სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე [VIDEO]

AutoSharing Option
"სიონი" ბოლო დროს თითქოს აღმავლობის გზაზე იდგა - საქართველოს თასის მეოთხედფინალიდან ქუთაისის "ტორპედო" გააგდო, რის შემდეგაც უმაღლეს ლიგაში მარტვილის "მერანს" სძლია.

ყოველივე ზემოთქმულმა და "ვიტ ჯორჯიას" ბოლოდროინდელმა უფერულმა ასპარეზობამ წყვილის ფავორიტად ბოლნისელები აქცია, მაგრამ "ბასაზე" სულ სხვაგვარი შინაარსისა და შედეგის მატჩი ვიხილეთ.

0:3 ის ანგარიშია, რომელიც გამარჯვებულის თაობაზე კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. "ვიტ ჯორჯიამ" შეხვედრა მართლაც ჩაატარა მეტოქეზე მთელი თავით უკეთ და სრულიად სამართლიანადაც მიითვალა სამი ქულა.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წელს ვეტერინართა მიერ მოგებული პირველი ოფიციალური შეხვედრაა.

სწრაფმა გოლმა
სტუმართა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა - მე-6 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ოთარ ჯავაშვილმა მოჭრილი დარტყმით დალაშქრა ქვემოქართლელთა კარი.

ვერ ვიტყვით, რომ არმაზ ჯელაძის გუნდს სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებისთვის არაფერი გაუკეთებია.

ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში კოკა მიკუჩაძეს ოდნავ უმტყუნა მიზანმა - ბურთი მეტოქის კარის ბადეს გარედან გაარტყა. ამას ვიტელი გურამ გურეშიძის დარტყმა მოჰყვა, რომელიც "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია.

ყველაზე საინტერესო ამბები პირველი ტაიმის მიწურულს განვითარდა. 45-ე წუთზე გიორგი კორიფაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს გურამ ადამაძის ზუსტი თავური მოჰყვა, ორ წუთში კი ბობღიაშვილის მიერ მოგერიებული ბურთი გიორგი ვასაძეს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში "სიონმა" თამაშის გადასარჩენად ბევრი ვერაფერი მოიმოქმედა. ზურაბ ბერიძის გუნდმა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვა და საქმე სასურველ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

VideoSportall.Ge
19.04.13. სიონი - ვიტ ჯორჯია 0:3


"სიონი" გასავარდნ ზონაში მოექცა, მაგრამ ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში ისეთი დაძაბული კონკურენციაა, ვითარება კიდევ შეიძლება შეიცვალოს. უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი "სიონსაც" აქვს და "ვიტ ჯორჯიასაც", თუმცა გამორიცხული არ არის, ძალთა გადანაწილებაში ამ მატჩის შედეგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

19.04. თბილისი. ბასა. 300 მაყურებელი
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3
0:1 ჯავაშვილი (6), 0:2 ადამაძე (45. კორიფაძის პასით), 0:3 ვასაძე (45+2)
გაფრთხილება: ჯანელიძე (27), მჭედლიშვილი (49), ქემოკლიძე (58), ჯავაშვილი (66), უბილავა (77)
გაძევება: მჭედლიშვილი (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა

სიონი: ბობღიაშვილი, უგრეხელიძე, სვანიძე, ქემოკლიძე, ორბელაძე, საპირი, ჩივაძე, კლიმიაშვილი, ელიავა, მიკუჩაძე, ახალაია
მწვრთნელი: ა. ჯელაძე

შეცვლები: კლიმიაშვილი - ლექვთაძე (24), ჩივაძე - ცხადაია (61), ორბელაძე - ბიბილეიშვილი (74)
სათადარიგოები: მერლანი, ჯოჯუა, მანწკავა, ჰაიდუჩეკი

ვიტ ჯორჯია: ნ. დაუშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე, ადამაძე, უბილავა, ვასაძე, გურეშიძე, კორიფაძე, ჯავაშვილი, ჯანელიძე, კუხალეიშვილი, მწვრთნელი, ზ. ბერიძე

შეცვლები: კუხალეიშვილი - ე. ლობჯანიძე (71), ჯავაშვილი - სოფრომაძე (75), ჯანელიძე - დავლაშელიძე (84)
სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, იაშვილი, ღიბრაძე

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული