ზესტაფონი-დილა 0:3 - "დილას" საოცარი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატში გორელები თბილისის "დინამოს" პირველობას ეცილებიან და მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, ამიტომაც აღნიშნულ შეხვედრას განსაკუთრებული მობილიზებით შეხვდნენ.

"დილამ" "ზესტაფონთან" მატჩში მაქსიმუმი გაიღო და მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

სტუმრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ზესტაფონიდან მეტად საჭირო სამი ქულა წაიღეს.

რაც შეეხება "ზესტაფონს", ბოლო პერიოდში კახა კაჭარავას გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურება, მათ ზედა ექვსეულში ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია და გულშემატკივრებიც განაწყენებული ჰყავს.

გუშინდელი ფიასკოს შემდეგ ზესტაფონური პუბლიკა მთავარი მწვრთნელის გადადგომას ითხოვდა, თუმცა კახა კაჭარავას მდგომარეობის გამოსწორების იმედი
აქვს და გუნდის დატოვებას არ აპირებს.

შეხვედრა გორელების აქტიურობით დაიწყო. სტუმრები ბევრს მოძრაობდნენ, მათი ნახევარმცველები ხშირად ცვლიდნენ ფლანგებსა თუ პოზიციებს და ამით ზესტაფონელთა რიგებში დაბნეულობის შეტანას ცდილობდნენ.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევაც გორელებმა განახორციელეს, თუმცა ლეონარდო რამოსის დარტყმის გაუვნებელჰყოფა როინ კვასხვაძეს არ გასჭირვებია.

საწყისი მღელვარების შემდეგ მასპინძლებმაც გამოასწორეს თამაში და გორელთა კარისკენ სახიფათო იერიშიც განახორციელეს.

მარჯვენა ფლანგზე ლევან კუტალიამ ითამაშა კარგად, მეურვეებს დაუსხლტა და საჯარიმოში ბოტი დემელის მისამართით ჩააწოდა, კოტდივუარელმა თავით ახლი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ააცილა.

დაახლოებით 25-ე წუთიდან კვლავ გორელები დაეუფლნენ უპირატესობას, ახლა მათ ფლანგები აამოქმედეს, განაპირა მცველები კახა ალადაშვილი და დავით კვირკველია ხშირად ერთვებოდნენ შეტევებში და მდგომარეობასაც ამწვავებდნენ.

აქტიური იყო ირაკლი მაისურაძეც, რომლის შორეულმა ძლიერმა დარტყმამ ადგილობრივი პუბლიკა საკმაოდ აანერვიულა.

ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი მეტად სახიფათო შეტევა განახორციელეს: კვირკველიას უძლიერესი დარტყმა კვასხვაძემ თავგანწირული ნახტომით მოიგერია, კუთხური ალადაშვილმა ჩააწოდა, ბურთი ერთ-ერთ ზესტაფონელ მცველს მოხვდა და მცველთაგან უყურადღებოდ მიტოვებულ ლეონარდო რამოსს მიუვიდა, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გორელთა ლეგიონერმა ახლო მანძილიდან სასწაულებრივად ააცილა.

სტუმართა აქტიურობამ ნაყოფი ტაიმის მიწურულს გამოიღო. ალადაშვილის ფლანგური შეტევისა და პასის შემდეგ ირაკლი მოდებაძემ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

კახა კაჭარავამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე თორნიკე გორგიაშვილის ნაცვლად მოედანზე თორნიკე აფციაური შეიყვანა.

გამოცდილი ნახევარმცველი აქტიურად ჩაერთო თამაშში, მისი ჩაწოდების შემდეგ ბოტი დემელი ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ სტუმართა მცველებმა მდგომარეობა დროულად განმუხტეს.

მალე ინიციატივა კვლავ ვალდას ივანაუსკასის გუნდის ხელში გადავიდა. გორელებმა ბურთი დაიჭირეს და მეტოქე ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნეს.

ბევრს მოძრაობდა და ძალიან ნაყოფიერი იყო გოგიტა გოგუა, რომლის შესანიშნავი გადაცემა ნათან ჟუნიორმა ასევე უნაკლოდ დააგვირგვინა, მან ნახტომში თავით გაიტანა და მასპინძლები ისევ დაამწუხრა.

მეორე გოლის შემდეგ გორელებმა თამაში დააწყნარეს და მეტოქეს შეტევების საშუალებაც მისცეს, თუმცა თავად მწვავე კონტრშეტევებს ავითარებდნენ და ზესტაფონელებს ასე ავიწროვებდნენ.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სტუმრებმა მესამე გოლიც გაიტანეს: ირაკლი მაისურაძის გამჭოლი გადაცემა ნათან ჟუნიორმა ერთი შეხებით დააგვირგვინა.

VideoSportall.Ge
19.04.13. ზესტაფონი - დილა 0:3


"ზესტაფონის" საშინელი თამაშის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები აღშფოთებას ვერ ფარავდნენ, მესამე გოლის შემდეგ მაყურებლებმა სტადიონიდან გასვლა დაიწყეს.

დარჩენილ დროში ივანაუსკასის გუნდს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა გიორგი კახელიშვილის ძლიერი "მოჭრილი" დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია...

მატჩის შემდეგ

ვალდას ივანაუსკასი: "ჩემპიონატს ინტრიგა რომ შეენარჩუნებინა, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო და საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

მოგებაცაა და მოგებაც, ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და მეტოქეს ლამაზ სტილში აჯობეს."


კახა კაჭარავა: "მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა... გულშემატკივართა უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ, როცა გუნდში 12 ახალი ფეხბურთელია, მათი შეთამაშება დროს მოითხოვს.

წლეულს ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო და ეს შევძელით, გუნდის შენება რთული პროცესია და ასეთ ჩავარდნებს ველოდით კიდეც. სამომავლოდ, გუნდში ბევრი რამ შეიცვლება."


ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 1000 მაყურებელი
ზესტაფონი-დილა 0:3
0:1 მოდებაძე (42. ალადაშვილის პასით), 0:2 ნათან ჟუნიორი (54. გოგუას პასით), ნათან ჟუნიორი (79. მაისურაძის პასით)
გაფრთხილება: ალადაშვილი (59)
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თორ. გრიგალაშვილი, იელიჩი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, გორგიაშვილი, კუტალია, ბაბუნაშვილი, პეტკოვი, ენდელაძე, ბოტი დემელი
მწვრთნელი: კ. კაჭარავა

შეცვლები: გორგიაშვილი- აფციაური (46), ენდელაძე- კვერნაძე (56), კუტალია- რაჟამაშვილი (76)
სათადარიგოები: მეშველიანი, ბენაშვილი, შარიქაძე, სამუშია

დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, ლეონარდო, ი. მაისურაძე, გვალია, გოგუა, ნათან ჟუნიორი, მოდებაძე
მწვრთნელი: ვ. ივანაუსკასი

შეცვლები: მოდებაძე- არზიანი (77), ალადაშვილი- ბეჭვაია (82), გოგუა- კახელიშვილი (83)
სათადარიგოები: მამალაძე, თოთაძე, ჯიშკარიანი, აბურჯანია

ასევე იხილეთ ტურის სხვა მატჩები:
ჩიხურა-ტორპედო 1:1 - თამაში ბრწყინვალე, ფრე ლოგიკური [VIDEO]
ზუგდიდი-დინამო (თბ) 0:2 - სტუმართა დამსახურებული მოგება [VIDEO]

სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე
დინამო (ბთ)-მერანი 6:0 - ქობულეთური კომპლექ(ვ)სი


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილაოოოოოოო ჰეეეეეეეეეე ულოცავ ამ ლამაზ გამაჯვებას.
bibo
14:54 20-04-2013
0
დილაა ჩემპიოოო :!
nodiko
20:31 22-04-2013
0

სიახლეები პოპულარული