საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
თასის ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვნენ და უკვე დაწყვილდნენ კიდეც, ჩემპიონატი კი გრძელდება და მთავარ შეკითხვებზე აქ პასუხი ჯერაც გასაცემია.

რასაკვირველია, ყველაზე დიდ ინტერესს საჩემპიონო რბოლა იწვევს. თბილისის "დინამო" გორის "დილას" ოთხქულიანი უპირატესობით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტური ლიდერს ვერ შეცვლის, სამაგიეროდ, სულაც არ არის გამორიცხული, ქულათა სხვაობა შეიცვალოს.

ძალიან ახლო წარსულში "ზესტაფონისა" და "დინამოს" ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ჩემპიონის ბედი ირკვეოდა, ახლა კი ტიტულისთვის მხოლოდ დედაქალაქელები იბრძვიან. ამ გარემოების მიუხედავად, ფეროელებს პრინციპულ მეტოქესთან მატჩისთვის მოტივაცია არ უნდა აკლდეთ.

მიმდინარე სეზონში "ზესტაფონმა"
შინ ერთხელ უკვე სძლია "დინამოს" და საინტერესოა, როგორ დასრულდება 14 აპრილს გასამართი შეხვედრა.

"დინამო" დღეს "ზესტაფონზე" უკეთესი გუნდია, მასპინძლებს კი ზურგს საკუთარი ტრიბუნები და ფსიქოლოგიური წნეხის არქონა გაუმაგრებთ.

საქართველოს თასიდან გავარდნის შემდეგ "ტორპედოსთვის" თითოეული ქულა კიდევ უფრო ფასეული ხდება. მესამე ადგილზე მყოფი იმერლები მეოთხეადგილოსან "ჩიხურას" ერთადერთი ქულით უსწრებენ და ბუნებრივია, ზუგდიდელთა ძლევა მართებთ.

ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, "ზუგდიდისთვის" ამ სეზონში დარჩენილი ყველა მატჩი სრული ფორმალობაა.

თასის მეოთხედფინალში "ჩიხურამ" "დილას" ორივე შეხვედრა მოუგო, რამაც იმის მოლოდინი გააჩინა, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გორელები საჩხერლებთან დაპირისპირებაში ექვს ქულას მოიპოვებენ. ვნახოთ...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I-VI ადგილები
Sportall.Ge

Sportall.Ge

* * *
"ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით აგრძელებს. ერთი შეხედვით, ვიტელები ფოთელებთან ბრძოლაში ფავორიტები არიან, მაგრამ პროგნოზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგანაც აუტსაიდერმა "კოლხეთმა" ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა მოაგროვა.

ამის მიუხედავად, ზღვისპირელებს უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი, პრაქტიკულად, აღარ აქვთ.

ნამდვილი "ექვსქულიანი" შეხვედრა გაიმართება "სიონსა" და "მერანს" შორის. თასის ნახევარფინალში გასულ ბოლნისელებს ჩემპიონატში საქმე მძიმედ აქვთ და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

თავის მხრივ, არც მარტვილელებს აქვთ თავი ქუდში. იმის მიუხედავად, რომ დღეისთვის მალხაზ ჟვანიას გუნდი ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზეა და გასავარდნ ზონას ხუთი ქულით უსწრებს, "მერანს" მოდუნების უფლება არ აქვს და მხოლოდ საშინაო წარმატებების იმედად ვერ იქნება.

უცნაურად და ალოგიკურად გვეჩვენება, "ტორპედოს" მცველ გიორგი ონიანის მძიმე ტრავმის შემდეგ ასეთი რანგის შეხვედრა კვლავ "ბასაზე" რომ იმართება...

ბათუმის "დინამო" სახიფათო ზონას მხოლოდ ერთი ქულით არის დაშორებული და შესაბამისად, "მეტალურგის" ძლევა სჭირდება.

გიორგი ყიფიანის გუნდმა წინა ტურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამართლიანი თამაშის მიმდევარია და მხოლოდ სათასო შეხვედრებზე არ ფიქრობს, ასე რომ, ამ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ორი მებრძოლი გუნდი წარდგება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII-XII ადგილები
Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია?! რუსთავის მეტალურგის თამაში ბათუმთან გარიგებულიაო?! ვითომ, თასზე ზღვისპირელებმა იოლად გაგატარეს, სამაგიოეროს კი დღეს რუსთავი გადაუხდისო??
dato
12:14 14-04-2013
0

სიახლეები პოპულარული