლექტეთ, რადგან პირველი ლიგა სპეციფიკური ტურნირია და გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ამავე დროს, სათადარიგო სკამი გავზარდეთ.

- "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" თამამად ითამაშეთ...
- ვერ მოგატყუებთ, რომ თასის ასაღებად ვიბრძოდით. ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენი სურვილი იყო, ღირსეულად გვეთამაშა და მიხარია, ეს რომ შევძელით. რომ იცოდეთ, "დინამოსთან" პირველი მატჩიც კარგი სანახავი იყო და, მარცხის მიუხედავად, "ზესტაფონთან" პირველი დაპირისპირებაც.

- "დინამოსთან" მატჩის შემდეგ თქვენი გუნდის მეკარეს რა უთხარით?
- ძაძამია მომხდარს ისე განიცდიდა, რომ გასახდელში ყველა ერთად ვამშვიდებდით. ასეთი რამ მაღალი დონის მეკარეებსაც მოსვლიათ. უპირველესად, იმას დავუფასებ, რამდენიმე სახიფათო მომენტი რომ განმუხტა, ამ ერთი გოლით კი ხაზს არ გადავუსვამთ. პირიქით, გავამხნევებთ და გვერდში დავუდგებით.

ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანა უმაღლეს ლიგაში გადასვლაა და მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. მთავარია, მდევართან უპირატესობა შევინარჩუნოთ. უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად კი მნიშვნელოვანი მატჩები ჯერ კიდევ გველის.

- მდევარს საკმაოდ დიდი უპირატესობით უსწრებთ და გადასვლა ჯერ კიდევ გაეჭვებთ?
- შარშანაც ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ ბოლო მომენტში "ვიტ ჯორჯიასთან" დავმარცხდით. ასე რომ, თავი ქუდში მაშინ გვექნება, როდესაც უმაღლესში ადგილს ოფიციალურად გავიფორმებთ. პირველ ადგილზე ყოფნა და თასზე ნაჩვენები კარგი თამაში იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ დარჩენილ ტურებში კონცენტრაცია დავკარგოთ.

- "გურიას" უდიდესი პრობლემა იყო სტაბილური დაფინანსების წყაროს არარსებობა, რის გამოც კლუბი გავერანდა. ახლა რაიონი გეხმარებათ, მაგრამ მომდევნო სეზონებშიც ასე გაგრძელდება? საერთოდაც, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ ფინანსურად და ინფრასტრუქტურით?
- სტადიონზე საფარი ფეხბურთის ფედერაციამ დააგო და ის უმაღლესი ხარისხისაა. ტრიბუნის მშენებლობა რაიონს ევალებოდა. ერთ მხარეს მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ საკითხი გამგეობაში მალე მოგვარდება. ფედერაციამ საჩუქრად 3 ათასი ინდივიდუალური სკამი გადმოგვცა და მალე დავაგებთ. გარდა ამისა, უნდა მოწესრიგდეს გასახდელები, საშხაპეები, ლოჟები და ა.შ.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გამგეობა მუშაობს, უკრაინიდან სპონსორი რომ ჩამოიყვანოს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედია, უმაღლესში გადასვლის შემთხვევაში, ეს საკითხი მოგვარდება.

ამასთანავე, ლაპარაკია სახელმწიფო პროგრამის ეგიდით გუნდების დაფინანსებაზეც და იმედია, ეს "გურიასაც" შეეხება.

არის ლაპარაკი, რომ გუნდის ბალანსზე დაბრუნდეს გრიგოლეთის ბაზა. კლუბს ეს "ოქრო" რომ ჰქონდეს, მერე სპონსორის მოძებნა გაცილებით გაგვიადვილდებოდა.

- წლებია, ამ იმედით ხართ, მაგრამ საკითხს საშველი ვერა და ვერ დაადგა...
- იმედი მაქვს, საკითხს ახლა მაინც მოევლება, რადგან ჩვენმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ კარგად იცის, გუნდი და ბაზა განუყოფელი რომ იყო და ასე უნდა იყოს მომავალშიც. მერე ეს ბაზა, შესაძლოა, გუნდისთვის შემოსავლის წყარო გახდეს.

- თუ საიდუმლო არ არის, ახლა რამდენია "გურიას" ბიუჯეტი?
- 400 ათასი ლარი. ალბათ, უმაღლესში მეტი დაგვჭირდება და იმ მეტის მიღებასაც ვიმედოვნებთ, უმაღლეს ლიგას ღირსეულად რომ დავუბრუნდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]
გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული