დუშან უჰრინი: სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ზესტაფონში გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის, მაგრამ უახლოეს მდევარ გორის "დილასთან" ოთხქულიანი უპირატესობის წყალობით დედაქალაქური კლუბი საჩემპიონო რბოლაში უმთავრესი ფავორიტია.

"დინამოს" ჩეხ თავკაცს დუშან უჰრინს, რომელიც "ლელომ" უმაღლესი ლიგის გასული ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მოხარული ვარ, რომ თქვენმა გაზეთმა ტურის მწვრთნელად მაღიარა. ეს ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ტაქტიკურად სწორად ჩაატარეს მატჩი და სასურველი შედეგიც მივიღეთ.

- როგორ შეაფასებთ "ზესტაფონთან" გამართულ შეხვედრას?
- რთული მეტოქე გვყავდა. ჩემი აზრით, "ზესტაფონი"
სატურნირო ცხრილში კუთვნილ ადგილზე არ არის, ეს გუნდი უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნას იმსახურებს.

"ზესტაფონი" კარგი გუნდია, გამართულად თამაშობს და მის წინააღმდეგ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დაგვეშვა. მჯეროდა, რომ გოლს გავიტანდით. "დილას" მატჩის შედეგიც ვიცოდით და ამის ფონზე გამარჯვება მით უფრო აუცილებელი იყო.

- რატომ ჩაატარა "დინამომ" "გურიასთან" სათასო მატჩი ასე არადამაჯერებლად?
- "გურიასთან" შემადგენლობა გადავახალისეთ. მინდა, რომ თამაშის შესაძლებლობა ყველას მიეცეს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დრამატული ფინალიც ამან განაპირობა. რეალური მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ სამართლიანად გავედით შემდეგ ეტაპზე.

"გურია" სიმპათიური გუნდია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მალე უმაღლეს ლიგაშიც ვიხილავთ.

- ზესტაფონში ჯაბა დვალი მხოლოდ შეცვლაზე თამაშით დაკმაყოფილდა...
- ჯაბამ "გურიასთან" შეუცვლელად ითამაშა, "ზესტაფონთან" კი ძირითადში ვერ მოხვდა და თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.

შემადგენლობის როტაცია ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არაფერია განსაკუთრებული. დვალი კარგი ფეხბურთელია, ბევრი გოლი გაიტანა და მომავალშიც ბევრს გაიტანს.

- როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონში დარჩენილ კალენდარს?
- ფაქტია, რომ ზედიზედ ოთხი გასვლითი მატჩის გამართვა გვიწევს - სამი ჩემპიონატში და ერთი თასზე. ჩემპიონატში ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი, სიმართლე გითხრათ, არც ერთ გუნდთან მუშაობის პერიოდში არ გამიმართავს. თუმცა რეალობა ასეთია და სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზესტაფონი-დინამო თბ 0:1 - "დინამომ" რევანში აიღო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული