ზურაბ ბერიძე: "სიონთან" გამარჯვებამ ჩემი გუნდი უკეთესობისკენ შეცვალა

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გასული ტურის ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაფიქსირდა, სადაც "ვიტ ჯორჯიამ" ბოლნისის "სიონი" 3:0 გაანადგურა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

თუმცა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვეტერინარებს წინ დიდი ბრძოლები ელით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს "ვიტ ჯორჯიამ" პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო.

"ლელოს" რესპონდენტი ვიტელთა თავკაცი ზურაბ ბერიძეა, რომელიც ჩვენმა გაზეთმა გასული ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

- რის ხარჯზე შეძლო "ვიტ ჯორჯიამ" ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება?
- უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი შრომის დაფასებისთვის. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემი ორი
ფეხბურთელი "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდით. ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმულია.

რაც შეეხება "სიონთან" მატჩს, ვიცოდით, რომ საქმე სერიოზულ მეტოქესთან გვქონდა, მაგრამ უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო - მორიგი წარუმატებლობით უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებს კიდევ უფრო შევიმცირებდით.

შევეცადე, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ჩემი ფეხბურთელებისთვის კარგად განმემარტა, რაც შევძელი კიდეც. გუნდმა არა მხოლოდ თავგანწირვითა და ჟინით, არამედ გააზრებულადაც ითამაშა. დამეთანხმებით, მეტოქეს დამაჯერებლად ვაჯობეთ.

- "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელად სულ ახლახან დაბრუნდით. მოასწარით გუნდში რაიმეს შეცვლა?
- დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ეს შეუძლებელია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, გუნდს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაში დავეხმარო.

დიდი იმედი გვაქვს, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენას შევძლებთ. გარდა იმისა, რომ "სიონთან" ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ, ამ გამარჯვებით ბიჭებმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს, ბოლნისელებთან გამარჯვებამ ჩემი გუნდი უკეთესობისკენ შეცვალა.

- სეზონის ბოლომდე საკმაოდ რთული შეხვედრები გელით.
- გეთანხმებით, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ. შევეცდებით, კონკურენტებთან სამართლიან ბრძოლაში დავამტკიცოთ, რომ უძლიერესთა შორის ასპარეზობის ღირსნი ვართ.

- ქართულ-აზერბაიჯანულ ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- მიმაჩნია, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ლიგის იდეა აბსურდია. ეს უფრო პიარს მაგონებს, ვიდრე რეალობაზე დაფუძნებულ მსჯელობას. მგონია, რომ ჩვენთან გაერთიანება აზერბაიჯანელებს უფრო აძლევთ ხელს და ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მათი ფეხბურთის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ის იქნება, ჩვენმა სახელმწიფომ უმაღლესი ლიგის კლუბები თანაბრად დააფინანსოს და საქართველოს ჩემპიონატის დონე ამ გზით ავამაღლოთ.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული